სტატიები

14:08 | 29.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნელსონ ვალდესი - კაცი, რომელსაც ფეხბურთმა ჩააცვა

ამბობენ, კარგი ფეხბურთელი ვერ გამოხვალ, თუ ბავშვობაში ბურთთან ერთად არ გძინავსო. პარაგვაელ ნელსონ ვალდესს ბავშვობაში ბურთი არც ჰქონია, რომ თამაშით დაღლილს ძილის წინ ჩაეხუტებინა. სამაგიეროდ მას მოედანზე ეძინა. უბრალოდ სხვაგან არსად წაესვლებოდა და ამიტომ.

ვალდესი განვითარებად ქვეყანა პარაგვაის უღატაკესი ფენიდან გამოსული ფეხბურთელია. დაიბადა და 15 წლამდე იზრდებოდა მიყრუებულ სოფელ სან ხოაკინში. იმ ხუხულას, რომელშიც მისი ოჯახი ცხოვრობდა, ძნელად დაარქმევ სახლს. 15 წლისას ძალიან გაუმართლა, როდესაც არაფრით გამორჩეულ კლუბ “ატლეტიკო ტემბეტარის” ახალგაზრდულ გუნდში მიიღეს. სახლიდან სამდენიმე საათის სავალი იყო, ოჯახი ვერაფრით ეხმარებოდა და კლუბი კვირაში 20 დოლარამდე თანხას აძლევდა, ეს კი მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინას, ამ ცნებას ვალდესისთვის ოცნების სახე ჰქონდა. ეძინა სავარჯიშო მინდვრის პირას მუყაოს ყუთებში და ასეთი ყოფა რამდენიმე დღე ან კვირა კი არა, ორი წელიწადი გაგრძელდა.
როგორც ახალა იხსენებს, “ატლეტიკოში” მასზე ნიჭიერი ბიჭებიც თამაშობდნენ, მაგრამ ყველასთვის იმდენად თვალსაჩინო იყო ნელსინიოს შემართება და შრომისმოყვარეობა, რომ არავის გაკვირვებია, 17 წლისას ზრდასრული მოთამაშის კონტრაქტი რომ გაუფორმეს. ვალდესმა შეძლო პატარა ოთახი ექირავებინა და საკუთარი ტანსაცმელი ეყიდა და ეს იყო უკეთესი ცხოვრების მხოლოდ დასაწყისი. ერთი წლის შემდეგ ის უკვე თვითმფრინავში იჯდა და ბრემენში მიფრინავდა, სადაც მან საბოლოოდ ჩამოირეცხა სიღარიბე. “გერმანიაში ჩასვლისას პირველი შეგრძნებები გუნშინდელი დღესავით ცხადად მახსოვს - ყვება ვალდესი - ზამთარი იყო და ყინავდა. ეს იყო ნამდვილი შოკი. ცხოვრებაში ასე არ შემცივებია. რაც მქონდა, ყველაფერი ჩავიცვი, მაგრამ მაინც ლამის მოვკვდი, ისე ვიყინებოდი. მაგრამ მაშინაც და იმ მძიმე დღეებშიც, როდესაც საშინლად მენატრებოდა მშობლიური გარემო, უდიდეს ძალას მაძლევდა ბავშვობაში გადატანილი მძიმე ყოფის გახსენება. დღეს მე ყველაფრით უზრუნველყოფილი კაცი ვარ, ფეხბურთმა მომცა ყველაფერი, რათა იმ მძიმე ცხოვრებიდან ამოვსულიყავი და ჩემი ოჯახი ამომეყვანა. ალბათ დღეს ბედნიერი კაცი მეთქმის, მაგრამ ბავშვობასაც არ ვიხსენებ ცუდად. სიღარიბე იყო უდიდესი გამოცდილება და წინსვლის სტიმული. თანაც ძველის გახსენება საშუალებას მაძლევს, ახლის სიკეთეები ორმაგად მკაფიოდ შევიგრძნო და ვისიამოვნო ყოველი წუთით.”
დღესდღეოვით ნელსონ ვალდესი დორტმუნდის “ბორუსიაში” თამაშობს და წელიწადში შვიდნიშნა ოდენობის ხელფასს იღებს. ახლა კი ის სამხრეთ აფრიკაშია და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში იაპონიასთან სათამაშოდ ემზადება. მისი ქვეყნის ნაკრები ფავორიტად მოიაზრება. მოიგებენ? “არ ვიცი - ამბობს ვალდესი - მთავარია, ფეხბურთი ითამაშო ისე, რომ ყოველი მატჩის ნაწილი იყო და ყველაფერი მოედანზე დატოვო. ფეხბურთი ჩემგან ამას მოითხოვს, რათა მერე სხვა ყველაფერი მომცეს.”
 
ირაკლი ფირაშვილი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091036