ძიუდო

23:50 | 28.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარი ჩემპიონატი ვიდეო-გარჩევებში გაილია

დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი სანახევროდ ჩაჭიდავდა – ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები პირველ-ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა ახალი გუნდის უმთავრესი კანდიდატები შეარჩია. უფრო ზუსტად კი, ფინალისტებმა თავად გაინაღდეს ნაკრების კანდიდატობა.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყო და იმის მიუხედავად, რომ სამმა ტატამმა შესვენების გარეშე, სრული დატვირთვით იმუშავა, 4 წონის ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენას თითქმის 7 საათი დასჭირდა. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი იძულებითი პაუზების სიმრავლე გახდა. მსაჯების დაბნეულობისა თუ გაურკვეველი გადაწყვეტილებების გამო ჩემპიონატის მთავარ მსაჯს, ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს უამრავჯერ დასჭირდათ საკამათო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერების ნახვა და საბოლოო განაჩენის გამოტანა. რამდენიმეჯერ ისეც მოხდა, შეხვედრები სამივე ტატამზე შეჩერდა და სამივეს შუამავალი მსაჯი ვიდეოკამერის რიგში ჩადგა. არც გაწევ-გამოწევის და გინების ნაკლებობა ყოფილა.
ერთხელ კი სულაც, დასკვნის გამომტანთა აზრიც ორად გაიყო - 60 კილოგრამში, შმაგი ლაგაზაურისა და გიორგი ბროლაშვილის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. ოქროს დროის მიწურულს ლაგაზაურმა მოწინააღმდეგე ბეჭებზე დასცა, მაგრამ ილეთი ბროლაშვილმა გააგრძელა და... დაახლოებით თხუთმეტწუთიანი სჯა-ბაასის შემდეგ გამარჯვებულად ბროლაშვილი გამოცხადდა. თუმცა, ქართულ ძიუდოში მოტრიალე ცნობილი სახეები საერთო აზრზე ვერც ვიდეოჩანაწერის არაერთგზის დატრიალების შემდეგაც კი ვერ შეთანხმდნენ. ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ლაგაზაური მომგებიანი გდების შემდეგ უბრალოდ ინერციით თავად გადაგორდა, მეორეთა აზრით, ბროლაშვილმა ილეთი კი გააგრძელა, მაგრამ ვერ დააგვირგვინა და შესაფასებელიც არაფერი იყო. საბოლოოდ მესამეთა ვერსიამ გაიმარჯვა.
“საქართველოს ჩემპიონობა ნაკრებში დამკვიდრების გარანტია არაა. ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლას ფინალისტები გააგრძელებენ” – ერთხელაც გაიმეორა “მსოფლიო სპორტისთვის” გაკეთებულ კომენტარში სოსო ლიპარტელიანმა და პირდაპირ მიგვანიშნა, ლაგაზაურისა და ბროლაშვილის დღევანდელი შედეგი ბევრსაც არაფერს წყვეტსო.
60 კილოგრამში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე თორნიკე თათარაშვილი და გიორგი კაცია ავიდნენ. ცნობისთვის, ოქრო-ვერცხლის გზა ორივე მათგანს ლაგაზაურმა გადაუღობა.
უმსუბუქეს წონაში - 55 კილოგრამში შიდაქართლური ფინალი შედგა. ოთარ კაიდარაშვილმა ლაშა გიუნაშვილს შეხვედრის მიწურულს შესრულებული იუკოთი აჯობა. ბრინჯაოს მედლები ლუხუმ ჩხვიმიანმა და ვახტანგ ჩიდრაშვილმა მოიპოვეს.
შიდა ქართლის წარმომადგენელი გაჩემპიონდა 66 კილოგრამშიც. ლაშა ლომიძემ დაძაბულ ბრძოლაში სამცხე-ჯავახეთის გუნდის წევრ ფრიდონ გიგანს სძლია. სამეული ლაშა შავდათუაშვილმა და გიორგი ჭელიძემ შეავსეს.
ყველაზე იოლი გამარჯვება ფინალში ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) იზეიმა. იქამდე ბრწყინვალედ მოჭიდავე ბეთქილ აფრასიძეს უპრობლემოდ გაუსწორდა და საერთოდაც, ყველა მოწინააღმდეგეს ერთი თავით აჯობა. მათ შორის ერთ-ერთ ფავორიტთაგანს, ზვიად კაპანაძესაც. გამორჩეულად იჭიდავა ანზორ ხმიადაშვილმაც. საჩემპიონო ბრძოლას იგი ნახევარფინალში გამოეთიშა. აფრასიძეს ვაზარით უგებდა და წამიერი მოდუნება წაგებად დაუჯდა. საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მიხეილ ჩოხელთან ერთად.
73 კილოგრამში ახალგაზრდული ნაკრების გამოცდილმა წევრმა ლაშა ზურაბიანმა ჩემპიონატს გვერდიდან მიადევნა თვალი. სოსო ლიპარტელიანმა მას ავადმყოფობის გამო დასვენების ნება დართო. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობაში მოსახვედრად ამ წონაში 3 კანდიდატი იბრძოლებს.
ხვალ მედლები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. წინასწარი შეხვედრები ისევ 11 საათზე დაიწყება.

 
55 კგ.
1 ოთარ კაიდარაშვილი (შიდა ქართლი)
2 ლაშა გიუნაშვილი (შიდა ქართლი)
3 ვახტანგ ჩიდრაშვილი (კახეთი)
3 ლუხუმ ჩხვიმიანი (სამეგრელო-ზ.სვანეთი)
 
60 კგ.
1 გიორგი ბროლაშვილი (თბილისი)
2 შმაგი ლაგაზაური (კახეთი)
3 თორნიკე თათარაშვილი (მცხეთა)
3 გიორგი კაცია (სამეგრელო-ზ.სვანეთი)
 
66 კგ.
1 ლაშა ლომიძე (შიდა ქართლი)
2 ფრიდონ გიგანი (სამცხე ჯავახეთი)
3 ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)
3 გიორგი ჭელიძე (რაჭა ლეჩხუმი)
 
73 კგ.
1 ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი)
2 ბეთქილ აფრასიძე (თბილისი)
3 ანზორ ხმიადაშვილი (შიდა ქართლი)
3 მიხეილ ჩოხელი (კახეთი)
 
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095209