ჭადრაკი

0:45 | 22.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნანას მიზანი ნათელია – პირველი ან მეორე

დღეიდან ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სტარტს  ფიდე-ს ქალთა გრან-პრის გათამაშების ბოლო მე-6 ეტაპი აიღებს, რომელიც ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს – ყატარში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ნანა ძაგნიძე (რეიტინგი 2550) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ უკვე იასპარეზა სამ ეტაპზე და პირველი, მეორე და მესამე ადგილების დაკავების ხარჯზე, თავი 390 ქულას მოუყარა. ნანა საერთო ჩათვლაში მხოლოდ ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ იიფან ჰოუს (410 ქულა) ჩამორჩება, მის უკან მოსატოვებლად კი დოჰაში პირველი ან მეორე პოზიციის დაკავება სჭირდება.
ყატარულ ტურნირზე ძაგნიძის გარდა, მაია ჩიბურდანიძეც ითამაშებს, დანარჩენ მონაწილეთა ნუსხა კი ასე გამოიყურება: ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი 2546), პია კრამლინგი (შვედეთი 2516), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489), ჩენ ჟუ (ყატარი, 2495), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454). იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484), ბათხუიაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2475), მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2363).
ცნობისთვის, დოჰაში გამგზავრების წინ, ნანა ძაგნიძემ გიბრალტარის საჭადრაკო ფესტივალზე ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, რის შემდეგაც ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსში 10-დღიანი მომზადება გაიარა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქართველ მოჭადრაკეს ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი, საერთაშორისო დიდოსტატი, ადრიან მიხალჩიშინი ეხმარებოდა, რომელიც დოჰას ტურნირის მსვლელობის დროსაც ნანას გვერდით იქნება.
გრან-პრის დასკვნითი ეტაპი წრიული სისტემით, 11 ტურად წარიმართება, მისი სააპელაციო კომიტეტის თამჯდომარე კი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილია. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ყატარში ჩასვლის შემდეგ, აღნიშნული კომიტეტის წევრებად მაია ჩაიბურდანიძე და ეკვადორელი მარტა ფიერო ბაკერო აირჩიეს.
დოჰაში უკვე შედგა კენჭისყრა, რომლის თანახმადაც, პირველ ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით, ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე ინდოელ ჰუმპი კონერუს ეთამაშება, ხოლო ჩიბურდანიძე თეთრებით მონღოლ ბატხუაიგ მუნგუნტაალს დაუპირისპირდება.
დასასრულ დავძენთ, რომ ფიდე-ს გრან-პრის თითოეული ეტაპის გამარჯვებული 6 500 ევროს იღებს, ხოლო ჯამურად საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკეს დამატებით 15 ათას ევროს გადასცემენ. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იიფან ჰოუსთან ჭიდილი მიმდინარე წლის მიწურულს გახლავთ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097752