ლონდონში მიმდინარე ტურნირის ფინალი დავიდ ნალბანდიანის არასპორტული საქციელის გამო შეწყდა. არგენტინელმა საკუთარი მოწოდების წაგების შემდეგ ემოცია ვერ მოთოკა და სარეკლამო დაფას გამეტებით ფეხი ჩასცხო. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, დაფა ნაწილებად დაიშალა, ერთ-ერთი მათგანი კი ახლოს მჯდომ ხაზის არბიტრს ფეხში მოხვდა და სერიოზული ტრავმაც მიაყენა. კორტზე სუპერვაიზერი გავიდა, ხაზის არბიტრის გასისხლიანებული ფეხის ხილვის შემდეგ კი არგენტინელ ჩოგბურთელს დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
ლონდონის ტურნირის გამარჯვებულად ხორვატი ფინალისტი მარინ ჩილიჩი გამოცხადდა. მატჩის შეწყვეტის მომენტში ანგარიში 7:6, 3:4 გახლდათ. ჩილიჩმა სეზონში პირველი, კარიერის განმავლობაში კი მეშვიდე ტიტული მოიგო.
მოგვიანებით დავიდ ნალბანდიანმა არბიტრს მოუბოდიშა და მომხდართან დაკავშირებით სინანული გამოთქვა: “ხანდახან კორტზე ნეგატიური ემოცია ჭარბობს და მისი გაკონტროლება რთულია. ჩემი აზრით, სუპერვაიზერმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ფინალი შეწყვიტა”. ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ნალბანდიანი ფინალში გასვლისთვის კუთვნილ საპრიზო თანხასაც ვერ მიიღებს.







