სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) დააკმაყოფილა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის (UCI) აპელაცია და ესპანელ ველომრბოლელ ალბერტო კონტადორს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. “ტურ დე ფრანსის” სამგზის გამარჯვებულ პირენელს 2010 წლის ზაფხულში სისხლში აკრძალული პრეპარატის, კლენბუტეროლის კვალი აღმოუჩინეს. ამის გამო, ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ კონტადორი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მაგრამ, შემდეგ ეს სასჯელი საერთოდაც გააუქმა. თუმცა, მოგვიანებით საქმე უფრო მაღალ ინსტანციაში გაირჩა და ალბერტოც მკაცრად დაისაჯა – გარდა დისკვალიფიკაციისა, კონტადორს “ტურ დე ფრანს2010-ის და “ჯირო დ’იტალია2011”-ის საჩემპიონო წოდებები ჩამოართვეს. თანაც, ესპანელი ველომრბოლელი ჯარიმის სახით 2 მილიონ 500 ათას ევროს გადაიხდის.
თანამემამულეს მხარდაჭერა აღუთქვა რაფა ნადალმა. მან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მეტისმეტად მკაცრად მიიჩნია და განაცხადა, კონტადორი მხოლოდ ფინანსური სანქციის დაკისრებას იმსახურებდაო. “გამაგრდი, ჩემპიონო, შენ გვერდით მიგულე”, - ამგვარი სიტყვებით მიმართა რაფა ნადალმა ალბერტო კონტადორს.
ამასობაში ცივმა ამინდმა ესპანეთსაც შეუტია და სუსხისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად რაფას ვარჯიში მიაჩნია. ავსტრალიის გასული ღია პირველობის ფინალისტი 16 წლის თანამემამულე ალბერტო ალკარასთან ერთად გადის საწვრთნელ პროცესს და ხუმრობით ამბობს, გათბობის საუკეთესო საშუალება ინტენსიური ვარჯიშიაო. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის მიწურულს დევისის თასის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ტიტულის დაცვას ყაზახეთთან დაიწყებს, რაფამ კი შარშანდელი ტრიუმფის (ფინალში პირენელებმა არგენტინას სძლიეს) შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.







