სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებული ზაფხულის ბაშო სენსაციით გაიხსნა. ერთადერთმა იოკოძუნა ჰაკუჰომ პირველივე დღეს 33 წლის ვეტერან ამინიშიკისთან წაიფორხილა და იაპონელ კომუსუბისთან ოშიდაშით წააგო.
აღშანიშნავია, რომ მონღოლ ჩემპიონს სასტარტო მარცხი ბოლოს 2008 წლის ნოემბერში ჰქონდა განცდილი და ბედის ირონიით, მაშინაც – ამინიშიკისთან. “თეთრმა ფენიქსმა” ტრადიციულად ლაღად დაიწყო და მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია, თუმცა, გეგმისამებრ იაპონელის მავაშის ხელში მოგდება ვერა მოახერხა, მეტოქის გვერდული მოძრაობის შემდეგ კი, წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ფეხი დოჰიოს შემომსაზღვრელი კანტის (ტავარას) მიღმა გადადგა.
თუკი იოკოძუნამ თავი ვერაფრით გამოიჩინა, მაისის ბაშოს სტარტზე გამარჯვება იზეიმა ექვსივე ოძეკიმ. მათგან ერთ-ერთი კაკურიუ დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს დაუპირისპირდა და შიტატენაგეთი იმარჯვა. მონღოლმა სეკიტორმა, რომელიც ოძეკის რანგში სადებიუტო შერკინებას ატარებდა, 200-კილოგრამიანი ქართველის მავაში მარცხენა ხელით მოიხელთა და გამარჯვების მომტანი ილეთის განხორციელება არ გასჭირვებია.
გაგამარუსგან განსხვავებით, ტურნირი წარმატებულად დაიწყო ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. ორმხრივ მარცხენამხრიან დგომა ჰიდარე-უვატეს დროს, ქართველმა გოლიათმა 37 წლის ვეტერანი კიოკუტენჰო იორიკირით დაჯაბნა, თუმცა კი, ამ მოგებას საკმაო ენერგია შეალია.
ნაცუ ბაშოს მე-2 დღეს გაგამარუ კიდევ ერთ ოძეკ ჰარუმაფუჯის შეერკინება, რომელთანაც ორივე გასული შეხვედრა წაგებული აქვს, ხოლო ტოჩინოშინი, რომელიც ტოკიოს ტურნირს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მასპინძელ ჩიოტაირიუს გაეჯიბრება.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში პირველი მოგება იზეიმა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ. კოკაიმ ბოლო ბაშოები წარუმატებლად ჩაატარა და თუკი დადებითი ბალანსს (კაჩი-კოში) ამჯერადაც ვერ შესწვდა, კიდევ უფრო დაბალ დონეზე აღმოჩენა არ ასცდება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა, რასაც “შავი ზღვის” მიერ საწყის შერკინებაში ნაჩვენები ასპარეზობა გვაძლევს. ძურიოში მე-11 განთესვის მქონე კოკაიმ მე-12 ნომერი მასაკაძე ოშიტაოშით დაამარცხა, მისი მომდევნო მეტოქე კი იაპონელი ბუშუიამა (მე-8) იქნება.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gnbCZmYIGFE#!







