მოლოდინისამებრ, ძალიან საინტერესო გამოდგა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის საროლანგარო ნახევარფინალი. სამი საათისა და 39 წუთის განმავლობაში, მოწინააღმდეგეები მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ, შვეიცარიელმა დიდოსტატმა კი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩოგბურთის უზადო მოთამაშეა და ხუთ ივნისს, თავის მეჩვიდმეტე სადიდსლემო ტიტულს რაფა ნადალს შეეცილება.
დრამატულ მატჩში 6:7 (5:7), 3:6, 6:3, 6:7 (5:7) წაგებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს გული კი დასწყვიტა, მაგრამ სერბი წლეულს ძალიან კარგად თამაშობს და მომდევნო ტურნირებშიც გამარჯვების რეალური პრეტენდენტი იქნება. ფედერერმა კი ჯოკოვიჩის მიჯრით მოგებათა მწკრივი 43-ზე შეაჩერა. “ღია ეპოქაში” (1968 წლიდან მოყოლებული) ნოვაკზე კარგი მაჩვენებელი მხოლოდ არგენტინელ გილერმო ვილასს და ჩეხ ივან ლენდლს აქვთ. პირველმა, 1977 წლის ივლის-სექტემბერში, მიჯრით 46 მატჩი მოიგო, ლენდლმა კი 1981-ის სექტემბრიდან მომდევნო წლის თებერვლამდე ორმოცდაოთხ შეხვედრაში იმარჯვა.
და კიდევ ერთი. თუკი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ფედერერმა ნადალის დამარცხება მოახერხა, ჯოკოვიჩი მსოფლიოს რეიტინგში პირველ საფეხურზე აინაცვლებს. ასე რომ, ხუთ ივნისს “ნოლე” “მხიარულ როჯერს” უგულშემატკივრებს...







