საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელმა ჩემპიონმა, ჩინელმა ნა ლიმ წლეულს პირველი ტიტული გასულ ორშაბათს, ცინცინატის “მასტერზ1000”-ის შეჯიბრებაზე მოიპოვა და აშშ-ის მოახლოებულ ჩემპიონატსაც კარგ ფორმაში ხვდება.
- ბოლო დროს სოლიდურად თამაშობთ. ღა მიმართულებით აპირებთ ასპარეზობის გაძლიერებას მოახლოებული ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის წინ?
- ცინცინატის ტურნირის შემდეგ უმთავრესი ამოცანა დასვენებაა, შემდეგ კი ორკვირიანი შეჯიბრებისთვის მთელი სერიოზულობით მოვემზადები. აშშ-ის ღია ჩემპიონატს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა შევხვდე, ამიტომაც ენერგიის აღდგენა მნიშვნელოვანია. ჩემ სამწვრთნელო შტაბს სათანადო გეგმა შემუშავებული აქვს და კარგად ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ.
- შარშანდელი “როლან გაროსის” წინ მწვრთნელად მიკაელ მორტენსენი აიყვანეთ და საფრანგეთის ღია პირველობა მოიგეთ, ამჯერად ახალი დამრიგებელი გყავთ კარლოსის სახით და თანამშრომლობა ცინცინატის ტურნირის მოგებით დაიწყეთ... გამოდის, მნიშვნელოვანი შეჯიბრებების წინ მწვრთნელის შეცვლა არ გაშინებთ?
- არა. დამრიგებლის შეცვლა დადებითად მოქმედებს. სხვადასხვა სპეციალისტებს ხომ ერთმანეთისგან განსხვავებული საჩოგბურთო პრინციპები და ხედვა აქვთ, რაც ჩემ თამაშზე სასიკეთოდ მოქმედებს. კონკრეტულად კარლოსს რაც შეეხება, იგი მაღალი დონის მწვრთნელია და ჩემი ნდობა ერთობლივი მუშაობის დაწყებისთანავე დაიმსახურა. მას ჩემი სწამს და ყოველთვის მეუბნება, რომ წინსვლის საკმარისი შესაძლებლობები მაქვს.
- საკუთარ თავს მოახლოებული აშშ-ის პირველობის ფავორიტად მიიჩნევთ?
- იმედიანად ვარ განწყობილი. ფლაშინგ მედოუსის სტარტი წინ კარგ თამაშს ვაჩვენებ. აშშ-ის ღია ჩემპიონატში ჩემი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლაა და ვნახოთ, როგორ ვიასპარეზებ ამჯერად.
- შარშან ჯერ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გახვედით, შემდეგ კი “როლან გაროსი” მოიგეთ. მას შემდეგ თქვენი თამაში შეიცვალა?
- ძალიან ძნელია, ერთი და იმავე მაღალ დონეზე თამაში. შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ ცავარდნაც მქონდა, მაგრამ სადღეისოდ ოპტიმალურ ფორმას მივუახლოვდი. იმედია, აშშ-ის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვალ.







