ნოემბრის ბაშოსთვის მზადების ციკლში ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა (13 ოქტომბერს იგი 23 წლის შესრულდა) სუმოისტი – ქართველი ლევან გორგაძე ოძეკი ჰარუმაფუჯის შეერკინა და ტრავმაც მიაყენა, რითაც მონღოლის მომავალ ტურნირში ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
26 წლის ჰარუმაფუჯი ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება და 2009 წლის ივლისის ტურნირზე “იმპერატორის თასიც” აქვს მოგებული, კიუსიუ ბაშოს წინ კი, უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. გასულ ორშაბათს, ტოჩინოშინის წინააღმდეგ უვატეგანეს განხორციელებას აპირებდა, როდესაც მარჯვენა მხრის კუნთი დაიზიანა და თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა.
“მზიურ ცხენად” წოდებულმა ოძეკიმ სამედიცინო შემოწმება ოიაკამას პრეფექტურის კლინიკაში გაიარა, რის შემდეგაც მას მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ყოველგვარი დატვირთვა აუკრძალეს. ექიმები დაზარალებულს საერთოდაც ნოემბრის ბაშოს გამოტოვებას ურჩევენ, თუმცა, თავად სუმოისტს დაუჯინია, მომავალ ტურნირზე აუცილებლად უნდა გამოვიდეო.
ცნობილი გახდა ისიც, რომ კიუსიუს ბაშოს წინ დატვირთვები მაქსიმალურად შეამცირა 38 წლის ოძეკი კაიომაც, რომელსაც მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს, არადა, ფუკუოკაში ტიტულის დაცვა კიდევ ერთხელ მოუწევს.
აი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო კი არავის და არაფერს ეპუება. ტურნირის მოახლობასთან ერთად, “თეთრმა ფენიქსმა” დატვირთვები გაზარდა და რიგით მაეგაშირა გაგამარუსთან (თეიმურაზ ჯუღელი) პაექრობის (14-დან 14 გამარჯვება) შემდეგ, კარგი დღე არც კომუსუბი კისენოსატოს დააყარა.
მონღოლმა გოლიათმა ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ იაპონელ სუმოისტს 10 ბრძოლიდან 9-ში აჯობა და ის ერთიც მაშინ დათმო, როდესაც მეტოქეებმა სასტარტო შეჯახების (ტაჩი-აი) ხეირიანად შესრულება ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ წლის დასკვნითი სუპერტურნირი 14-28 ნოემბერს ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში შედგება, ხოლო განახლებული რეიტინგი ანუ ბანძუკე 1 ნოემბერს გამოქვეყნდება.









