კალათბურთი

17:21 | 10.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ბურჯანაძით ვერ მოიგებ...

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშება, რომელსაც ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქი სარაევო მასპინძლობს.

დავით უსტიაშვილის შეგირდები პირველ შეხვედრაში ფინეთს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით – 56:75 დამარცხდნენ. სამწუხაროა, თუმცა, მეტოქემ ქართველებს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა.

ჩვენს გუნდს მცირე უპირატესობა მხოლოდ მოხსნებში ჰქონდა (45:41), სხვა მხრივ კი, ქართველმა ჭაბუკებმა 27-დან 4 სამქულიანი (!) გამოიყენეს და ბურთი 23-ჯერ დაკარგეს, რა ფონზეც გამარჯვებაზე ფიქრი ძალიან ძნელი გახლდათ. ამას გარდა, ქართველი 20-წლამდელები ფინელებს პასებში 8:18 ჩამორჩნენ, ჩაჭრებში კი – 6:10.

საქართველოს ნაკრებში ერთადერთი ნათელი წერტილი ბექა ბურჯანაძე გახლდათ, რომელიც ახალგაზრდული პირველობის დასრულების შემდეგ, ეროვნულ გუნდს უნდა შეურთდეს. ესპანური “კახასოლის” ფორვარდმა მოედანზე 33:53 წუთი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

ბექამ 11-დან 7 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 21 ქულას 19 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ბურჯანაძემ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

ცნობისთვის, B დივიზიონში 14 ნაკრები ორ ქვეჯგუფშია გადანაწილებული, ქართველებს კი ფინელთა გარდა, დაპირისპირება ბელარუსთან, უკრაინასთან, შვეიცარიასთან, ავსტრიასთან და ჰოლანდიასთან მოუწევთ. ტურნირის ფორმატის მიხედვით, ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა, ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი კი A დივიზიონის საგზურს მიიღებს.

11 ივლისს ქართველ 20-წლამდელთა მეტოქე ავსტრია იქნება.

ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდე კალათბურთელთა შორის. სარაევო (ბოსნია-ჰერცეგოვინა). B ჯგუფი. 50 მაყურებელი

საქართველო – ფინეთი 56:75 (15:22, 17:22, 15:12, 9:19)

საქართველო: ბოლქვაძე (16 წ. 1 ქ.), ლილუაშვილი (5 წ.), ბურჯანაძე (34 წ. 21 ქ. 19 მ.), ტომარაძე (20 წ. 2 ქ.), გოგოძე (19 წ. 5 ქ.), მიქელაძე (29 წ. 8 ქ. 3 მ. 5 პ. 3 ჩ.), კვანტალიანი (15 წ. 5 ქ. 7 მ.), ცირეკიძე (18 წ.), აბულაძე (13 წ. 4 ქ.), სანაძე (17 წ. 6 ქ.), მირზიაშვილი (13 წ. 4 ქ. 3 მ.).

მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06048