საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, სტამბოლური ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით გახსნა.
4-დღიანი ტურნირის პირველ დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა პირველ ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ტატამზე 4 ქართველი გავიდა და მათგან ყველაზე შედეგიანად ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) იჭიდავა - ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა და ამ რანგის ტურნირის კვარცხლბეკზე პირველად ავიდა.
ჩემპიონატი, ქართველი მსუბუქწონოსანის ფინელი ვალტერი იოკინენის ძლევით გაიხსნა – მოწინააღმდეგეს ორწუთნახევარში მოუმთავრა საქმე. დაახლოებით ამდენივე იკმარა სომეხი ჰოვანეს დავთიანის დასაიპონებლად. არადა, იქამდე ვაზარს აგებდა. ცნობისთვის წლეულს შუკვანი დავთიანს საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ იყო შენახვედრი და ორჯერვე წმინდად წააგო. მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს წუთში მოუმთავრა საქმე, ნახევარფინალში კი, რუსეთის სახელით მოჭიდავე არსენ გალსტიანს სულაც 24 წამი “დაუთმო”.
ფინალიც ვადაზე ადრე დასრულდა, ისევ ქართველის სასარგებლოდ, ოღონდ ეს ქართველი გიორგი ზანთარაია იყო, რომელიც წლებია, უკრაინის სახელით ჭიდაობს და 60 კილოგრამში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ძიუდოისტადაც ითვლება. ჩემპიონობის მომტანი იპონი ზანთარაიამ მესამე წუთის მიწურულს შეასრულა.
სწორედ გიორგი ზანთარაიამ გამოთიშა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე მეორე ქართველი, ამირან პაპინაშვილი. ეს შეხვედრა მეოთხედფინალში შედგა და უკრაინელმა ქართველმა მეორე წუთზე მოიპოვა ნახევარფინალის საგზური. იქამდე პაპინაშვილმა თურქი ოზკანოღლუ ისკენდერი იუკოთი, ხოლო ფრანგი სოფიან მილუ იპონით დაამარცხა. რეპეშაჟში გადართულმა კი ესტონეთის სახელით მოჭიდავე ელნურ ალიევს ორ წუთში მოუმთავრა საქმე. ერთი გამარჯვებაც, და თურქულ ევროკვარცხლბეკზე საქართველოს ნაკრების ორივე წევრი ავიდოდა, მაგრამ პაპინაშვილმა გალსტიანს ხეირიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალამდე დაასრულეს და ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს შანსიც ავტომატურად დაკარგეს. გიორგი შოშიაშვილი პირველსავე წრეში, რუმინელ მეტოქესთან, ლასლო სზოკესთან იპონზე წამოეგო. შალვა ქარდავა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და თურქი მეჰმეთ დურმაზი ჩამოიშორა, მაგრამ მერვედფინალში, აზერბაიჯანელ ტარიან კარიმოვთან დაიჩაგრა. ამ წონაში ჩემპიონის ტიტულს უნგრელი მიკლოშ უნგვარი დაეუფლა. ფინალში მან აზერბაიჯანელ ტაირან კარიმოვს სძლია.
დღესვე, მედლები 48 და 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქალებს შორისაც გათამაშდა და უამრავტიტულა რუმინელი ალინა დუმიტრუსა და ფრანგი პენელოპე ბონას ტრიუმფით დასრულდა.
ხვალ კიმონოს მორიგი ორ-ორი წონის მონაწილეები მოირგებენ. საქართველოს სახელით ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე 73 კგ), ლევან წიკლაური და დავით კარბელაშვილი (81 კგ) იჭიდავებენ.
ავალიანი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება. იქამდე კი, სავარაუდო მეტოქეების – სომეხი არტემ ბაღდასარიანისა და რუმინელი ადრიან ნიკოლაე მერგეს რკენას დააკვირდება. ამ სამეულში უძლიერესი, მერვედფინალში ტიტულოვანი ფრანგის, ბენჟამენ დარბალესა და ებრაელი იოზეფ პალელაშვილის წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო მეოთხედფინალში, უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკას, აზერბაიჯანელ რენატ მირზალიევს ან ესპანეთის სახელით მოჭიდავე იაპონელ კიოში უემაცუს. ამავე ბადეშია ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ბელგიელი დირკ ვან ტიჩელტი. პაპოშვილს პირველ მოწინააღმდეგედ ფრანგი უგო ლეგრანი ერგო. თუ ჩამოიცილებს, აზერბაიჯანელი რამილ გასიმოვის პირისპირ დადგება. ამ ჯგუფშია რუსი მანსურ ისაევიც, ოღონდ მისი და პაპოშვილის გზები მეოთხედფინალამდე არ იკვეთება.
პირველი წრის შეხვედრებს წიკლაური და კარბელაშვილიც ასცდნენ. წიკლაურის მეტოქე უკრაინელი არტემ ვასილენკოსა და ესტონელი ალექსანდერ მარმელიუკის შეხვედრაში გამოვლინდება. თუ ჩამოიშორებს, სავარაუდოდ, რუს სირაჟუდინ მაგომედოვს შეხვდება. ბადის ამავე მხარეს მოხვდა გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფიც. კარბელაშვილი ჩემპიონატს თურქ ჰალილ იბრაჰიმ ოზერლერთან დაჭიდებით გახსნის. გამარჯვებული მერვედფინალში უნგრელი შანდორ ნაგისოლიმოშისა და ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩის წყვილში მოგებულს შეხვდება. მეოთხედფინალში კი, ყველაზე მეტად მოსალოდნელი, ტიტულოვან აზერბაიჯანელ ელნურ მამადლისთან დაპირისპირებაა.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
სტამბოლი
21 აპრილი
კაცები
60 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
2 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
3 ელიო ვერდე (იტალია)
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
2 ტარიან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
3 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
ქალები
48 კგ
1 ალინა ალექსანდრა დუმიტრუ (რუმინეთი)
2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 ფრედერიკ ჟოსინე (საფრანგეთი)
3 ლაეტიტია პაიე (საფრანგეთი)
52 კგ
1 პენელოპე ბონა (საფრანგეთი)
2 ჟოანა რამოსი (პორტუგალია)
3 ანა კარასკოსა (ესპანეთი)
3 სოფი კოქსი (ბრიტანეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







