სეზონის უმთავრესი ტურნირი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო. პარიზის “ბერსის” დარბაზში, დღეს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა ორ და ქალთა ერთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტატამზე ოთხი ქართველი მამაკაციც გავიდა, მაგრამ საწყის ეტაპს ვერც ერთი ვერ გასცდა. ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე 60 კგ), დავით ასუმბანი და შალვა ქარდავა (66 კგ) მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგეს.
ევროპის ვერცხლის პრიზიორმა ბეთქილ შუკვანმა პარიზში კიმონო ერთადერთხელ მოირგო. ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან - ოცდამეთორმეტედფინალიდან ჩაერთო და შეხვედრა ისე დაიწყო, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ კანადელი ფრეზერ ვილის წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა. პირველ სამ წუთში, ქართველმა მსუბუქწონოსანმა მოწინააღმდეგეს ვაზარი და იუკო აუღო. თამამად შეეძლო, უპირატესობის შესანარჩუნებლად შედარებით ფრთხილი ტაქტიკა აერჩია, მაგრამ პირიქით, უფრო აქტიურად და გახსნილად შეუტია და მალევე ვილის კონტრილეთზე წამოეგო, რომელიც მსაჯებმა ვაზარით შეაფასეს. შუკვანი ჯერ კიდევ წინ იყო, თუმც საფინალო სირენამდე წუთით ადრე, წმინდად მოგების სურვილმა კიდევ ერთი მძიმე შეცდომა დააშვებინა და იპონზე თავად წამოეგო. ფრეზერ ვილმა მსოფლიოს პირველობაზე ეს ერთი გამარჯვება მოიპოვა.
ამირან პაპინაშვილმა პირველ წრეში ტაჯიკ ჯამშედ ხალილოვს ორწუთნახევარში იპონით მოუმთავრა საქმე. მერე კი... უზბეკ გაბიტ ესიმბეტოვთან ვეღარას გახდა - მესამე და მეოთხე წუთების დასაწყისებში ორჯერ დავარდა ვაზარზე. ცნობისთვის, ესიმბეტოვმაც მხოლოდ ქართველ ძიუდოისტთან მოპოვებული გამარჯვებით ისახელა თავი მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შალვა ქარდავა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრ კენეტ ჰაშიმოტოს თანაბარ, უღიმღამო შეხვედრაში, იუკოს უპირატესობით გასცდა. მომავალ ფინალისტთან, ბრაზილიელ ლეანდრო კუნიასთან კი ორწუთნახევარში წააგო. დავით ასუმბანიც ერთი გამარჯვებით დაემშვიდობა შეჯიბრებას. 66 კილოგრამის დებიუტანტმა კვარცხლბეკზე ასვლის შანსი მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, მონღოლ ცაგაანბაატარ ჰაშბაატართან წმინდა წაგებით დაკარგა, იქამდე კი ერთი მეტოქის – ჩეხი დავიდ დუბსკის ვაზარით ძლევა მოასწრო.
უმსუბუქეს წონაში, ოქროს მედალი უმთავრესმა ფავორიტმა, უზბეკმა რიშოდ სობიროვმა მოიპოვა. მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა შარშან იაპონიაში მოპოვებული ტიტული კი შეინარჩუნა, მაგრამ გულშემატკივრები გვარიანად ანერვიულა. ჯერ იყო და, პირველსავე მეტოქესთან, შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინთან, საფინალო სირენამდე შვიდი წამით ადრე ილეთზე წამოეგო, რომელიც მსაჯებმა იპონით შეაფასეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს. ანალოგიური რამ მოხდა ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ვონ ჟინ კიმთან დაპირისპირებისას – დაფიქსირებული და შემდეგ ვაზარად გადაკეთებული იპონი და მომგებიანი გდება შეხვედრის ბოლო წამზე. ოქროს წერტილი კი სობიროვმა იაპონელი ჰიროაკი ჰირაოკას ვაზარით ძლევით დასვა. 66 კილოგრამში ჩემპიონი იაპონელი მასაში ებინუმა გახდა. ფინალში მან ქარდავას მძლეველი კუნია დაამარცხა.
ქალთა 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქრო-ვერცხლი იაპონელებმა გაინაწილეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში გალიდერდნენ.
ხვალ, მედლები მამაკაცთა 73 და ქალთა 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი იჭიდავებენ. პაპოშვილი ტურნირს გვატემალელ ხუან მეხია დე ლა როკასთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილში გამარჯვებული, ბრიტანელ დენიელ ვილიამსს დაუპირისპირდება. ტატალაშვილი ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება. იქამდე კი, სავარაუდო მეტოქეების - ჰოლანდიელი დექს ელმონისა და თურქი სეზარ ჰუისუზის შეხვედრას მიადევნებს თვალს.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
პარიზი
23 აგვისტო
კაცები
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
66 კგ
1 მასაში ებინუმა (იაპონია)
2 ლეანდრო კუნია (ბრაზილია)
3 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
ქალები
48 კგ
1 ჰარუნა ასამი (იაპონია)
2 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)







