60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტებმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ციკლი უხეიროდ დაიწყეს. ტუნისის დიდი პრიზის სამდღიანი გათამაშების პირველ დღეს – 7 მაისს ტატამზე ამირან ტოტიკაშვილის გუნდის ოთხი შეგირდი გავიდა და ოთხივემ საწყის ეტაპზევე წაიფორხილა.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ერთადერთი გამარჯვება მხოლოდ ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) მოიპოვა. მან ტურნირი აზერბაიჯანელი იგარ მუშკიევის ძლევით გახსნა, ამასთან, მომგებიანი იპონის შესასრულებლად 65 წამი იკმარა. შემდეგ კი, უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველთან, მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიასთან მხოლოდ 50 წამი გაძლო. ამავე წონაში, ამირან პაპინაშვილი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა, მაგრამ ამ უპირატესობით მსოფლიო რეიტინგის მეთექვსმეტეადგილოსანმა ქართველმა ვერ ისარგებლა და ასეულს მიღმა მყოფ რუსთან, ანტონ ხოროშილოვთან მაინც ვერ იხეირა - 64 წამში ვაზარსა და იპონზე წამოეგო. ცნობისთვის, იმავე რეიტინგში ხოროშილოვზე წინ რუსეთის ნაკრების 7 კანდიდატი დგას.
პაპინაშვილის მსგავსად, ვაზარითა და იპონით დამარცხდა 60 კილოგრამიდან 66-ში ანაცვლებული პაატა მერებაშვილიც, ოღონდ ცოტა მეტ დროში - წუთნახევარში. მან ოცდამეთორმეტედფინალში ტუნისელ მარუანე რომდანს ვერ გაუწია წინააღმდეგობა. შალვა ქარდავა (66 კგ) კი დიდ პრიზზე მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ფრანგ ფლორენ ურანთან ვაზარით წააგო.
60 კილოგრამში ოქროს მედალს და 200 სარეიტინგო ქულას უზბეკი რიშოდ სობიროვი დაეუფლა. მეორე ადგილზე გასულმა იაპონელმა, მასააკი ფუკუოკამ აქტივში 120 ქულა ჩაიწერა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებმა – ზანთარაიამ და ხოროშილოვმა – 80-80. 66 კილოგრამის ფინალში სლოვენიელი როკ დრაკშიჩი უნგრელ მიკლოშ უნგვარისთან ბოლო წამებამდე ვაზარსა და იუკოს აგებდა, მაგრამ იპონით გაჩემპიონდა. მესამე საპრიზო ადგილები კი ქარდავას მძლეველმა ფლორენ ურანმა და ყაზახმა დასტან იკიბაევმა დაიკავეს.
დღეს მედლები მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე არსენა მაჭარაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ლევან წიკლაური და ხვიჩა ხუციშვილი (81 კგ) გავლენ. მაჭარაშვილი პირველ წრეში პურევდორჟ განბოლდს დაეჭიდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ყაზახ რინატ იბრაგიმოვს შეხვდება. ტატალაშვილი ტურნირს ბელგიელი ჟან ივ ბოტიეთი გახსნის და თუ მეტოქეს ჩამოიცილებს, ტუნისელ სეიფედინ ჰასენს დაუპირისპირდება. 81 კილოგრამში მოჭიდავე ქართველები კენჭისყრამ პირდაპირ მეორე წრეში – მეთექვსმეტედფინალში განთესა. წიკლაური დიდ პრიზს კამერუნელ ლუის მესისთან შეხვედრით გახსნის, ხოლო ხუციშვილის მეტოქე პორტუგალიელი დიოგო ლიმასა და ბურკინაფასოელი ჰერმან მონეს წყვილში გამარჯვებული იქნება.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.
ძიუდო
ტუნისის დიდი პრიზი
7 მაისი
კაცები
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3 ანტონ ხოროშილოვი (რუსეთი)
9 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
9 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
3 ფლორენ ურანი (საფრანგეთი)
3 დასტან იკიბაევი (ყაზახეთი)
17 შალვა ქარდავა (საქართველო)
33 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)
2 ლეტისია პაიე (საფრანგეთი)
3 კარმენ ბოგდანი (რუმინეთი)
3 ამელია როზენი (ბელგია)
52 კგ
1 მაილინდა კელმენდი (ალბანეთი)
2 ანა კარასკოსა (ესპანეთი)
3 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 კიტი ბრავიკი (ჰოლანდია)
ოთარ მაღლაკელიძე







