მსოფლიოში, ფეხბურთის ისტორიასთან დაკავშირებული ათასობით წიგნი გამოცემულა, თუმცა წიგნი, რომელიც ამ წლის დეკემბერში პარიზში გამოსაცემად მზადდება, აქამდე არსებულ ყველა წიგნს დაჩრდილავს და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სრული საფეხბურთო ენციკლოპედია იქნება. ფრანგულ ენაზე შედგენილ წიგნს მეტად უბრალო სახელი – ”ფეხბურთი” ერქმევა. 4000-გვერდიან წიგნზე 7 წლის განმავლობაში 30-მდე ადამიანი მუშაობდა და დღემდე მუშაობს.
გარდა იმისა, რომ გვერდების რაოდენობის მხრივ, წიგნი მსოფლიოში უდიდესი იქნება, ამაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნიდან მოყოლებული, მსოფლიო ფეხბურთში მომხდარი ყველა მოვლენა (ეროვნული პირველობები, საკლუბო და სანაკრებო ტურნირები, დაჯილდოების ცერემონალები და სხვა...) იქნება აღწერილი. გარდა ამისა, წიგნში მოცემული იქნება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე უკლებლივ ყველა ეროვნების ფეხბურთელის ბიოგრაფიები (მათ შორის, რასაკვირველია, ქართველი ფეხბურთელებისაც) და განსაკუთრებული დეტალები.
როგორც უკვე ვთქვით, ზემოთაღნიშნული უნიკალური წიგნის გამოცემა ფრანგებს ამა წლის დეკემბერში აქვთ დაგეგმილი, მაგრამ დღემდე ვერ თანხმდებიან წიგნის ტირაჟზე და ფასზე. ”ფეხბურთი” 300 ევროზე ნაკლები რომ არ ეღირება, ეს ისედაც ცნობილია, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ავტორი ანტუან რიოლუ აცხადებს: ”უმჯობესია წიგნი რამდენიმე ტომად ცალ-ცალკე გამოიცეს. ამ გზით, ცალკეული ტომების ღირებულება მნიშვნელოვნად დაიკლებს და გამომცემლებსაც მეტი მოგება ექნებათ.” თუმცა, ბატონი ანტუანის ამ შეხედულებას წიგნის 30 ავტორიდან მხოლოდ რამდენიმე მათგანი იზიარებს.









