29-30 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩასატარებელ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – მსოფლიოს თასზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 28-კაციანი შემადგენლობით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ლიპარტელიანმა გუნდი ძირითადად, შარშან, ნოემბერში გამართული საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებით დააკომპლექტა, თუმც რამდენიმე გამონაკლისიც დაუშვა.
ვაჟა მარგველაშვილს, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორია, პაატა მერებაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც საქართველოს პირველობის ნახევარფინალში, წესების დარღვევის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს და შესაბამისად, სამეულს მიღმა დარჩა. 66 კილოგრამში ასევე ბრინჯაოსან სანდრო იაკობაშვილს არსენ მაჭარაშვილი შეცვლის, ხოლო 100-ში საქართველოს ჩემპიონ ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) წელი სტკივა და მის ნაცვლად მალხაზ ნიჟარაძე იჭიდავებს. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, ტურნირისწინა დასკვნითი შეკრების გასავლელად სასტუმრო “ბატესტაში” შეიკრიბა და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში ვარჯიშობს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ, მსოფლიოს თასზე მონაწილეობის დასტური 25 ქვეყნიდან მიიღო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომავალ შაბათ-კვირას, სპორტის სასახლის არენაზე საფრანგეთის, ჰოლანდიის, რუსეთის, ბრიტანეთის, უნგრეთის, უკრაინის, პორტუგალიის, ავსტრიის, იტალიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ისრაელის, თურქეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, რუმინეთის, სომხეთის, კანადის, ჩერნოგორიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ნაკრების წევრები გავლენ. მონაწილეთა შორის არ არიან იაპონელები, რომლებმაც თბილისში ჩამოსვლისგან ამჯერად თავი შეიკავეს.
ტურნირის წინასწარი ეტაპის შეხვედრები ორივე დღეს დილის 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბრძოლები კი - 17:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
საქართველოს ნაკრები თბილისის მსოფლიოს თასზე
60 კგ
1 დავით ასუმბანი
2 ბეთქილ შუკვანი
3 პაატა მერებაშვილი
4 ტრისტან ფეიქრიშვილი
66 კგ
1 შალვა ქარდავა
2 გიორგი შოშიაშვილი
3 არსენ მაჭარაშვილი
4 ლევან ჩუბინიძე
73 კგ
1 თენგიზ პაპოშვილი
2 ზურაბ ნოზაძე
3 ზვიად ბაზანდარაშვილი
4 ამბაკო ავალიანი
81 კგ
1 გიორგი ბაინდურაშვილი
2 პაატა ღვინიაშვილი
3 ავთანდილ ჭრიკიშვილი
4 დავით კარბელაშვილი
90 კგ
1 ლაშა გურული
2 საბა გავაშელიშვილი
3 არჩილ შინჯიკაშვილი
4 გიორგი ცოციაშვილი
100 კგ
1 მალხაზ ნიჟარაძე
2 დავით ლორიაშვილი
3 კონსტანტინე მუკვანი
4 რევაზ ჩიკოიძე
+100 კგ
1 ზვიად ხანჯალიაშვილი
2 ადამ ოქრუაშვილი
3 ნოდარ მეტრეველი
4 ვახტანგ ზოიძე
ოთარ მაღლაკელიძე







