ძიუდო

13:12 | 14.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს მასტერსზე წინასწარი განაცხადი ჩამოწერეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ ძიუდოისტთა სრული სია გამოაქვეყნა, მომავალ შაბათ-კვირას, სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონში გასამართი მსოფლიოს მასტერსის მოსაწვევები რომ დაუგზავნა და დასტურიც მიიღო.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი მასტერსზე იაპონიას ეყოლება. სუვონის ტატამზე ამ ქვეყნის სახელით 13 ძიუდოისტი გავა. ძიუდოს ფუძემდებლებს რეიტინგების დაჯამებით, მამაკაცთა შორის სულ 14 მოსაწვევი ერგოთ, მაგრამ სატურნირო განაცხადს 90 კილოგრამში მოჭიდავე მასაში ნიშიამა გამოაკლდა. მასპინძლ მამაკაცთა ნაკრები 10-კაციანი შემადგენლობით იჭიდავებს. რუსებს 9 წარმომადგენელი ეყოლებათ, ფრანგებსა და უკრაინელებს – 7-7, ჰოლანდიას – 5, მონღოლეთს – 4, უზბეკეთს, იტალიას, ესპანეთს, უნგრეთსა და პოლონეთს კი საქართველოს მსგავსად, 3-კაციანი განაცხადები აქვთ წარდგენილი.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, 60 კილოგრამს ტოპ-16-დან მხოლოდ მე-4 ნომერი, სომეხი ჰოვანეს დავთიანი აკლია, 66 კილოგრამში ყველა წარმატებული ძიუდოისტი იჭიდავებს ფრანგი ბენჟამენ დარბალესა და ბრაზილიელი ლეანდრო კუნიას გარდა, 73-ში ბრაზილიელ ლეანდრო გილეიროს მოისაკლისებენ, 81-ში - გერმანელ ოლე ბიშოფს, 90-ში – ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკს, 100-ში – ჰოლანდიელ ჰენკ გროლსა და ბრაზილიელ ლუჩიანო კორეას, მძიმე წონაში კი უზბეკ აბდულო ტანგრიევს. ამათ გარდა, კიმონოს თითქმის ყველა ტიტულოვანი ძიუდოისტი მოირგებს.
მონაწილეები საბოლოო რეგისტრაციას 15 იანვარს გაივლიან. ჩემპიონ-პრიზიორები კი 16-17 იანვარს გამოვლინდებიან. მსოფლიოს მასტერსი ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირია, როგორც სარეიტინგო ქულების დარიცხვით, ისე ფინანსურადაც. 200 ათასი დოლარის საპრიზო ფონდიანი ტურნირის გამარჯვებულები 6-6 ათას დოლარს მიიღებენ, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები – 4 და 2 ათასს. ოქროსმედალოსანი 400 ქულას შეიმატებს, მეორე ადგილზე გასული – 240-ს, მესამე პრიზიორები – 160-ს, ხოლო მეხუთეადგილოსნები – 80-ს. შესადარებლად, თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონობა 100 სარეიტინგო ქულას იძლევა.
16 იანვარს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 17-ში ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
შეგახსენებთ, 2010 წლის სეზონის გამხსნელ ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი იჭიდავებს. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) მასტერსის მონაწილეებში სარეიტინგო ქულებით თავიდანვე მოხვდნენ. ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) კი კორეის საგზური მას შემდეგ მიიღო, რაც თავისი წონის 16 საუკეთესო რეიტინგოსნიდან 2-მა მიწვევაზე უარი განაცხადა.
ტურნირის დებულების თანახმად, სუვონის ტატამზე ყველა წონითი კატეგორიის 16 საუკეთესო რეიტინგიანი ძიუდოისტი უნდა გავიდეს. პაპინაშვილი თავის წონაში მე-10 ადგილზეა, ლიპარტელიანი – მე-16 პოზიციაზე დგას, ხოლო ჟორჟოლიანი მე-18 ადგილზეა მსოფლიოს რეიტინგში.
ქართული დელეგაცია, ძიუდოისტებისა და მწვრთნელ გურამ მოდებაძის შემადგენლობით უკვე სამხრეთ კორეაშია და ტურნირის დაწყებამდე დარჩენილ დღეებს სხვა ნაკრებებთან ერთად სავარჯიშოდ გამოიყენებს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098008