საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბრაზილიაში გაემგზავრა. 27-28 ოქტომბერს სალვადორ დე ბაია მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს და ქართული გუნდის გარდა ტურნირში იაპონია, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, მონღოლეთი, რუსეთი, ბრაზილია, უკრაინა, კუბა, საფრანგეთი, აშშ, ალჟირი, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და ვენესუელა ჩაერთვებიან.
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ სადებიუტო შეჯიბრებაზე ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობა იახლა. ტრავმების, პირადი პრობლემების თუ ერთობლივი წვრთნების იგნორირების გამო საბრძოლო განაცხადს ლაშა შავდათუაშვილი, ბეთქილ შუკვანი, ამბაკო ავალიანი, ლევან წიკლაური, ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი გამოაკლდნენ.
ინდივიდუალური პირველობებისგან განსხვავებით, გუნდურში შვიდის ნაცვლად მხოლოდ ხუთ წონით კატეგორიაში ტარდება შეხვედრები: 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში. გამარჯვებული ნაკრები სწორედ ამ ხუთი წონის დაპირისპირების საერთო შედეგით ვლინდება.
ირაკლი ცირეკიძის ბრაზილიური შემადგენლობა კი ასეთია: შალვა ქარდავა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+90 კგ).
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქართველი ძიუდოისტები საქართველოს პირველობისთვის სამზადისს შეუდგებიან. წინასწარი გეგმით შიდა კონკურენციის ჩემპიონ-პრიზიორები ნოემბერში უნდა გამოვლინდნენ. ზუსტი თარიღი კი მას შემდეგ დასახელდება, როცა ფინანსური დეტალები დაზუსტდება. ხოლო თუ დამატებითი თანხების მოძიებაც მოხერხდა, წლის ბოლოს, საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტებული ნაკრები იაპონიაში გაემგზავრება და ძიგარო კანოს ტურნირსა და ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
ოთარ მაღლაკელიძე







