2 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდე მოჭადრაკეთა შორის, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებენ: მერი არაბიძე (2379), ნანი უნაფქოშვილი (2011), შალვა ნადირაშვილი (2137) და დიმიტრი კვარაცხელია (2072). ქართულ დელეგაციას საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა უხელმძღვანელებს.
გოგონათა ასპარეზობის რეიტინგ-სიის ლიდერია ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი, 2407), მეორე პოზიციაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კორი დეისია (პერუ, 2386), ხოლო მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მერი არაბიძე რეიტინგით მეხუთეა.
მეორე ქართველი მონაწილე, ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონი 20 წლიანებში ნანი უნაფქოშვილი (1973) მონაწილეთა სიაში 47-ე ნომერია.
რაც შეეხება ჭაბუკებს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი შალვა ნადირაშვილი (2151) – 97-ე, ხოლო ქვეყნის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი დიმიტრი კვარაცხელია (2093) 110-ე პოზიციას იკავებს.
მსოფლიოს უძლიერეს ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართება. პირველი ტური 2 აგვისტოს გაიმართება, ხოლო დასკვნითი – 15 აგვისტოს, დასვენების დღე 9 აგვისტოა.
20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობებზე ჩემპიონობა ოთხ ქართველ მოჭადრაკეს აქვს მოპოვებული: ქეთევან არახამია – 1985 (სსრკ-ს სახელით), ქეთევან კახიანი – 1989, 1990 (სსრკ-ს სახელით), ნინო ხურციძე – 1993, 1995, ნანა ძაგნიძე – 2003.
www.gcf.org.ge-ს ფოტო







