ფეხბურთი

21:35 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მშრალი დასასრული

XXV ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს “ზესტაფონს” და ბოლნისის “სიონს” შორის სატურნირო ცხრილში არაფრის შეცვლა აღარ შეეძლო. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა გასულ ტურში საჩხერის “ჩიხურასთან” მოპოვებული გამარჯვების წყალობით გაინაღდეს მეორე ადგილი და ევროპის ლიგაზე გამოსვლის საშუალება. რაც შეეხება ქვემოქართლელებს, მათ თავის მხრივ მესამე ადგილი დაიკავეს და ეს შედეგი ბოლნისელებს პოზიტივში უნდა ჩაეთვალოთ.

იმერული კლუბის ყველაზე ოპტიმისტ ქომაგსაც კი გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ მათი საყვარელი გუნდი წლევანდელ ჩემპიონატში მეორე ადგილს დამაჯერებლად დაიკავებდა. უფრო მეტიც, “ზესტაფონს” ჩემპიონობის მიზერული შანსებიც გაუჩნდა რამდენიმე ტურის წინ, მაგრამ პირველ ეტაპზე დაკარგულმა ქულებმა, “დინამოსთან” ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მეტ-ნაკლებად ტოლ-სწორად ჩაბმის საშუალება ფეროელებს არ მისცა. არადა, მიმდინარე ჩემპიონატის მსვლელობისას, იყო დრო როცა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იყო გუნდის ზედა ექვსეულში მოხვედრის საკითხი. ზესტაფონელთათვის ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად სერბი რატკო დოსტანიჩის ნაცვლად, გია გეგუჩაძე დაინიშნა. მას შემდეგ იმერლებმა თამაშის ხარისხი და სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გამოისწორეს. უფრო მეტიც, რომ არა მართლაც დასანანი ქულების დაკარგვა, წლეულს ქვეყნის ჩემპიონის ბედი ასე იოლად ნაღდად არ გადაწყდებოდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით, თუმცა უგოლოდ დასრულდა. გატანის შანსი ფეროელებს რამდენიმეჯერ ჰქონდათ. დოლიძეს, გეწაძეს, საბანაძეს და ორჯერ ტატანაშვილს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ დასავლელთა შემტევებს გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე ღალატობდათ. მათგან ყველაზე რეალური მომენტი მაინც დიმიტრი ტატანაშვილს ჰქონდა, როდესაც მიმდინარე პირველობის ერთ-ერთი ბომბარდირი, დოლიძის ჩაწოდებულზე ახლო მანძილიდან ურტყამდა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ ყველაზე სახიფათო სიტუაცია სტანდარტულიდან შეექმნათ, როდესაც ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთზე არასწორად გამოვიდა პავლოვიჩი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელს დაჯახა და წაიქცა. ზესტაფონელთა იღბლად ბურთი მცირე მანძილით გადაცდა ხარიხას.

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი არ შეცვლილა. ზესტაფონელები ისევ ფლობდნენ დიდ სათამაშო უპირატესობას. მასპინძელთა იერიშები კიდევ უფრო მძაფრი გახდა, როდესაც მოედანზე ჭანკოტაძე გამოვიდა, რომელმაც ზედზედ ორჯერ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა. პირველ შემთხვევაში გიორგის მცდელობას სიზუსტე დააკლდა, ხოლო მეორედ ბურთის კუთხურზე გადაგდება ბოლნისელთა კიპერმა ვლადიმერ ზუხბაიამ მოახერხა. ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ ტატანაშვილი ურტყამდა თავით, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბურთი ხარიხას მცირედით გადაცდა.

თამაშის ტემპი თანდათანობით დაეცა და სახიფათო მომენტებიც ნაკლებად იქმნებოდა. მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მოწინააღმდეგის საჯარიმოში უხეშობისათვის არბიტრმა, თორნიკე გვანცელაძემ მოედნიდან ჯაბა უგულავა გააძევა. საკუთარი ქომაგებისაგან გამხნევებულმა მასპინძლებმა შეტევები ისევ გაახშირეს მეტოქის კართან.  ჭელიძის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით შანსი ისევ ტატანაშვილს ჰქონდა, მაგრამ ბურთი ამჯერადაც მცირე მანძილით ასცდა “სიონის” კარს. არბიტრის მიერ დამატებულ დროში მასპინძლებმა მოწინააღმდეგის კართან შტურმის მოწყობა ცადეს. ერთხელ გატანაც შეეძლოთ, როდესაც ჭელიძე ურტყამდა თავით, მაგრამ ზესტაფონელთა მცველის მცდელობასაც სიზუსტე დააკლდა. საბოლოოდ კი, მოლოდინის საწინააღმდეგოდ მატჩი “მშრალად”, უგოლოდ დასრულდა.  

მატჩის შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წევრები ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.  

“ზესტაფონი” - “სიონი” – 0:0 (0:0)

17 მაისი. 19:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 1500 მაყურებელი

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი (მეშველიანი, 46), გაგოშიძე, გეწაძე, თედორე გრიგალაშვილი, გიორგი გურული, დოლიძე, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე, 58), ზაზა ჭელიძე, საბანაძე (კაპანაძე, 52), ტატანაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“სიონი”: ზუხბაია, ფოფხაძე, თოთაძე, სვანიძე, გიორბელიძე, იმედაშვილი, მამასახლისი (ტაბიძე, 85), მიკუჩაძე (ჯაფარიძე, 59), ლობჟანიძე, უგულავა, ოქროპირიძე (სიგუა, 90+1).

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე      

გაფრთხილება: უგულავა (18), გიორბელიძე (20), ოქროპირიძე (72), შარიქაძე (75), ჭელიძე (88).

გაძევება: უგულავა (82)     

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია)

 

 

გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე ) 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 ძამსაშვილი (17), 2:0 ისიანი (35), 2:1 კვასხვაძე (67), 3:1 ისიანი (77), 3:2 ოდიკაძე (79) 

 

დინამო (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

გოლი: 1:0, 2:0 ჩისკო (19, 58)

 

1      დინამო                                            32           21           5           6           67:23           68          
2 ზესტაფონი 32 19 5 8 48:23 62
3 სიონი 32 16 7 9 41:33 55
4 ჩიხურა 32 13 7 12 56:50 46
5 მეტალურგი 32 13 6 13 35:39 45
6 გურია 32 12 0 20 31:53 36

 

მეგოლეები:

19 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ვილი ისიანი (“გურია”)

11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

10 - გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122311