პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აბსოლუტური ფიასკოს თავიდან ასაცილებლად ორი დღე რჩება. შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთი ისე ჩაჭიდავდა, სამეულს ვინ ჩივის, პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი გუნდის წევრებმა მეოთხედფინალსაც კი ვერ უწიეს.
დღეს მედლები ქართველი გულშემატკივრებისთვის საიმედო 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. კიმონო ვარლამ ლიპარტელიანმა მოირგო, მაგრამ ტურნირს ერთადერთი შეხვედრით გამოემშვიდობა. უხერხულ მეტოქეს, ამჯერად უკვე მსოფლიოს ორგზის ვერცხლის პრიზიორ იაპონელ დაიკი ნიშიამას ტოლსწორად მხოლოდ საწყისი ორი წუთი ეჭიდავა, შემდეგ კი დაღლა დაეტყო და იუკოთი დამარცხდა.
ამავე წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ზვიად გოგოჭურმა იჭიდავა და პირველი ბარიერი დამაჯერებლადაც დაძლია – შვედ ჟოაკიმ დვარბის ვაზარ-იუკოთი მოუგო. შემდეგ კი, მსოფლიოს 2009 წლის სამხრეთკორეელ ჩემპიონთან, კიუ-ვონ ლისთან უშანსოდ წააგო. ამ უკანასკნელმა სამ წუთსა და ათ წამში იუკოსა და ორი ვაზარის მოპოვება მოასწრო.
90 კილოგრამში მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალი განმეორდა და ანალოგიური შედეგითვე დასრულდა. საბერძნეთისა და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ქართველმა, ჯარჯი ზვიადაურმა ნიშიამას ბრწყინვალე იპონით დაასრულებინა ოქროზე ოცნება. ბრინჯაოს პრიზიორები იაპონელი ტაკაში ონო და კუბელი ეშლი გონზალესი გახდნენ.
დღესვე მედლები ქალთა 70 და 78 კილოგრამებშიც გათამაშდა და ორივე წონა საფრანგეთის ჰიმნით დაგვირგვინდა, რითაც მასპინძელ ქალთა ნაკრები ოქროს მედლების რაოდენობით იაპონიას გაუტოლდა. ორივე ქვეყნის ანგარიშზე სამ-სამი ოქროა.
მსოფლიოს ინდივიდუალურ პირველობას წერტილს 100 და +100 კილოგრამში მოჭიდავე მამაკაცები და მძიმეწონოსანი ქალები დაუსვამენ. ხვალ პარიზულ ტატამზე ოთხი ქართველი მამაკაციც გავა. საშინლად ცუდი საერთო სურათის ოდნავ შეფერადებას ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) შეეცდებიან.
ქართული გუნდის ყველაზე ტიტულოვან წევრს, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა. პირველსავე წრეში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს, ბრაზილიელ ლუჩიანო კორეას დაეჭიდება. გამარჯვების შემთხვევაში შედარებით სუსტი მეტოქე ეყოლება - ირანელ ჯავად მაჰჯუობსა და ყირგიზ ალექსეი ტასკინს შორის საუკეთესო. შემდეგ კი, სავარაუდოდ, მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, იაპონელ ტაკამასა ანაის შეხვდება, რომელსაც იქამდე არგენტინელი კრისტიან შმიდტისა და მაროკოელი იუსეფ ტაჩროუნის ძლევა არ უნდა გაუჭირდეს. მეოთხედფინალში კი ცირეკიძის გზა სამი ტიტულოვანი სპორტსმენის გზას უერთდება. ესენი არიან პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი, მონღოლი ნაიდან ტუვშინბაიარი, ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი (2002 და 2010 წლებში) ელკო ფან დერ ხესტი და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2001, 2003 და 2004), ებრაელი არიელ ზეევი.
ლევან ჟორჟოლიანს პირველ მეტოქედ ლიტველი მარიუს ლაბალაუკისი ერგო. ამ წყვილში გამარჯვებული კი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ჰოლანდიელ ფინალისტს, ჰენკ ხროლსა და ძლიერ მონღოლს, ტემუულენ ბატულგას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალამდე ჟორჟოლიანის სავარაუდო მეტოქეები არიან: 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ეგვიპტელი რამადან დარვიში და იაპონიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი კაიჰან ტაკაგი.
ადამ ოქრუაშვილი ჩემპიონატს ფილიპინელ ტომოჰიკო ჰოშინასთან შეხვედრით გახსნის, ხოლო ხანჯალიაშვილი – სამხრეთკორეელ სო-ვან კიმს დაეჭიდება.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
პარიზი
26 აგვისტო
კაცები
90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
2 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
3 ეშლი გონზალესი (კუბა)
3 ტაკაში ონო (იაპონია)
ქალები
70 კგ
1 ლუსი დეკოსი (საფრანგეთი)
2 ედიტ ბოსხი (ჰოლანდია)
3 იორიკო კუნიჰარა (იაპონია)
3 ანეტ მესაროში (უნგრეთი)
78 კგ
1 ოდრი ჩომო (საფრანგეთი)
2 აკარი ოგატა (საფრანგეთი)
3 მაირა აგიარი (ბრაზილია)
3 კაილა ჰარისონი (აშშ)
ოთარ მაღლაკელიძე







