ჩოგბურთი

17:59 | 22.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მონაკო გრიმალდებისაა, მონტე კარლო – ნადალის

გრიმალდების სამეფოს მონაკოს ქალაქ მონტე კარლოს “მასტერზ100”-ის ფინალში ზედიზედ მერვედ გააღწია რაფა ნადალმა და მიჯრით მერვედ მოიპოვა შეჯიბრების მთავარი პრიზი. 2005 წლიდან მოყოლებული რაფა მონტე კარლოს ტურნირის ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობს. ამჯერად ნადალმა პლანეტის ნომერ პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს 2 სეტით, 6:3, 6:1 მოუგო. შეგახსენებთ, ეს ჩოგბურთელები ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში 2009 წელსაც შეხვდნენ და მაშინ რაფამ სამი სეტით შეძლო ოპონენტის ძლევა. მალიორკელმა წლეულს თავისი პირველი ტურნირი მოუგო, კარიერის განმავლობაში დაუფლებულ ტიტულთა რაოდენობა 47-მდე გაზარდა და ჯოკოვიჩთან ზედიზედ წაგებულ მატჩთა მწკრივი “გაწყვიტა”.
მთავარი პრიზის საზეიმო ცერემონიალზე ჯოკოვიჩმა მაყურებელს ჯერ ფრანგულად მიმართა, შემდეგ ინგლისურზე გადაერთო და მონტეკარლოელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ნოლემ” აღნიშნა, რომ ფინალში “დიდი ჩემპიონი” დაუპირისპირდა და მარცხის მიუხედავად, ფინალში ასპარეზობით მაინც კმაყოფილი დარჩა. ამასთან, სერბმა მომავალ წელს ამ შეჯიბრებაზე გამოსვლის სურვილი დაადასტურა, მონტე კარლო და მისი ცენტრალური კორტი კი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მოიხსენია.  
მთავარი პრიზის ჩაბარების შემდეგ რაფა ნადალი შეკრებილ მაყურებელს ფრანგული “ბონჟურით” მიესალმა, დასკვნითი სიტყვა კი ესპანურად განაგრძო. მან მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს, მაყურებელს და ფინალის მეტოქეს. მონტე კარლოს “მასტერზე” ნადალისთვის მეტად მნიშვნელოვანი ტურნირია და იგი მომდევნო სეზონებშიც მის მოგებას შეეცდება.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095257