შაბათ-კვირას, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია 1999-2000 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელმაც 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პირველობას წინ რეგიონალური ჩემპიონატები უძღვოდა. დასკვნით ტურნირზე თითოეული რეგიონი იმდენ სპორტსმენს წარმოადგენს, რამდენიც ფედერაციისგან წინასწარ დაუწესდა ქვოტად. შედეგად, რვავე წონაში მაქსიმუმ 32-32 სპორტსმენი მოიყრის თავს და წინასწარი ეტაპის შეხვედრები მეთექვსმეტედფინალით დაიწყება. შედარებისთვის, სამიოდ თვის წინ, ამ ასაკის ძიუდოისტებს შორის ჩატარებულ შიდა პირველობაზე უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე მოგროვდა და რამდენიმე წონაში ტურნირი ასოცდამერვედფინალითაც კი დაიწყო.
17 მარტს მედლები 30, 34, 38 და 42 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 18 მარტს კი საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში – 46, 50, 55 და +55 კილოგრამებში გათამაშდება.
1999-2000 წლებში დაბადებულთა ნაკრებს ვეტერანი ძიუდოისტი ირაკლი უზნაძე კურირებს.
ოთარ მაღლაკელიძე







