დღეს გამთენიისას, ქალთა საჭადრაკო კლუბი “სამაია” ევროპის ქალთა და ვაჟთა საკლუბო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა, რომელსაც 17-23 ოქტომბერს ქალაქი პლოვდივი (ბულგარეთი ) უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ “სამაია”, სულ რაღაც ერთი წლისაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით დაარსდა და შარშან, მაკედონიაში გამართულ ანალოგიურ ტურნირში, მესამე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონაზე, ისევე, როგორც შარშან, “სამაიას” ამჯერადაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დააფინანსებს. გუნდის შემადგენლობაში არიან მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (2500 ქულა), დრეზდენის 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი (2451), ხანტი-მანსიისკის (რუსეთი) 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი სალომე მელია (2439), ბელა ხოტენაშვილი (2464) და საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ნინო ხურციძე (2435). გუნდის კაპიტანია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ხოლო მწვრთნელად ხვიჩა სუპატაშვილი იმუშავებს. პლოვდივის 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე “სამაია” მესამე ნომრად არის განთესილი და ერთ-ერთი სინჯის მდელის მოპოვების კანდიდატად ითვლება. საჭადრაკო კლუბ “სამაიას” ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც სეოკ-ის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.
სიტყვით გამოვიდნენ სეოკის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, გია გიორგაძე და მაია ჩიბურდანიძე.
გია ნაცვლიშვილი: “მართალია, ჭადრაკი ოლიმპიური სახეობა არაა, მაგრამ ქალთა ჭადრაკს იმდენად დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული სპორტის განვითარებაში, რომ გადავწყვიტეთ ქალთა კლუბ “სამაიას” ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ კლუბი მთლიანად ეროვნული ნაკრების წევრებით და წევრობის კანდიტატებით არის დაკომპლექტებული. მაკედონიაში “სამაიას” მხარეს ცოტა იღბალიც რომ ყოფილიყო, მესამეზე უკეთესი ადგილის მოპოვებაც შეიძლებოდა. იმედია, ამჯერად პროგრესი გვექნება და ოქროს, ან ვერცხლის მედალს მოვიპოვებთ”.
გია გიორგაძე: “დიდი მადლობა სეოკ-სა და მის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს, რომელიც “სამაიას” აფინანსებს. “სამაია” ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია. პლოვდივში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბრინჯაოზე უკეთესი ხარისხის მედალი მოვიპოვოთ”.
მაია ჩიბურდანიძე: “სეოკ-ი არ არის ვალდებული ჭადრაკს ხელი შეუწყოს, მაგრამ გვეხმარება. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის სეოკ-სა და მის ხელმძღვანელობას. თუ უფალი შეგვეწია, ბულგარეთში უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე მაკედონიაში”.
სუპატაშვილის განცხადებით, “სამაიას” შემადგენლობაში 1-4 დაფებზე, შესაბამისად ჩიბურდანიძე, ჯავახიშვილი, მელია და ხურციძე ითამაშებენ, ხოლო სათადარიგო მოთამაშე ხოტენაშვილი იქნება.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდება, რომელშიც 13 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სულ, ევროპის ჩემპიონატზე 20 ფედერაციის 59 მოჭადრაკე ითამაშებს.
სეოკ-ში დასრულებული პრესკონფერენციის შემდეგ, ვერის ბაღში მდებარე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის შენობაში გადავინაცვლეთ, სადაც გია გიორგაძემ ბათუმში ჩატარებული ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის პრიზიორები და მათი მწვრთნელი დააჯილდოვა და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილენი გაგვაცნო, რომელიც 19-31 ოქტომბერს ჩატარდება და ჰალკიდიკი (საბერძნეთი) უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონებს 1000-1000, ვიცე-ჩემპიონებს 700-700, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელებს 500-500 ლარი გადაეცათ. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსული მოჭადრაკისთვის დაწესებული ფულადი პრიზის ნახევარი იყო დაწესებული მისი პირადი მწვრთნელისთვის. ასევე დაჯილდოვდა ევროპის 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით გურგენიძე.
ევროპის 2010 წლის ჩემპიონები ქეთი წაწალაშვილი (18 წლამდე) და მარიამ დანელია (16) გახდნენ, ვერცხლის მედლით მერი არაბიძე (16) და ნატა ჯიბუტი (10) დაკმაყოფილდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები დეა გოგიშვილი (10) და ნინო ჯალაღონია (10) გახდნენ. გიორგაძემ პრესკონფერენცია საინტერესო ინფორმაციით გახსნა: “ახლა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან მოვდივარ, სადაც მაცნობეს, რომ გამოვიდა ქართული მარკა, საჭადრაკო ოლიმპიადის ოთხგზის გამარჯვებულ საქართველოს ქალთა ნაკრების გამოსახულებით. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოასპარეზე ჩვენს გოგო-ბიჭებს, მინდა წარმატება ვუსურვო და გაცნობოთ, რომ გულს არც იმ მოჭადრაკეებს დავწყვეტთ, ვინც ჰალკიდიკში წარმატებას მიაღწევს და ისევე დავაჯილდოვებთ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსულ სპორტსმენებს”.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ალექსანდრია: “მინდა ჩვენს მომავალ თაობას მივულოცო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა. ორ ოქროს მედალზე მეტი აგვიღია, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეროპის ჩემპიონატზე 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოვიპოვეთ. გისურვებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკეთესი შემდეგი გეჩვენებიოთ”.
მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ: 8 წლამდე - თამარ ესაძე, ლუკა ობოლაძე, 10 - ნატა ჯიბუტი, ირაკლი ახვლედიანი, 12 - ნინო ხომერიკი, მარიამ ჯავახიშვილი, ნიკა ღვამბერია, 14 - ანა შამათავა, ირაკლი ბერაძე, 16 -ნანი უნაფქოშვილი, მარიამ დანელია, მერი არაბიძე, ნიკა ვოლკოვი, 18 - ნათია ჯალაბაძე, ქეთი წაწალაშვილი, გიორგი ნიკოლაშვილი. დელეგაციას დავით კოდუა უხელმძღვანელებს.
როლანდ ლაბუჩიძე







