ინტერვიუები

17:25 | 9.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხაელ ცორკი: “ლევანდოვსკი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმა არაა”

მიხაელ ცორკმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” ერთად ბევრ წარმატებასაც მიაღწია და უიღბლო პერიოდშიც რურის კლუბის წევრი გახლდათ. 1995 და 1996 წლებში ცორკი ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა, 1997-ში კი ოტმარ ჰიტცფელდის გაწვრთნილ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა. ამჟამად მიხაელი დორტმუნდელთა სპორტული დირექტორია და გუნდის მიერ წინა 2 სეზონში ზედიზედ მოპოვებული საჩემპიონო წოდება გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა.

 
- გასულ წელს დორტმუნდის “ბორუსიამ” სპონსორთა მეოხებით და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული გამოსვლით სარეკორდო რაოდენობის შემოსავალი მიიღო. ამ თანხას ახალი ფეხბურთელების შესაძენად არ დახარჯავთ?
- ფული განხორციელებული ტრანსფერების შედეგადაც შემოგვივიდა. რაციონალურად ვმოქმედებთ და იმ ნაბიჯებს ვდგამთ, რომლებიც კლუბისთვის სასარგებლოა. ამასთან საკუთარ პრინციპებს არ ვუღალატებთ და ხმაურიან შენაძენს არ გავაკეთებთ. გამონაკლისი მხოლოდ მარკო როისის შემთხვევა იყო, როდესაც მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადავიხადეთ. მაგრამ ეს ჩვენთვის იშვიათი გამონაკლისი შემთხვევაა. ამგვარი ტრანსფერის განხორციელებისას 100 პროცენტით დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, იოტისოდენა შეცდომასაც რომ არ ვუშვებთ.
- თქვენი და მიუნხენის “ბაიერნის” ძირითად შემადგენლობებს თვალს თუ გადავავლებთ, პრაქტიკულად თანაბარი ძალის ფეხბურთელები გყავთ, ოღონდ ბავარიელებს უფრო სოლიდური სათადარიგოთა სკამი ჰყავთ. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას აპირებთ?
- ბოლო 2 წლის განმავლობაში “ბაიერნმა” 100 მილიონი დახარჯა შემადგენლობის მოსაძლიერებლად. სადღეისო ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ამგვარ დანახარჯს ნამდვილად ვერ გავწევთ. თანაც “დორტმუნდს” განსხვავებული სტრატეგია აქვს და “ბაიერნის” მიბაძვას არ ვაპირებთ. უმჯობესია გუნდში უკვე მყოფმა ფეხბურთელებმა დახვეწონ კიდევ უფრო თავიანთი ოსტატობა. 
- გამოდის, გუნდის ამა თუ იმ პოზიციის მოსაძლიერებლად მხოლოდ ახალგაზრდა და გამოუცდელ მოთამაშეებს დაიმატებთ?
- საქმეს დოგმატურად არ ვუდგებით. კლუბი მხოლოდ ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და თუკი საშუალება გაგვიჩნდა, ძვირადღირებული ფეხბურთელების ყიდვაზეც დავფიქრდებით. ნებისმიერ გადაწყვეტილებას კი დორტმუნდის “ბორუსიას” საკეთილდღეოდ მივიღებთ.
- ინტერნეტფორუმებში ბევრს საუბრობენ და კამათობენ იმაზე, დაბრუნდება თუ არა ნური შაჰინი დორტმუნდში?
- ამ დისკუსიას თვალს მეც ვადევნებ. ნურის ჩვენთან დაბრუნების თემა პირველმა Daily Mail-მა წამოწია. არ მინდა, პრესაში თუ სოციალურ ქსელში გაჟონილ ყველა ცნობას კომენტარი გავუკეთო. ჩვენ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყოველდღიურად უამრავი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. 
- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ნევენ სუბოტიჩსა და სვენ ბენდერთან კონტრაქტი გაახანგრძლივეთ. როდის მოეწერება ხელი ახალ ხელშეკრულებებს რომან ვაიდენფელერთან, მარსელ შმელცერთან, კევინ გროსკროიცსა და სებასტიან კელთან?
- როდესაც ყველა საკითხი შეთანხმდება და კონტრაქტებიც გაფორმდება, გულშემატკივარს უმალ საქმის კურსში ჩავაყენებთ.
- მოდით ნომერ პირველ სადისკუსიო თემას შევეხოთ. რა მომავალი ელის რობერტ ლევანდოვსკის?
- ლევანდოვსკის კონტრაკთან დაკავშირებით სიახლე ჯერჯერობით არაა. მას კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულამდე აქვს ხელმოწერილი. ყოველმხრივ შევეცდებით, რობერტი ამ ვადის გასვლის შემდეგაც “დორტმუნდის” წევრად დარჩეს. რამდენიმე კვირაში ყველაფერს ნათელი მოეფინება. ლევანდოვსკისთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჯერჯერობით, ლევანდოვსკი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმა არაა, თუმცა, მოთმინებით წარმოებული მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს.
 
გოჩა კაჭარავა
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166587