ინტერვიუები

12:05 | 12.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: ”პოლიტიკაში არასდროს ჩავერევი”

2007 წლის 26 იანვარს, ქართველთათვის საამოდ გასახსენებელ გერმანულ ქალაქ დიუსელდორფში ჩატარებულ უეფას კონგრესზე, ევროპულ ფეხბურთში ახალი ერა დადგა – “ძველი კონტინენტის” საფეხბურთო სამყაროს მმართველი ორგანოს თავკაცად მიშელ პლატინი აირჩიეს. მას შემდეგ, თითქმის 3 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში პლატინიმ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. საფრანგეთის ნაკრების, “სენტ ეტიენისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა “ათიანმა” ბოლო მოუღო ევროპის ბობოლა კლუბების დაპირისპირებას ფიფა-უეფასთან, ევროთასების ფორმატის შეცვლა მოახერხა, პოპულარობადაცემულ უეფას თასის ნაცვლად, ევროპის ლიგის ტურნირი დააფუძნა და სამომავლოდაც ბევრი სიახლის დანერგვას აპირებს. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი მუსიე მიშელი ენერგიულად და შემოქმედებითად მოღვაწეობს, რაც ევროპული ფეხბურთის შემდგომი განვითარების საწინდრად უნდა მივიჩნიოთ. პლატინის პოპულარული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” კორესპონდენტი შეხვდა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პირველ პირს საინტერესო ინტერვიუც ჩამოართვა.

- საუბარი ევროპის მომავალი ჩემპიონატის საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობით დავიწყოთ. როგორ გგონიათ, კონტინენტის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება პოლონეთსა და უკრაინას ნაადრევად ხომ არ მიანიჭეს?
- გითხრათ ნამდვილი, ოდნავ გავრისკეთ, როცა არჩევანი იმ ქვეყნებზე გავაკეთეთ, რომელთაც მნიშვნელოვანი ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება არ აქვთ. არც ინფრასტრუქტურა იყო მაინცა და მაინც გამართული, მაგრამ ვფიქრობ, მაინც სწორი ნაბიჯი გადავდგით. ევრო-2012-ის მასპინძლობა რომ არა, ვინ იცის, როდის გაარემონტებდნენ და ააშენებდნენ სტადიონებს პოლონელები და უკრაინელები. ეს სარბიელები მათ შემდგომშიც ძალიან გამოადგებათ და კომფორტული არენები ფეხბურთის შემდგომ განვითარებას ბიძგს მისცემს ამ დიდ ქვეყნებში. უკრაინასა და პოლონეთში უკანასკნელად დეკემბერში გახლდით. ვერ ვიტყვი, რომ ცოტაა გაკეთებული, მაგრამ შესასრულებელი სამუშაოც ბლომადაა. ყველაზე მეტად ვროცლავის ბედი გვაღელვებს, მაგრამ ქალაქის მესვეურები გვარწმუნებენ, “მოსტოსტალის” სტადიონს დროულად შევიყვანთ ექსპლუატაციაშიო და ჩვენც ვიმედოვნებთ, მატჩების სხვაგან გადატანა არ მოგვიწევს.
- ბევრი ხაზგასმით ამბობს, რომ უეფას პრეზიდენტობის 3 წლის განმავლობაში იმდენი შეძელით, რაც თქვენი პრეზიდენტად არჩევის მომენტში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. თავად თუ ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- წინასწარი დაპირება არავისთვის მიმიცია - უბრალოდ, საქმის სიყვარულით, ენთუზიაზმით შევუდექი უეფას პირველი პირის მოვალეობის შესრულებას. ამიტომაც ნაღდად ვერ გეტყვით დასახულზე მეტი, ან თუნდაც ნაკლები რომ გავაკეთე. ყოველდღიურად მოუღლელად ვმუშაობდი, კაბინეტიდან შუაღამემდე არ გამოვდიოდი და უპირველესად, ამით აიხსნება მიღწეული სასიკეთო ძვრები. ძალიან მახარებს კლუბებსა და უეფას შორის მიღწეული შეთანხმება, რამაც საფეხბურთო სამყარო ერთ ოჯახად შეკრა. ჩემი მუშაობის პრინციპი კი მოკლედ ასე შემიძლია ჩამოვაყალიბო: სპორტის ყველასთვის საყვარელი სახეობა - ფეხბურთი, - გარეშე ძალის უხეში ჩარევისგან უნდა დავიცვათ. სადღეისო გადასახედიდან გამოიყურება, თითქოს კლუბებთან ისტორიულ შეთანხმებას ძალდაუტანებლად მივაღწიეთ და კონსენსუსიც იოლად შედგა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა ტიტანური შრომის ფასად დაჯდა ყოველივე. პირადად ჩემთვის, ყველაზე სასიამოვნო ის გამოდგა, რომ კლუბები ჯიუტად ბოლომდე არ იცავდნენ თავიანთთვის მომგებიან პოზიციას და გარკვეული ასპექტით, დათმობაზეც წამოვიდნენ.
- ფეხბურთის ისტორიაში იმ ფუნქციონერად შეხვალთ, რო-მელმაც წერტილი დაუსვა საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე “ცივ ომს”...
- ასე არ ვთვლი. ჯერ ერთი, პოლიტიკოსი ხომ არ ვარ “საზავო ხელშეკრულებებს” მოვაწერო ხელი. ჩემი ამოცანა, ერთი შეხედვით, მარტივი გახლდათ - გონიერი ადამიანების ძალისხმევა გავაერთიანე. მათ მშვენივრად ესმით, ერთმანეთსაც რომ სჭირდებიან და რაც უმთავრესია, ფეხბურთისთვის ასე რომ აჯობებს. თუ გულით გვინდა ფეხბურთი მილიარდობით ადამიანის საყვარელ თამაშად სამომავლოდაც რომ დარჩეს, პირადული ზრახვები და ამბიცია ოდნავ მაინც უნდა დავიოკოთ. პოლიტიკაში კი არასდროს ჩავერევი. 45 წელი საფეხბურთო სამყაროში გავატარე. ვფიქრობ, ცოტა არ გამიკეთებია და სამომავლოდაც მხოლოდ ფეხბურთის სამსახურში ვაპირებ დარჩენას; მხოლოდ მის საკეთილდღეოდ ვდგამ ნებისმიერ ნაბიჯს.
- დაახლოებით წლის წინათ კლუბებსა და უეფას შორის გაფორმებული მემორანდუმით, გამარჯვებული რომელი მხარე დარჩა?
- მიღწეული შეთანხმებით, გამარჯვებულ-წაგებული არც ერთი მხარე არ დარჩენილა. თუკი შარშან ზაგრებში ჩატარებული უეფას კონგრესის დახურვის დღეს ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვას გაეცანით, ეს კითხვა არ უნდა დაგესვათ. ხორვატიის დედაქალაქში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - გამარჯვებული ფეხბურთი დარჩა. შეთანხმების მთავარი ღირებულება ისაა, რომ მან საშუალება მოგვცა კონფლიქტების ერა წარსულში დაგვეტოვებინა. ამიერიდან, ყველამ ზედმიწევნით ზუსტად იცის საკუთარი უფლება-მოვალეობები. ევროპულ კლუბთა ასოციაციის შექმნის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროში ჰარმონიამ და სიმშვიდემ დაისადგურა.
- თქვენეული ხედვით, ფეხბურთი როგორი უნდა იყოს?
- ახალს არაფერს გეტყვით - საერთო მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. ფედერაციები, ეროვნული ნაკრებები, კლუბები, მოთამაშეები და მსაჯები საერთო საქმის სამსახურში ჩავაყენეთ. მათ კარგად ესმით, დადებითი შედეგი მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებით მიიღწევა. უეფა კი თავს, ზემდგომ ორგანოდ სულაც აღარ მიიჩნევს. ჩვენთვის ძველთაძველი რომაული პრინციპი - “გათიშე და იბატონე” - კატეგორიულად მიუღებელია. 
- უეფას მიერ უახლოეს პერიოდში ჩასატარებელ სამუშაოზე რას გვეტყოდით?
- დაუნდობელი ბრძოლაა გამოსაცხადებელი არალეგალური ტოტალიზატორების წინააღმდეგ. ბოლო უნდა მოვუღოთ ძალადობას, რასიზმს, კორუფციას... საერთოდაც, ფეხბურთი ყოველგვარი ექსტრემისტური გამოვლინებებისგანაა საბოლოოდ გასათავისუფლებელი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით, ახლა კი საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
- ევროპის ლიგის თასის დაარსების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლასაც აპირებთ. იქნებ, კონტინენტის ყველაზე პოპულარული საკლუბო ტურნირის რეორგანიზაციის თქვენეული გეგმა გაგვანდოთ...
- რეორგანიზაცია ხმამაღალი სიტყვაა, გარკვეული ცვლილებები კი მოხდება. შეამჩნევდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი განსხვავებულად ჩატარდა, რამაც ასპარეზობის ისტორიაში პირველად, უნგრეთის ჩემპიონს მისცა მონაწილეობის საშუალება. ჩემი იდეაა იტალიის, ესპანეთისა და ინგლისის კლუბების საჩემპიონთალიგო ლიმიტი სამამდე დავიყვანოთ. ეს მომავალი ტურნირიდან არ მოხდება, მაგრამ იმედია, ამ ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს წინადადებას, რითაც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე ქვეყნების გეოგრაფია კიდევ უფრო გაიზრდება.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09337