ფეხბურთი

1:18 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიქსუ პაატელაინენი: “ჯგუფში მე-3 ადგილი დამსახურებულად დავიკავეთ”

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ფინელთა მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი დამსახურებულად დაიტოვა.   

მიქსუ პაატელაინენი: “საქართველო ძალიან კარგი გუნდია. სწრაფი ფეხბურთელები და გამორჩეულად ძლიერი დაცვა ჰყავს. ნახევარდაცვა კარგად თამაშობს. თემურ ქეცბაიას გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია. გვსურდა ისეთივე თამაში გვეთამაშა, რაც ვაჩვენეთ და ეს გამოგვივიდა. მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. კენჭისყრის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ჯგუფში საქართველო, ფინეთი და ბელარუსი მე-3 ადგილზე გასვლისთვის კონკურენტები იქნებოდნენ. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე თამაშს ვაუმჯობესებდით. ფინეთის ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დამსახურებულად დაიკავა”.

- საქართველოს ნაკრებში დანიშნული პენალტი რამდენად სამართლიანი იყო?

-კონკრეტული მომენტი კარგად ვერ დავინახე, რადგან ბევრი ფეხბურთელი ხელს მიშლიდა. ვფიქრობ, მსაჯმა ხშირ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, იმედგაცრუებული ვიქნებოდი როგორც პენალტის დანიშვნის დროს, ასევე, სხვა შემთხვევებშიც. თუმცა, მე ფინეთის ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ შანსი გქვინდა, რომ 3-4 გოლი გაგვეტანა.

- მატჩის ბოლოს შემტევი ფეხბურთელები შემოიყვანეთ. ეს დროის გასაყვანად ტაქტიკური ცვლილება იყო თუ იგრძენით, რომ გოლის გატანა კიდევ შეგეძლოთ?

- მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა, თამაში ტაქტიკურად საინტერესო იყო და გოლის გატანა შეგვეძლო. ეს ცვლილებები მარტივი გადაწყვეტილება იყო.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელი განსაკუთრებით თუ მოგეწონათ?

- საქართველოს დაცვის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო. ქართველ ფეხბურთელებს კარგი დრიბლინგი აქვთ. გუნდის ნახევარდაცვა დაბალანსებულია. საქართველოს ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა.

- აღნიშნეთ, რომ ფინეთის ნაკრები ტურიდან ტურამდე თამაშს აუმჯობესებდა. მაშინ, როდესაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს, საქართველოს და ფინეთის დონის ნაკრებები ფინალურ ეტაპზე მოხვედრას რამდენად შეძლებენ?

- რა თქმა უნდა, გვსურს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიოთ და საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ამ ჯგუფში მე-3 ადგილი დავიკავეთ და გამორიცხული არაა, მომავალ შესარჩევ ციკლშიც იგივე გამეორდეს. ჩვენი მიზანი 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ ან 2018 წელს – მსოფლიო ჩემპიონატზე.

- ფინეთმა, საქართველოსთან და ბელარუსთან 4-4 ქულა აიღო. რომელი უფრო ძლიერი გუნდია საქართველო თუ ბელარუსი?

- ორივესთან თამაში საკმაოდ რთული იყო. გამიჭირდება ვთქვა, საქართველო უფრო ძლიერია თუ ბელარუსი. ჩვენი ფეხბურთელებს ასეთი დონის გუნდებთან, როგორიც ამ ჯგუფში გვყავდა, თამაშის გამოცდილება არ ჰქონდათ. ფეხბურთელების დამსახურებაა, ჯგუფში მე-3 ადგილი რომ დავიკავეთ.

ლაშა თაბაგარი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13611