ძიუდო

21:25 | 26.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა ახალგაზრდებს ლონდონი უსურვა

მაროკოდან დაბრუნებული საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან და გუნდის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად დიღმის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ესტუმრა. ლადო ვარძელაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს ავთანდილ ჭრიკიშვილსა (81 კგ) და ზებედა რეხვიაშვილს (73 კგ) ქალაქ აგადირში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა. შეგახსენებთ, ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რეხვიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა კი გუნდურ ჩათვლაში მე-5 ადგილი დაიკავა.
“მთელ საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას. ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა წელს განსაკუთრებით მაღალ შედეგებს მიაღწია. გვყავს მსოფლიოს ჩემპიონი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. ეს ახალგაზრდა მართლაც საოცარი სპორტსმენია და მას დიდი მომავალი აქვს. იმედი მაქვს, ეს ბიჭები ღირსეულად ჩაანაცვლებენ ეროვნული ნაკრების ლიდერებს. მათთან შიდა კონკურენციაში უკვე ნოემბერში ჩაერთვებიან, საქართველოს ჩემპიონატზე და შანსი ეძლევათ, ჯერ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვონ, შემდეგ კი იქაც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ. წარმატებული სპორტსმენები სახელმწიფოსა და სპორტის სამინისტროს მხრიდან მუდმივად წახალისდებიან ფულადი პრემიებით. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებულისთვის 15 ათასი დოლარია დაწესებული, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებზე კი 10 და 5 ათასი. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს გაწეული სამუშაოსთვის” - განაცხადა ვარძელაშვილმა.
შეგირდების გამოსვლა ახალგაზრდული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი გუგავამ შეაფასა.
“გუნდი ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდა და აქედან გამომდინარე, 3-4 მედალს ვგეგმავდით. თუმცა, ზოგმა ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო დაძაბულობას, ზოგმა – ძლიერ კონკურენციას. ბოლო საშეჯიბრო დღეს თუ არ ჩავთვლით, უმედლოდ დარჩენილმა ბიჭებმა ძირითადად აზიელ მეტოქეებთან წააგეს შეხვედრები. ამას მათ გამოუცდელობას ვაბრალებ, რადგან აზიელ კონკურენტებთან ბრძოლის პრაქტიკა აკლიათ. სამომავლოდ სასურველია, გუნდი ისეთ საერთაშორისო ტურნირებზე გამოვიდეს, სადაც იაპონელები და კორეელებიც მიიღებენ მონაწილეობას. მსოფლიოს პირველობაზე წარმატება ევროპირველობასთან შედარებით გაცილებით ძნელია. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ, ყველა ძლიერ ნაკრებს ორი შემადგენლობა გამოჰყავს. ასეთი კონკურენცია რომ დაძლიო, ჭრიკიშვილი უნდა იყო. საოცრად იჭიდავა. ნახევარფინალში ძალიან ძლიერ იაპონელს მოუგო და ფინალამდე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ამ ქვეყნის მთელი სამწვრთნელო შტაბი ვიდეოჩანაწერების გარჩევით მსჯელობდა, რა დაეპირისპირებინათ ჩვენი ძიუდოისტისთვის. როგორც მერე შევიტყვე, პატარა ნაკლიც კი ვერ მოუძებნეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ჭრიკიშვილმა მეორე სპორტსმენიც დაუმარცხათ და ჩემპიონი გახდა, სადაც კი ხვდებოდნენ, თავის დაკვრით გამოხატავდნენ მისდამი პატივისცემას. მართლაც, ამოუცნობი სპორტსმენია. როცა ტატამთან ვზივარ, მეც კი არ მომდის აზრად, რა ფანდი შეიძლება გააკეთოს. მისი ჭიდაობა მოულოდნელობებითაა სავსე. ძალიან კარგად გრძნობს ჭიდაობის დინამიკას და ეს მისი ბუნებრივი ნიჭია. შემიძლია დავჯდე და მშვიდად ვუყურო, რას იზამს, ისე, რომ არაფერი ვუკარნახო. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც შეუდარებელია. ნერვები საერთოდ არ აქვს. თამამად ვიტყვი, ეს ბიჭი აღმოჩენაა თანამედროვე ძიუდოში” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გუგავამ.
ბოლოს კომენტარი თავად მსოფლიოს ჩემპიონმაც გააკეთა:
ავთანდილ ჭრიკიშვილი: “ჩემთვის ყველაზე რთული ფინალში გადასასვლელი შეხვედრა იყო, სადაც იაპონელს დავუპირისპირდი. დავიღალე, მაგრამ მაინც შევძელი გამარჯვება. ჩემპიონობისთვის მზად ვიყავი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. სპორტსმენი ყველა შეჯიბრზე თავდაჯერებული უნდა მიდიოდეს და მაღალი შედეგის მისაღწევად მუდამ მზად იყოს. სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი პრემია ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. ახლა უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის სამზადისზე გადავერთვები და ვეცდები თავი არც იქ შევირცხვინო. ეროვნული ნაკრების წევრების პირისპირ დადგომა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. ძალიან მინდა ძირითად ნაკრებში ადგილი დამსახურებულად მოვიპოვო”.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164867