სტატიები

10:35 | 28.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

მილიონერები ობამას სამსახურში

90-იანი წლების შუაში, როცა ამერიკაში მორიგი საპრეზიდენტო კამპანია იყო გახურებული, „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს, ერთი შეხედვით, „სამქულიანი“ კითხვა დაუსვეს - სწირავთ თუ არა დემოკრატიული პარტიის კანდიდატების ფონდს ფულსო...
ჯორდანმა „სამქულიანს“ გონებამახვილურად „დააფარა“: არა, რადგან „Air Jordan“-ის „სნიკერსს“ რესპუბლიკელებიც მიირთმევენო...
მას შემდეგ კარგა ხანი კი გავიდა, მაგრამ ბუნებრივია, საინტერესოა, როგორ არიან პოლიტიკასთან „ჰაერის მეფის“ მემკვიდრეები, თანამედროვე ვარსკვლავებსაც ჯორდანივით „დამტკბარ-ნეიტრალური“ პოზიცია უჭირავთ, თუ რომელიმე პარტიის ხიბლში არიან და პროფესიას მოქალაქეობრივი პოზიციის სამსახურში იყენებენ...
როგორც აღმოჩნდა, NBA პოლიტიზირებულია. ამის დასტურად, 12 დეკემბერს, ვაშინგტონში „ერთი გაყოლა ხალხი“ კალათბურთის სათამაშოდ დაირაზმება და მთელი შემოსული თანხით, ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეეწევა.
მინიმალურფასიანი ბილეთი ამ მატჩზე 100 დოლარი ეღირება, ის პატივცემულები კი, რომლებიც მოედანთან ახლო ჯდომას ინებებენ, ქისას 5000 დოლარით შეიმსუბუქებენ და რესპუბლიკელებს ნუგეშად ისღა დარჩენიათ, ვაშინგტონური „ივენთის“ მონაწილეები გადათვალონ და მათი გვარ-სახელები დაიმახსოვრონ...
აი, ისინიც: კარმელო ენტონი (“ნიქსი”), რეი ალენი (“სელტიქსი”), კრის ბოში (“მაიამი”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა”), კრის პოლი (“ნიუ ორლეანი”), დუაიტ ჰოვარდი (“ორლანდო”) - დანარჩენების სახელებიც სულ მალე გახდება ცნობილი.
მარგალიტასი არ იყოს, „იმნაირად“ ნურავინ გაიგებს, რომ ამერიკა არჩევნების დროსაც ამერიკაა და დასამახსოვრებელ ვარსკვლავებს სამსახურიდან არავინ დაითხოვს. უბრალოდ, რესპუბლიკური პარტიის მომხრეებს შეუძლიათ, რომ ვაშინგტონური მატჩის მონაწილეთა მიერ რეკლამირებული პროდუქცია არ შეიძინონ და ამით უპასუხონ პოლიტიკურად ანგაჟირებულ მილიონერებს.
თავის მხრივ, დრო იშოვეს„ობამანომიკის“ მოწინააღმდეგეებმა და უკვე დაამუნათეს მატჩის მონაწილე კალათბურთელები - „ფიფთი ფიფთი“ კომბინაციაზე უარს რომ ამბობთ, რაღაც ორი პროცენტისთვის ათიათასობით ადამიანი უმუშევარი რომ დატოვეთ და კიდევ მეტს შემოსავალი შეუმცირეთ, კეთილი ინებეთ და, საკალათბურთო შეხვედრების მომსახურე პერსონალზეც იფიქრეთო... არგუმენტია, რიყის ქვას გახეთქავს და საკალათბურთო ბადეს დაგლეჯს, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - ის „რაღაც“ ორი პროცენტი, ორი მილიარდია და...
კი ღირს ჩიტი ბრდღვნად, რას იტყვით?
სანამ ლოკაუტია და კალათბურთს „სძინავს“, პიტსბურგი სიდნი კროსბიმ დაბომბა - მოვიდა, ნახა და გაიმარჯვა. ნიუიორკული „აილენდერსის“ წინააღმდეგ მოსრიალე „პინგვინებს“, კაპიტანი 6 იანვრის მერე  პირველად დაუბრუნდათ და პინგვინი რა მოსატანია, 5:0 მოგებულ შეხვედრაში ლომის წილი დაიდო. 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა - ასეთი გახლდათ  სიდნის მონაგარი ლამის თერთმეტთვიანი უქმობის შემდეგ.
აჟიოტაჟი უფრო მეტი იყო, ვიდრე 11 წლის წინ - როცა „პინგვინებს“ კროსბის კერპი მარიო ლემიე დაუბრუნდა. ეს 2000 წლის 27 დეკემბერს მოხდა და „ტორონტო მეიფლ ლივზთან“ „სუპერმარიოს“ წვლილი, მას რომ შეეფერებოდა ისეთი იყო - გოლი და 2 საგოლე პასი...
კროსბის პრესკონფერენციამ ერთი ქართული პრესკონფერენცია გამახსენა - მის მოსასმენად თავი 250-მა ჟურნალისტმა მოიყარა და ყველაზე ძვირადღირებულმა პიტსბურგელმა ალალად დააკმაყოფილა მათი ინტერესი: „ვფიქრობდი და ვნერვიულობდი, ტვინის შერყევის მერე, ორთაბრძოლებისაც მეფიქრებოდა, მაგრამ რაკი ასე კარგად დამთავრდა ყველაფერი, აწი, მე ვიცი და ჩემმა ყვანჯმაო...
სხვათა შორის, მატჩს 18387 მაყურებელი დაესწრო და „შავ ბაზარზე“ „გალიორკის“ ბილეთი 275 დოლარი ღირდა - კრიზისი და უმუშევრობა ეძახეთ თქვენ...
ამასობაში, ბიონსეს ღამის ფიქრების მესაიდუმლემ და ლებრონ ჯეიმსის ძმაკაცმა ჯეი ზიმ, ერთხელაც გამოხატა სამომავლოდ ბრუკლინური და ამჟამად ნიუ ჯერსული „ნეთსის“ მხარდაჭერა. რეპერმა გვამცნო, რომ მომავალ შემოდგომაზე 8 კონცერტს გამართავს კლუბის მხარდასაჭერად. როგორც ჩანს, „ბრუკლინ ნეთსი“ მალე მოიცილებს უხეირო კლუბის მანტიას - რაკიღა, ინტერესი იმდენად დიდია, რომ წლიური აბონემენტი უკვე 15400 დოლარი ღირს. ასე ხომ, მხოლოდ დიდი გუნდები იწყებენ...
საცა ჯეი ზი, იქაც მეო, ქმარს მხარი აუბა ბიონსემ და „ბრუკლინ-ნეთსს“, სავარაუდოდ, ისიც დაამშვენებს - შესაბამისად, მეტი ფული შევა საკლუბო ხაზინაშიც. კი, „ნეთსის” მეწილეთა შორის ჯეი ზიც ირიცხება, მაგრამ როგორც ამბობენ, იგი წვრილმანი კაცი ნამდვილად არაა და საკონცერტო ჰონორარს არ ჩაიჯიბავს.
ეს სპორტულს რაც შეეხება და არასპორტულიც იყო. ჯერ ამაოდ საცქერზე - ამერიკამ მორიგი მადლიერების დღესასწაული მიაბარა ისტორიას და ინდაურებსაც მორიგი ბართლომეს ღამე დაუტრიალა. რა ზომისა და წონის ინდაური არ იწვებოდა რესტორნებში და კაფეებში, შინ და გარეთ, მდიდართან და ღარიბთან... საქართველოში ეს ფრინველი, ჩვეულებრივ, საცივში ამთავრებს კარიერას და ამერიკაში მოტკბო სოუსი (იხვისას უწოდებენ), მსხვილად დაჭრილი ხახვი და მარილ-პილპილია მისი ბოლო.
ცუდი კი ის მოხდა, რომ ბრუკლინელი ებრაელების კომიუნიტიმ ზარები დაარისხა - ფაშისტებმა ამერიკაშიც მოგვაგნესო. საქმე ისაა, რომ კარგად დაცული და დღედაღამ განათებული ოუშენ პარკვეი ანტისემიტური ვანდალიზმის კერად იქცა. დაწვეს ებრაელი მოსახლეობის კუთვნილი რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა, მიდამოყარეს ლუდის ბოთლები და დატოვეს სამახსოვრო წარწერები ჰაივეის გასწვრივ მდებარე სკამებზე...
პოლიციელები იყვნენ და საკმარისზე მეტიც - ეს არის, მხოლოდ დაპირება მისცეს ბრუკლინელ იუდეველებს: ლუდის ბოთლებზე ანაბეჭდებია, მათი საშუალებით დამნაშავეებს დავაკავებთო.
რაც შეეხება აღლუმს, მის გარეშე როგორ იქნებოდა და საზეიმო შაპიტოში, სრულიად ნიუ იორკის მასშტაბით, სამნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კიდევ 50 მილიონი უყურებდა (ინტერნეტით, ან ტელევიზორში) და ყველაზე პოპულარული კი, მულტფილმ „სათამაშოების ისტორიისა“ და საქვეყნოდ განთქმული მაპპეტ-შოუს გმირები იყვნენ. მანჰეტენზე 27-მა გაპრანჭულმა ფურგონმა, 40-მა გასაბერმა ფიგურამ, 800-მა კლოუნმა და 1600-მა „ჩირლიდერმა“ ჩაიარა. რაც შეეხება მაყურებელს, მანჰეტენზე შეკრებილთაგან, ნასიამოვნები პირდაპირი მნიშვნელობითაც ბევრი დარჩა - მათ თავზე რამდენიმე ტონა კანფეტი დააყარეს.
და უფრო გემრიელი - დახურვას გადარჩა ნიუ იორკის უძველესი პიცერია - „დი ფარა“ - ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა, ავენიუ ჯეიზე მდებარე ეს მემკვიდრეობითი „ზაბეგალოვკა“ ჯერ კი დაკეტა, მაგრამ მერე ტრადიციას პატივი სცა და სინიორ დი ფარა ძველებურად ღიმილიანია - პაწაწინა ოთახში შეყუჟული „რესტორანი“ დღესაც ყველაზე ძვირად ყიდის პიცის ნაჭრებს და რიგიც უზარმაზარი უდგას.
 

კოტე გოგიშვილი
სპეციალურად „მსოფლიო სპორტისთვის“ ნიუ იორკიდან  




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089524