ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც განვლილი წლების გადახედვაა საჭირო. ამ პერიოდს ზოგი უმტკივნეულოდ გადის, ზოგი კი ძირეულად ცვლის ცხოვრების წესს და სულ სხვა ადამიანი ხდება. ძნელი სათქმელია, სწორედ ასეთი პერიოდი უდგას თუ არა ამერიკელ კალათბურთელ დენის როდმანს, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები, საბავშვო წიგნის წერა დაიწყო.
წიგნი აქამდეც არაერთ ცნობილ სპორტსმენს დაუწერია და მომავალშიც ალბათ ბევრი დაწერს. თუმცა დენის როდმანის წიგნი სხვათაგან გამორჩეული იმით იქნება, რომ ამერიკელმა ვარსკვლავმა ხელი საბავშვო წიგნების წერას მიჰყო. კონკრეტულად კი, ზღაპრების, რომელიც თავად კალათბურთელმა მოიგონა.
”დენისი – ველური ხარი” – ასე ერქმევა ამერიკელი კალათბურთელის წიგნს, რომელიც სავარაუდოდ ამა წლის დეკემბერში გამოვა. წიგნში დენის როდმანი მთავარი გმირია, რომელიც ათასგვარ მითიურ თუ რეალურ არსებებს ებრძვის და ამარცხებს. წიგნში დაცული იქნება საბავშვო ლიტერატურისათვის მარადიული თემის – კეთილისა და ბოროტის ბრძოლის პრინციპი. საბოლოოდ კი გამარჯვებულის ამპლუაში ”კეთილი”, ანუ თავად დენის როდმანი გვევლინება.







