ჭადრაკი

22:51 | 21.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

მეხუთე ტურმა მეხუთე ადგილი მოგვიტანა

ოთხი ტურის უმაღლეს დონეზე განვლის შემდეგ, ქართულ კლუბ “სამაიას” ევროპის ჩემპიონატის მე-5 დღეს ცუდი ამბავი შეემთხვა. ქართველი მოჭადრაკეები რუსულ “სანკტ პეტერბურგთან” 0.5:3.5 განადგურდნენ და მე-5 ადგილამდე დაქვეითდნენ, თუმცა კი, ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნეს.
გასულ შეხვედრაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (2500) შავი ფიგურებით ლიტველ ვიკტორია ჩმილიტესთან (2513) დამარცხდა, სალომე მელია (2439) ასევე შავებით ქართველ აწ კი შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს (2451) ვერ გაუმკლავდა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა (2464) თეთრებით თურქ ეკატერინა ატალიკთან (2447) წააგო. ლელა ჯავახიშვილმა (2451) ყაიმი პოლონელ მონიკა სოცკოსთან (2486) გააფორმა, თუმცა, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
“სამაიას” მისი გამამწარებელი “სანკტ პეტერბურგის”, მონაკოს “მონტე კარლოსა” და სომხურ “მიკას” დარად 7 ქულა მოუგროვდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ერთპიროვნული ლიდერის მანტია კიდევ ერთმა რუსულმა კლუბმა AVS-მა მოირგო, რომელმაც ხსენებულ “მიკასთან” ყაიმი გააფორმა და თავი 8 ქულას მოუყარა.
მე-6 ტურში სამი ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება. AVS-ი “სანკტ პეტერბურგს” ეთამაშება, “მიკა” – პირველი რეიტინგის მქონე “მონტე კარლოს”, ხოლო ”გიპრორეჩტრანსი” – “სამაიას”. ქართველთა მეტოქის რიგებში უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (2499), მონღოლი ბატხუაგ მუნგუნტაალი (2412) და რუსები – ელენა ზაიაცი (2407), ირინა ვასილევიჩი (2324) და მარია ფომინიხი (2305) ირიცხებიან.
რუსულმა კლუბმა გასულ ტურებში სლოვაკურ “კომარნოს” (3.5:0.5), ნორვეგიულ “ოსლოსა” (3.5:0.5) და ებრაულ “ჰერცლიას” (3:1) მოუგო, AVS-თან (1.5:2.5) და გერმანულ “ვოლკსბანკ ჰალესთან” (1.5:2.5) კი დამარცხდა.
ვაჟთა ტურნირს სათავეში რუსული “ეკონომისტი” ჩაუდგა, რომელმაც ზედიზედ მე-5 გამარჯვება (4:2) ფავორიტად შერაცხულ აზერბაიჯანულ ”სოკართან” მიითვალა და 10 ქულა მოაგროვა. 8 ქულით მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა უკრაინულმა “ჩერნიგივმა”, რომლის პირველ დაფაზეც ქართველი ბაადურ ჯობავა (2710) თამაშობს. მე-5 ტურში ბაადური საქმეში ვერ ვიხილეთ, მისმა თანაგუნდელებმა კი სლოვაკური “პრიევიძა” 5:1 გაანადგურეს და თავი 8 ქულას მოუყარეს.
49 მონაწილეს შორის 39-ე პოზიციამდე დაქვეითდა ლუქსემბურგის “დიფერდანჟი”, რომლის ღირსებასაც თორნიკე სანიკიძე იცავს. სტოკჰოლმის “ვიკინგთან” მატჩში ერთადერთი ყაიმი (ევგენი აგრესტთან, 2585) სწორედ სანიკიძემ გააფორმა, მის გუნდელთაგან კი უკლებლივ ყველამ წააგო და “დიფერდანჟი” 0.5:5.5 განადგურდა.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ ევროპის საკლუბო პირველობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად მიმდინარეობს და 23 ოქტომბერს დასრულდება.    

ევროპის მე-15 საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. პლოვდივი (ბულგარეთი). 16-24 ოქტომბერი

მე-5 ტური
“სანკტ პეტერბურგი” (რუსეთი, 3) – “სამაია” (საქართველო, 4) 3.5:0.5

ვიკტორია ჩმილიტე (2513) – მაია ჩიბურდანიძე (2500) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (2451) – მონიკა სოცკო (2486) 0.5:0.5
ქეთევან არახამია-გრანტი (2451) – სალომე მელია (2439) 1:0
ბელა ხოტენაშვილი (2464) – ეკატერინა ატალიკი (2447) 0:1

AVS (რუსეთი, 2) – “მიკა” (სომხეთი, 5) 2:2
“მონტე კარლო” (მონაკო, 1) – BAS (სერბეთი, 7) 3:1
“ვოლკსბანკ ჰალე” (გერმანია, 8) – “ლოკომოტივ 2000” (ბულგარეთი, 11) 1:3
“ჰერცლია” (12) – “გიპრორეჩტრანსი” (რუსეთი, 6) 1:3
“ოსლო” (ნორვეგია) – “ფიშერ ჩიეტი” (იტალია, 10) 1:3
“კომარნო” (სლოვაკეთი, 13) – “აშდოდი” (ისრაელი, 9) 2:2

სატურნირო მდგომარეობა
8 – AVS;
7 – ”მონტე კარლო”, “მიკა”, “სანკტ პეტერბურგი”, “სამაია”;
6 – “გიპრორეჩტრანსი”, “ლოკომოტივ 2000”;
4 – BAS, “ფიშერ ჩიეტი”, “ვოლკსბანკ ჰალე”;
3 – “აშდოდი”, “ჰერცლია”;
2 – “კომარნო”, “ოსლო”;

მე-6 ტური
“გიპრორეჩტრანსი” – “სამაია”
AVS – ”სანკტ პეტერბურგი”
“მიკა” – ”მონტე კარლო”
“ლოკომოტივ 2000” – “აშდოდი”
“ფიშერ ჩიეტი” – “ვოლკსბანკ ჰალე”
BAS – “კომარნო”
“ჰერცლია” – “ოსლო”

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083721