ფეხბურთი

17:26 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეხუთე! სანამ პულსი აჩქარდება

...ყველანი საათებს ვითვლით, 20 საათზე ტელევიზორს მივუჯდებით და პულსიც აგვიჩქარდება. ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი იწყება. გია ცეცაძემ და მისმა შეგირდებმა ძალიან შეაყვარეს თავი ქართველ ქომაგებს - ეს ის ნაკრებია, რომელმაც ელიტ-რაუნდზე, არ გადავაჭარბებთ, გმირობა ჩაიდინა და ინგლისთან ფრეს რომ თავი დავანებოთ, მსაჯებიან შოტლანდიას 9 კაცით მოუგო, ხოლო ბოლო ტურში მასპინძელ ბელგიას ისე სძლია, რომ ფეხბურთელის შეცვლის უფლებაც არ ჰქონდა.

გუნდს მწვრთნელიც ისეთი ჰყავს, რომ შემტევ ფეხბურთზე აკეთებს აქცენტს. მთავარი, რაც ცეცაძის ბიჭებს ახასიათებთ: თავდაცვა მეტოქის ნახევარზევე იწყება. 

20 საათზე, ლიტვის ქალაქ ალიტუსში საქართველო_საფრანგეთი დაიწყება. ვერ იტყვის კაცი, რომ მაინცდამაინც საფრანგეთია ჯგუფის ფავორიტი, რადგან თურქებიც რიხიანად, ელიტ-რაუნდში სამი მოგებით გავიდნენ 8 გუნდში და ნაცნობი სერბეთიც მძლავრი ნაკრები უნდა იყოს. ნაცნობი იმიტომ, რომ ცეცაძის გუნდმა მასთან პორტუგალიურ ტურნირზე 1:2 წააგო, ხოლო ელიტ-რაუნდის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში სძლია - ბელგრადში 1:0.

შეხსენებისთვის, ქართველებმა ელიტ-რაუნდამდე, საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა კაჭარავას თავკაცობით, ხორვატიაში მასპინძლებთან 0:2 წააგეს, აზერბაიჯანთან 1:1 ითამაშეს და ისლანდიას 2:0 სძლიეს.

ქართველებმა ფინალურ ეტაპამდე სულ 9 გოლი გაიტანეს: ბაჩანა არაბული (2), გურამ სამუშია (2), გიორგი ფანცულაია (2), ნიკა კაჭარავა, ბუდუ ზივზივაძე, ავთო ენდელაძე.

შეგახსენებთ იმ შემადგენლობას, რომელიც ცეცაძემ ფინალურ ეტაპზე ჩაიყვანა. ელიტ-რაუნდის 18-კაციანი სიის იდენტურია:

მეკარეები: გაბრიელ თებიძე, ბაჩო მიქავა

მცველები: ლევან გეგეჭკორი, ნიკა სანდოხაძე, დავით უბილავა, დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია, ლაშა დვალი, ალექსანდრე გურეშიძე

ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე, თემურ მარკოზაშვილი, დაჩი ცნობილაძე

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ფანცულაია, ნიკა კაჭარავა, ლუკა ზარანდია

ევროპის ჩემპიონატის კალენდარი:

A ჯგუფი

20 ივლისი - 19:30. ლიტვა_ჰოლანდია; 22:15. ესპანეთი_პორტუგალია.

23 ივლისი - 17:30. ჰოლანდია_პორტუგალია; 19:30: ლიტვა_ესპანეთი.

26 ივლისი - 22:00. პორტუგალია-ლიტვა; 22:00: ჰოლანდია_ესპანეთი.

B ჯგუფი

20 ივლისი - 18:00. სერბეთი_თურქეთი; 20:00: საქართველო-საფრანგეთი.

23 ივლისი - 19:30. სერბეთი_საქართველო; 21:30: თურქეთი_საფრანგეთი.

26 ივლისი - 17:30. საფრანგეთი_სერბეთი; 17:30: თურქეთი_საქართველო.

ნახევარფინალები (A1_B2, B1_A2) გაიმართება 29 ივლისს, ფინალი კი - 1 აგვისტოს.

ფრანგების ორ საიტზე (Foot-national და Football465) სავარაუდო თერთმეტეული წერია და ორივე შემადგენლობა ერთნაირია: ბენარდო - იკოკო, კონტი, ლაპორტი (კაპ), მენდი - იუნუ, რაბიო, როდრიგესი - მარტიალი, ბენზია, ნანჟი. გუნდში ერთი ლეგიონერია კაპიტან ემერიკ ლაპორტის სახით - ის "ბილბაოს" ახალგაზრდულ გუნდშია.

20 საათზე მუშთაიდის ბაღის ღია ამფითეატრში, ქართული სპორტის ქომაგების ორგანიზებითა და ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანების ხელშეწყობით, დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება ეს მატჩი. დასწრება თავისუფალია ყველა გულშემატკივრისთვის.

 

ისტორიიდან: ეს მეხუთე შემთხვევაა, როცა საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

პირველად ეს მოხდა 1997 წელს, როცა აწ გარდაცვლილი რეზო გაგუას 16-წლამდელთა ნაკრებმა (დღევანდელი 17-წლამდელების იდენტური, რადგან ფინალურ ეტაპზე 17 წლისებს შეეძლოთ თამაში) ბოლო სტადიაზე ბულგარეთი და საბერძნეთი ჩამოიშორა. იმ დროს ფინალური ეტაპი 16-გუნდიანი იყო და ქართველები ჯგუფში სამივე შეხევდრაში დამარცხდნენ:

უნგრეთთან 3:6 (გველესიანი, ჯაკობია-2), იტალიასთან 3:5 (ჯაკობია, დეკანოსიძე, გველესიანი), ბელგიასთან 1:5 (დეკანოსიძე).

მეორე გასვლა: 1999 წელს ვახტანგ კოპალეიშვილის გაწვრთნილი 18-წლამდელები (დღევანდელი 19-წლამდელების იდენტური) 8 გუნდს შორის მოხვდნენ და ჯგუფში ბოლოზე გავიდნენ:

იტალიასთან 0:2, ირლანდიასთან 3:3 (მენთეშაშვილი, გაგუა-2), ესპანეთთან 1:4 (გაგუა). ცნობისთვის, ვალერი გაგუა 3 გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მესამე წარმატება: 2002 წელს კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელები 16-გუნდიან ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რითაც მეოთხედფინალშიც მოხვდნენ, იქ კი მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან წააგეს. სანდრო იაშვილმა იმ ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა, ის და გოჩა ხოჯავა ტურნირის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელეს.

ჯგუფში: გერმანიასთან 1:1 (იაშვილი), პოლონეთთან 1:1 (იაშვილი), უნგრეთთან 2:1 (იაშვილი-2). 1/4 ფინალი: შვეიცარიასთან 0:3.

და მეოთხე, ყველაზე შთამბეჭდავი წარმატება. 2012 წელს ვასილ მაისურაძის გუნდი არათუ ფინალურ ეტაპზე გავიდა, არამედ ჯგუფიდან გააღწია და ჰოლანდიასთან 0:2 წააგო ნახევარფინალში. არადა, რომ არა რუმინელი მარიუშ ავრამის საშინელი მსაჯობა, ვინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ნახევარფინალი.

ჯგუფში: გერმანიასთან 0:1, საფრანგეთთან 1:1 (ჭეჭელაშვილი), ისლანდიასთან 1:0 (დარციმელია). 1/2 ფინალი: ჰოლანდიასთან 0:2.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113316