თბილისში მიმდინარე 15-ათასიანი საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ერთადერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა გააღწია. ალექსანდრე მეტრეველმა ორი მატჩის მოგება მოახერხა და ნახევარფინალში გასასვლელად მე-4 ნომრად განთესილი ფრანგი ლორენ რეკუდერკის ძლევა მოუწევს.
მეტრეველმა საწყის რაუნდში უკრაინელი ალექსანდრ კუშაკოვი 2:6, 6:1, 6:2 დაამარცხა, შემდეგ კი მე-5 რეიტინგის მქონე ესტონელ ვლადიმირ ივანოვს 7:6 (7:3), 7:5 სძლია.
პირველ ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შოთა მეფარიძის დამარცხების (6:1, 6:0) შემდეგ ავსტრიელ პეტერ გოლდშტეინერთან 6:7 (6:8), 2:6 წააგო, რომელმაც საწყის შეხვედრაში მიხეილ ხმიადაშვილსაც აჯობა – 6:4, 7:6 (7:4).
გიორგი ჯავახიშვილი რუს ილია შაცკის ვერ გაუმკლავდა – 2:6, 3:6, ხოლო გიორგი ცივაძე პოლონელ არკადიუშ კოჩილასთან დამარცხდა – 6:3, 1:6, 6:7 (6:8).
წყვილებში მეტრეველმა ცივაძემ უკრაინელებს – კრივოის და კუშაკოვს 6:2, 7:6 (9:7) სძლიეს, მეოთხედფინალში კი ესტონელ ივანოვთან და რუს შაცკისთან 5:7, 1:6 წააგეს. ხმიადაშვილი და მეფარიძე უკრაინელ მანაფოვთან და ბელარუს შილასთან 3:6, 2:6 დამარცხდნენ, ნოდარ ითონიშვილი და დავით კვერნაძე იტალიელებს (მარაი-პაპასიდერო) ვერ გაუმკლავდნენ – 7:5, 3:6, 2:10, ხოლო ჯავახიშვილმა და გიორგი რევაზიშვილმა პოლონელებთან (კოჩილა-შმირგალა) წააგეს – 7:5, 0:6, 3:10.
იტალიის ქალაქ მესტრეში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში უნგრელ იანისთან და სერბ მირჩიჩთან 3:6, 6:7 (6:8) წააგეს სოფო შაფათავამ და რუსმა მარინა მელნიკოვამ. ჰოლანდიაში, ალფენის 25-ათასიანი ტურნირის მე-2 წრეში მასპინძელ კერკჰოვესთან 3:6, 3:6 წააგო სოფო ქვაცაბაიამ. ანტალიაში, 10-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში ანი გოგვაძე და ბერძენი დესპოინა ვოგასარი რუსულ-ყაზახურ დუეტს (ისაევა-აირუდინოვა) ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 7:5, 8:10.







