მესუთ იოზილის წინაპრები თურქეთიდან გერმანულ გელზენკირხენში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გადასახლდნენ, სადაც მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი წევრი დაიბადა. მესუთი ოჯახის წევრებს თურქულად ესაუბრება, ოსმალთა შთამომავლებს მისი მცირეაზიელთა ეროვნულ გუნდში მიწვევა სურდათ, მაგრამ იოზილმა არჩევანი ბუნდესნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. 2009 წლის 11 თებერვალს მესუთი პირველად გამოიძახეს გერმანიის ნაკრებში, პირველი მატჩი კი მან ბუნდესგუნდში 2009 წლის 12 აგვისტოს აზერბაიჯანთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ჩაატარა. ასე და ამგვარად, დორტმუნდელი შახინისა და ძმებ ალტინტოპებისგან განსხვავებით, მესუთ იოზილმა გერმანელთა საფეხბურთო ღირსების დაცვა არჩია და იოაჰიმ ლიოვმა იგი სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საასპარეზოდაც იახლა. გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იოზილმა თანანაკრებელებთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა, სოლიდურადაც ითამაშა, რაც მისი მადრიდის “რეალში” გადასვლის წინაპირობა გახდა. გასულ პარასკევს კი მესუთს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მოუწია გამოსვლა და ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შეკრებილი ისტორიული სამშობლოს ნაკრების გულშემატკივრები გააწბილა. იოზილმა ანატოლიელებს გოლი გაუტანა, თუმცა, მეტოქის კარის დალაშქვრა ემოციურად არ აღნიშნა, რითაც, თავისივე განცხადებით, წინაპართა ხსოვნას მიაგო პატივი.
- ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” 30 ათასმა თურქმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი, რომლებიც თქვენი ბურთთან ნებისმიერი შეხებისას სტვენდნენ და უკმაყოფილოდ გუგუნებდნენ. ეს თამაშში ხელს არ გიშლიდათ?
- იმდენად ვიყავი ჩართული ასპარეზობაში, მაყურებლების რეაქცია არც კი მესმოდა. ცხადია, 8 ოქტომბერს განსაკუთრებული მატჩი ჩავატარე, რადგანაც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მიხდებოდა გამოსვლა. ამის მიუხედავად, ბუნდესნაკრების გამარჯვებისთვის არაფერი დამიშურებია და მოხარული ვარ, საწადელს რომ მივაღწიეთ – სოლიდურადაც ვითამაშეთ და 3 ქულაც მოვიპოვეთ.
- ვოლკან დემირელის კარში გატანილი გოლი ემოციურად არ აღნიშნეთ. როგორც თურქული მედია ამტკიცებს, ამ ბურთის გატანის შემდეგ სირცხვილის გრძნობა დაგეუფლათ...
- ასე ნამდვილად არაა. გოლმა ძალიანაც გამახარა, მისი “ხმაურიანად” არაღნიშვნის გადაწყვეტილება კი სპონტანურად მივიღე – ამგვარად პატივი ვეცი ჩემ ნათესავებსა და წინაპრებს.
- თურქი ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, ნამატჩევს მასმედიელებთან ურთიერთობას თავი რომ აარიდეთ და “ოლიმპიაშტადიონს” უჩუმრად გაერიდეთ...
- ეს არასწორია. დასამალი არაფერი მჭირდა, უბრალოდ ასპარეზობის მსვლელობისას კოჭის ტრავმა მივიღე და სასწრაფოდ ექიმებისკენ გავეშურე. ტკივილი ჯერ კიდევ მაწუხებს, მაგრამ, იმედია, ყაზახებთან მატჩის წინ მედიკოსები ჩემს ფეხზე დაყენებას მოასწრებენ და გუნდსაც შორეულ მოგზაურობაში გავყვები.
გოჩა კაჭარავა







