ლონდონის “არსენალის” ცენტრალური მცველი, პერ მერტესაკერი გერმანიის ნაკრებში აღარ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია გამოცდილმა მცველმა ჟურნალისტებთან საუბარისას დაადასტურა და გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
“ათწლიანი თამაშის შემდგომ, გადავწყვიტე ნაკრებიდან წავიდე. გერმანიის ნაკრები ახლა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე. წასვლისთვის შესაფერისი დრო დადგა. მომავალზე ღელვა არ ღირს, რადგან ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეა.
ახლა მე “არსენალთან” ერთად პრემიერლიგის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში მსურს” – ციტირებს გერმანელის სიტყვებს Goal.Com-ი.
29 წლის მცველი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობდა. 10 წლის მანძილზე 104 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. გახდა გასული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის მანძილზე, უკვე მესამე გერმანელმა ფეხბურთელმა დაასრულა სანაკრებო კარიერა. გერმანიის ნაკრების რიგებში ვეღარც ფილიპ ლამს და მიროსლავ კლოზეს ვიხილავთ.
ირაკლი ალიმბარაშვილი





