ჭადრაკი

22:44 | 20.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მერი არაბიძე: “ჩემი მიზანი, ქალ მოჭადრაკეთა შორის ყველა ტიტულის მოგებაა”

მერი არაბიძე, რომელსაც 17 წელი 25 თებერვალს უსრულდება, ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ქართველ ქალ მოჭადრაკეთა მდიდარი ტრადიციების გაგრძელება შეუძლია. ამის თქმის საბაბს მერის წარმატებები გვაძლევს. იგი ორგზის მსოფლიოს (10,12-წლიანებში) და სამგზის (10,12,14) ევროპის ჩემპიონია, ხოლო ამავე ტურნირებზე ჯამში ექვსჯერ, მე-2 ადგილი დაიკავა. არაბიძისთვის 2011 წლის საჭადრაკო სეზონიც კარგად დაიწყო. მერიმ ჯერ ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი მოიგო, შემდეგ კი საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში გაიმარჯვა და 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელსაც ნოემბრის თვეში, რიო დე ჟანეირო (ბრაზილია) უმასპინძლებს.
“მსოფლიო სპორტის” ინტერვიუ მერი არაბიძესთან, მისი უფრო ახლოს გაცნობით  დაიწყო:
მერი არაბიძე - დავიბადე 1994 წლის 25 თებერვალს, ქალაქ სამტრედიაში. ვსწავლობ სამტრედიის რაიონის #3 საჯარო სკოლის მე-11 კლასში. ვარ საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის, მსოფლიოს ორგზის, ევროპის სამგზისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკში.
პირველ კლასში ვიყავი, როცა დედამ ჭადრაკის სექციაში მიმიყვანა და მას შემდეგ ვვარჯიშობ. რამდენიმე მწვრთნელი გამოვიცვალე. 2007 წლიდან ქუთაისში, ალეკო არსენიძის ხელმძღვანელობით ვმეცადინეობ.
- სამტრედიიდან ქუთაისში სავარჯიშოდ სიარული მთლად კომფორტული ვერ იქნება...
- კვირაში 2-3 დღე სამარშუტო ტაქსით ჩავდივარ ქუთაისში და იმავე დღეს უკან ვბრუნდები.
- თუ სამტრედიაში თქვენთვის მისაღები სავარჯიშო პირობები არ არის, ალბათ აჯობებდა, საცხოვრებლად ქუთაისში ან თბილისში გადასულიყავით და თქვენთვის სასურველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მომზადებულიყავით. თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება არის...
- მშობლების გარდა, ძმა მყავს, რომელიც ჩემზე უმცროსია. ჩვენს ოჯახში მხოლოდ მამაა დასაქმებული, რომელიც რკინიგზაზე მონტიორად მუშაობს. ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, არ მაქვს საშუალება, რომ თქვენს მიერ დასახელებულ ქალაქებში გადავიდე საცხოვრებლად. ამიტომ იძულებული ვარ, სამარშრუტო ტაქსით ქუთაისში ვიარო და ისე მოვემზადო.
- საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თქვენ უკვე შეძელით რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მოგება. ამის შემდეგ თქვენი დაფინანსების სურვილი არავის გამოუთქვამს?
- ჯერჯერობით, ჩემი სპონსორობის მსურველი არავინაა.
- საქართველოს 18-წლამდე გოგონათა 2011 წლის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყეთ და 7 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა დააგროვეთ. რით შეიძლება აიხსნას, რომ ბოლოსწინა, მე-8 ტურში, ნათია ჯალაბაძესთან მოულოდნელად დამარცხდით და ოქროს მედლის მოპოვება ეჭვქვეშ დააყენეთ?
- პირველი ადგილი თითქმის განაღდებული მქონდა და თავს უფლება მივეცი, რომ ახალი დებიუტი გამომეყენებინა. სამწუხაროდ, თავი ვერ გავართვი და ამიტომ დავმარცხდი.
- დიდ ჭადრაკში რა მიზნები გაქვთ დასახული?
- ჩემი მიზანია, ქალ მოჭადრაკეთა შორის ყველა ტიტული მოვიგო.
- ჭადრაკში კუმირი თუ გყავთ?
- ვეტერანებიდან გარი კასპაროვი საუკეთესოა. მოქმედი მოჭადრაკეებიდან კი, ვასილ ივანჩუკისა და მაგნუს კარლსენის თამაშის სტილი მომწონს.
როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092023