ფეხბურთი

21:35 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მერანი" სრული სვლით

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში, მორიგი მატჩი გამართა მარტვილის "მერანმა" ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ რომ წინა ტურში მარტვილელებმა არცთუ იოლი მეტოქე დაამარცხეს სამტრედიაში "ჩიხურას" სახით (3:2) და შესაბამისად, მასპინძლები კარგი განწყობით გამოვიდნენ აღნიშნულ შეხვედრაზე.

თამაშის საწყისი წუთები ორმხრივი იერიშებით დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტი მე-12 წუთზე შეიქმნა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა სტუმრებისთვის. ლაშა კუჭუხიძემ თანაგუნდელისგან მიიღო ბურთი და 25 მეტრის მანძილიდან ძლიერად დაარტყა "სიონის" კარის მიმართულებით, მირზა მერლანმა კი მოახერხა ნახტომის გაკეთება, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა – 1:0.

გოლის გაშვების შემდეგ თითქოს "სიონს" უნდა შეეტია მასპინძლებისთვის, თუმცა საპირისპიროდ მოხდა - პირველი ტაიმის განმავლობაში ტვილდიანის გარღვევას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც ხიფათი არ მოჰყოლია, "სიონს" ღირებული არაფერი შეუქმნია.

"მერანს" კი საგოლე მომენტები უხვად ჰქონდა, მერლანის კარს ჯერ ბაბუნაშვილი დაემუქრა. მან შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და რომ არა მირზა მერლანის თავგანწირული თამაში, ანგარიში უფრო სოლიდური გახდებოდა.

32-ე წუთზე მელქაძემ მიიღო "სიონის" საჯარიმოში ბურთი, ცრუმოძრაობით ჩამოიცილა “სიონის” მცველი და თითქოს გოლიც გარდაუვალი იყო, მაგრამ ტვილდიანმა ითამაშა დაზღვევაზე კარგად და განმუხტა სიტუაცია.

34-ე წუთზე მაინც გაიტანეს მარტვილელებმა მეორე ბურთი. მატჩის საუკეთესო მოთამაშე შოთა ბაბუნაშვილმა ისეთი გამოზომილი გადაცემა გაუკეთა თეიმურაზ ფარულავას, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო გოლი გაეტანა - თავური დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

შესვენებაზე გუნდები აღნიშნული ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმში "სიონის" ფეხბურთელები უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ და 52-ე წუთზე ტვილდიანის ჩაწოდებას შეიძლებოდა ხიფათი მოჰყოლოდა, თუმცა "მერანელთა" კიპერმა უშეცდომოდ ითამშა.

მე-60 წუთზე ისევ სტუმრები უტევდნენ, ამჯერად კახელიშვილი ურტყამდა ახლო მანძილიდან, თუმცა შეროზიამ ისევ უშეცდომოდ ითამაშა.

შეტევაში გადართვით "სიონმა" მთლიანად მოაშიშვლა უკანა ხაზი და "მერანის" ფეხბურთელებს კონტრიერიშების დროს შემქნილი მომენტებიდან ნახევარი მაინც რომ გამოეყენებინათ, გაცილებით დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა "სიონი"

79-ე წუთზე კუჭუხიძეს ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, რაც ვერ გამოიყენა. 87-ე წუთზე კი შულაიასაც შეეძლო მესამე გოლის გატანა.

მსაჯმა ძირითად დროს 4 წუთი დაამატა. დამატებით, 93-ე წუთზე კი, ბოლნისელებმა გოლის გატანა შესძლეს, კერძოდ - ბოლნისელთა ლეგიონერმა კრისტიან მადუბუკემ, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფისქირა.

საბოლოოდ მატჩი "მერანის" გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ:

გიორგი კიკნაძე: "სწრაფი გოლი გავუშვით რამაც გაგვტეხა, გვქონდა მომენტები და ვერ გამოვიყენეთ - არ გაიტან, გაგიტანენ. "მერანს" ვულოცავ გამარჯვებას”.

მალხაზ ჟვანია: "მოძრაობის ხარჯზე მოვიგეთ, გუნდმა ყველა დავალება კარგად შეასრულა, რამაც შედეგიც განაპირობა. მადლობელი ვარ ბიჭების.

- როგორც შევიტყვეთ, გუნდში უცხოელი ფეხბურთელი ისინჯება.

- დიახ, კოტდიუვარელი საფრანგეთიდან ჩამოვიყვანეთ, საფრანგეთის მე-2 ლიგაში თამაშობდა. ჯერ სინჯებზეა, უახლოეს დღეებში გაიგებთ, რას გადავწყვეტთ.

 

"მერანი" (მარტვილი) - "სიონი" (ბოლნისი) 2:0 (2:0)

21 სექტემბერი. სამტრედია. ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 600 მაყურებელი

"მერანი": შეროზია, ფარულავა, ქარქუზაშვილი, ხუბუა, მელიავა, ფონიავა, ბაბუნაშვილი, ციკოლია (კერძევაძე 59), მელქაძე, კუჭუხიძე (გეგეჭკორი 90), კვანტალიანი (შულაია 62)

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

"სიონი": მერლანი, ტვილდიანი, თოთაძე (ლობჟანიძე, 75) ქემოკლიძე, გოგობერიშვილი, პარუნაშვილი, იმედაშვილი (იოსელიანი, 38; უგრეხელიძე, 79), კახელიშვილი, ცხადაია, მიკუჩაძე, მადუბეკე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე

გოლები: კუჭუხიძე (12), ფარულავა (34)

გაფრთხილება: პარუნაშვილი (36), ფონიავა (69), შულაია (77)

მსაჯი: თემურ ხუჭუა (სამტრედია)

“ჩიხურა” (საჩხერე) – “დილა” (გორი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯიღაური (20), 1:1 მოდებაძე (46), 2:1 ტატანაშვილი (54), 3:1 გაბედავა (90)

გურია (ლანჩხუთი) - მეტალურგი (რუსთავი) 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 კორღალიძე, 1:1 შენგელია (63) , 2:1 შალამბერიძე (83), 3:1 ჩიკვილაძე (90)

“ზუგდიდი” – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:0

 “სპარტაკი” (ცხინვალი) – “ზესტაფონი” (ზესტაფონი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კაკაშვილი (90)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 გოგა (73), 0:2 გრიგალაშვილი (90)

 

სატურნირო მდგომარეობა

1. დინამო    6    4    1    1    11:4    13
2. ჩიხურა    6    4    0    2    13:8    12
3.    6    4    0    2     9:7    12
4.    6    3    3    0     6:3    12
5. გურია    6    3    0    3     6:8    9
6. ვიტ ჯორჯია    6    2    2    2     7:5    8
7. დილა    6    2    2    2     7:7    8
8. მეტალურგი    6    2    2    2     6:9    8
9. სიონი    6    2    1    3     7:7    7
10. ზუგდიდი    6    1    2    3     3:9    5
11. ზესტაფონი    6    1    1    4     5:7    4
12. სპარტაკი    6    1    0    5     2:8    3


შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

ედემი ელერჯია

ავტორის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136162