ჩოგბურთი

22:24 | 5.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალში გათანგულები

საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალისტთაგან პირველები როჯერ ფედერერი და ხუან მარტინ დელ პოტრო გავიდნენ. სადიდსლემო შეჯიბრებები სარეკორდო რაოდენობით (16) მომგები შვეიცარიელი და არგენტინელი წლეულს მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და წინა 4 დაპირისპირებიდან ოთხივე ფედერერმა მოიგო. სიუზან ლენგლენის სახელობის კორტზე დღეს საღამოს ჩატარებული მატჩის სასტარტო 2 სეტში დელ პოტრომ იმარჯვა (6:3, 7:6) და თითქოს “როლან გაროსის” ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსიც გაუჩნდა, მაგრამ მომდევნო 3 პარტიაში როჯერმა მთელი თავისი სათამაშო და ფსიქოლოგიური არსენალი სრულად გამოავლინა, სამივე სეტი დიდი უპირატესობით მოიგო (6:2, 6:0, 6:3) და მამაკაცთა შეჯიბრების პირველი ნახევარფინალისტი შეიქნა. ფედერერისა და დელ პოტროს ურთიერთშეხვედრათა ბალანსი კი 12:2 გახდა შვეიცარიელის სასარგებლოდ. აქვე მოგახსენებთ, რომ ფედერერი სარეკორდოდ, 31-ედ გავიდა დიდი სლემის შეჯიბრებათა ნახევარფინალში.
ნახევარფინალში ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელსაც აფროფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგას დასამარცხებლად 5 სეტის ჩატარება მოუწია. არადა, პირველი პარტია “ნოლემ” 6:1 მოიგო და ძნელი წარმოსადგენი იყო, ეს მეოთხედფინალი ესოდენ დრამატულად რომ წარიმართებოდა. მომდევნო 2 სეტი ცონგამ ერთნაირი ანგარიშით, 7:5 მოიგო, მეოთხეში ფრანგს 4 მატჩ-ბოლი (!) ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ საქმე თაიბრეიკამდე მივიდა, რომელშიც სერბმა 8:6 იმარჯვა და სეტების ანგარიშიც 2:2 გახდა. მეხუთე პარტიაში ცონგა აშკარად დათრგუნული გამოიყურებოდა, რითაც კარგად ისარგებლა ჯოკოვიჩმა, 6:1 მოიგო და ნახევარფინალში როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება. ბოლოს იმასაც მოგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩისა და ცონგას პირად შეხვედრათა ანგარიშში “ნოლე” 6:5 დაწინაურდა.



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157612