ქართველმა მოჭადრაკეებმა, სალომე მელიამ (2449), ნანა ძაგნიძემა (2550) და გიორგი ყაჭეიშვილმა (2585) გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირის ბოლოსწინა მე-9 ტური წაუგებლად ჩაამთავრეს და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დარჩნენ.
ქართული სამეულიდან, საუკეთესო შედეგი მელიას გააჩნია, რომელიც გულშემატკივართა გაოცებას განაგრძობს. რამდენიმე წარმატებული პარტიის შემდეგ, სალომემ ინდოელ პენტალა ჰარიკრიშნასაც (2667) არაფერი დაუთმო და რეიტინგით გაცილებით ძლიერ მეტოქეს 72-ე სვლაზე დაუზავდა.
მელიას მონაგარი 6.5 ქულაა და იგი 232 მონაწილეს შორის მე-10 ადგილზეა. სათქმელია ისიც, რომ ქართველ მოჭადრაკეს ქულებით მხოლოდ უკრაინელი ვასილი ივანჩუკი (2764, 8.0) და ინგლისელი ნაიჯელ შორტი (2658, 7.5) სჯობნიან, შვიდი მეტოქე კი, მას დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
ბოლო ტურში, სალომე შავი ფიგურებით კიდევ ერთ ინდოელ ნარაიანან გეეტა გოპალს (2597) დაუპირისპირდება, რომელმაც უკვე მოასწრო ძაგნიძის დამარცხება.
ცნობისთვის, ნანამ თეთრებით სერბი დრაშკო ბოშკოვიჩი (2412) სძლია და 6.0 ქულით, მე-20 საფეხურზე იმყოფება. მისი უკანასკნელი მოწინააღმდეგე, ასევე ინდოელი კრიშნან შაშიკირანია (2690), რომელიც ტურნირზე რეიტინგით მეხუთეა.
6.0 ქულითვე, 25-ე ადგილზე დამკვიდრდა ყაჭეიშვილი, რომელიც თეთრი ფიგურებით მორიგ ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2520) დაუზავდა. მე-10 ტურში, გიორგი კვლავ თეთრებით ესპანელ ალექსის კაბრერას (2518) ეთამაშება.
გიბრალტარის საჭადრაკო ფესტივალის დასკვნით ტური დღეს შედგება. შეჯიბრის ჯამური საპრიზო ფონდი 126 ათასი გირვანქაა, საიდანაც ჩემპიონი 17 500-ს მიიღებს, სულ, პრიზები მოწინავე თორმეტეულს ერგება, ქალთა შორის გამარჯვებული კი (იმედია, იგი ქართველი იქნება) - 10 ათასით გირვანქით დაჯილდოვდება.







