საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მეხუთე წევრი სალომე მელია (2396) გახდა, რომელმაც სამთა მინი ტურნირის დასკვნით პარტიაში შავი ფიგურებით ნინო ბაციაშვილი (2413) დაამარცხა და ოთხ ტურში 2.5 ქულა მოაგროვა.
მელიამ მაკა ფურცელაძეს (2353) ნახევარი ქულით აჯობა, ბაციაშვილი კი 1.5 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკეები 2-12 ნოემბერს საბერძნეთის ქალაქ პორტო კარასში გასამართი ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ნაკრებში მელიას თანაგუნდელები ნანა ძაგნიძე (2525), ლელა ჯავახიშვილი (2464), ნინო ხურციძე (2440) და ნაზი პაიკიძე (2412) იქნებიან.







