კარლეს პუიოლ საფორკადა სკოლის ასაკს გადაცილებული იყო, როდესაც კვლავ... მეკარე გახლდათ. ვინმეს რომ ეთქვა, ამ გრძელთმიანი “ტარზანისგან” კარგი მცველი დადგებაო, გიჟად ჩათვლიდნენ. დიახ, 18 წლის პუიოლი “ბარსას” “კანტერაში” კარში იდგა. როგორ მოხდა, რომ ამპლუა შეიცვალა? მადლობა მხრის ტრავმას. ვინ თქვა, ტრავმა ყოველთვის ცუდიაო? პირიქით, ორმაგად სასარგებლოდ იმოქმედა “ტარზანზე” – ჯერ ერთი, მეკარეობას შეეშვა და მეორეც, “მალაგამ” უარი თქვა მის იჯარით აყვანაზე, დაშავებული კაცი რად გვინდაო.
ის 1978 წლის 13 აპრილს დაიბადა კატალონიის პატარა ქალაქ პობლა-დე-სეგურში. მამამისი, ხოსეპ პუიოლი ფერმერი იყო და ოჯახს მთლიანად ძროხები არჩენდნენ, კარლესის ორი წლით უფროსი ძმა ხოსეპ ხავიერი კი ფეხბურთს თამაშობდა. “პუჩი” და “პუი” - ასე ეძახდნენ ძმებს. კარლესს ნადირობა და ველოსიპედი უყვარდა. ძმები ერთად ადიოდნენ მთებზე და იქ აკეთებდნენ ველოტრიუკებს. სხვათა შორის, “პუჩიც” (უფროსი ძმა) “ბარსას” “კანტერაში” თამაშობდა, მაგრამ გვიან მოუწია მისვლა, უკვე 19 წლისა იყო და დიდ გუნდში ვერ აინაცვლა, რის გამოც გული გაუტყდა და საერთოდ შეეშვა ფეხბურთს.
კარლესი კი 10 წლისა შევიდა ფეხბურთზე და მეკარეობის გარდა, ფორვარდობასაც ითავსებდა. ყველა პოზიციაზე ათამაშებდნენ... მცველის გარდა. “ტარზანი” “ბარსას” მაშინდელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა აღმოაჩინა და მესამე გუნდიდან უცებ ძირითადში აიყვანა, მაგრამ ჰოლანდიელი მწვრთნელი მალე გაუშვეს და 2 წლის შემდეგ დააბრუნეს. ამ 2 წლის განმავლობაში “პუი” არავის გახსენებია, მაგრამ ვან გაალის მეორედ მოსვლა და კარლესის ხელახლა ნდობა ერთი იყო.
ბავშვობაში კარლესს ვერც მეკარეობაში ატყობდნენ დიდ ტალანტს და სულაც გუნდიდან გაუშვებდნენ, რომ არა მისი საოცარი ჟინი და ბრძოლისუნარიანობა. ქართველებს რომ გვიყვარს თქმა - “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” – პუიოლი ამ “მცნების” სრული ანტიპოდი იყო.
პუიოლის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა 2006 წელს, როცა მამა დაეღუპა. იცით, რით? თავის ფერმასთან ასფალტს აგებდა და რაღაც აგრეგატმა იმსხვერპლა. მილიონერი ფეხბურთელის მამა, 57 წლის კაცი ფიზიკურად მუშაობდა.
“მას მუშაობას სულ ვუშლიდი, მაგრამ არ მიჯერებდა. თუმცა, ალბათ, მეც ასე ვიქნებოდი. უშრომლად გაჩერება არ შემიძლია...”
ილია ნანობაშვილი







