ჩოგბურთი

11:38 | 18.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

“მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ფედერერს”?

თანამდეროვეობის უძლიერესი ჩოგბურთელების როჯერ ფედერერისა და რაფა ნადალის ნებისმიერი დაპირისპირება გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ცხადია, არც გამონაკლისი კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში შვეიცარიელისა და ესპანელის მატჩი გახლდათ. რაფა კორტზე უდიდესი მოცულობის სამუშაოს ასრულებს, ოსტატობის მხრივ კი ყველასგან გამორჩეული მოთამაშეა, მასთან არაერთი უმწვავესი შეხვედრა მქონდა და ნადალთან ყოველი ორთაბრძოლა სიამოვნებას მანიჭებსო, - ამბობდა სანახევარფინალო პაექრობის წინ “მხიარული როჯერი”, რომელმაც ასპარეზობის ხასიათისა და შედეგიდან გამომდინარე, სიამოვნება მატჩის მსვლელობის დროსაც მიიღო და მისი დასრულების შემდეგაც. ასპარეზობის დაწყება წვიმამ შეაფერხა, გამოდარების შემდეგ კი ინდიან უელსის კორტზე მხოლოდ შვეიცარიელი “ჩანდა”, რომელმაც საათნახევარში ნადალს ორივე სეტი მოუგო (6:3, 6:4) და კიდევ ერთხელ გააღწია ამ ტურნირის ფინალში. შეგახსენებთ, ფედერერს კალიფორნიის შტატის “მასტერზ1000” 2004-06 წლებში მიჯრით სამჯერ აქვს მოგებული.
“ნადალთან მატჩის დროს რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა, ავდარს ჩემთვის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საქმეში ხელი არ შეუშლია. ფორმის პიკზე სწორედ რაფასთან შეხვედრისთვის შევედი, თუმცა, ფინალსაც ამავე დონეზე ჩავატარებ და ყოველმხრივ შევეცდები, ინდიან უელსში კიდევ ერთი საჩემპიონო წოდება დავისაკუთრო”, - კმაყოფილი როჯერი ნამატჩევს ჟურნალისტებს სხაპასხუპით გაესაუბრა.
ფინალში ფედერერის მოწინააღმდეგე ამერიკელი ჯონ იზნერი იქნება და თუკი შვეიცარიელმა მისი დამარცხება მოახერხა, როჯერი სარეკორდოდ, მეოთხედ მოიგებს კალიფორნიის “მასტერზ1000”-ს. სადღეისოდ კი, ინდიან უელსის საჩოგბურთო შეჯიბრება სამჯერ ფედერერს, ჯიმი კონორსსა და მაიკლ ჩანგს მოუგიათ. სადიდსლემო ტურნირების 16-გზის გამარჯვებული შვეიცარიელის რეკორდებს კი ბოლო არ უჩანს. ინდიან უელსის შეჯიბრების ნახევარფინალში ფედერერმა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 6:3, 6:2 სძლია და “მასტერზ1000”-ის ასპარეზობებზე 250-ე მოგება იზეიმა. ამ ნიშნულისთვის სხვა ჩოგბურთელს არ მიუღწევია.
ინდიან უელსის შარშანდელი ტურნირის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ნახევარფინალში მოულოდნელად ჯონ იზნერთან წააგო 7:6 (9:7), 3:6, 7:6 (7:5). იზნერი პირველად გავიდა ამგვარი ტურნირის ფინალში, ხვალიდან კი მსოფლიოს კლასიფიკაციის მოწინავე ათეულშიც შევა. ნახევარფინალის მოგებით ჯონმა 600 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ქალთა ერთეულთა ფინალს რაც შეეხება, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს პირველ-მეორე ნომრებად განთესილები ბელარუსი ვიკტორია აზარენკა და რუსი მარია შარაპოვა შეხვდებიან. აზარენკა ინდიან უელსის ფინალში პირველად იასპარეზებს, შარაპოვამ კი კალიფორნიაში 2006 წელს იპირველა.
რაფა ნადალს კი ინდიან უელსში პირველობის მოპოვების შანსი მაინც შერჩა. იგი წყვილთა თანრიგის ფინალშია. ნადალი-მარკ ლოპესის ტანდემს იზნერისა და სემ კუერის დუეტი დაუპირისპირდება.



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090009