ძიუდო

23:14 | 10.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეექვსე პარიზული

ვარლამ ლიპარტელიანი მეექვსე ქართველია, შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გიორგი გუგავასა და დავით ასუმბანის შემდეგ, ვინაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი, პარიზის “დიდი სლემი” მოიგო. ქართველ ძიუდოისტებს რატომღაც, ყოველთვის უჭირდათ მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად წოდებულ შეჯიბრებაზე ოქროს მედლის მოპოვება. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, დღემდე ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც კი მეტი ჩვენებური (6) იყო ასული, ვიდრე პარიზული ტურნირის “მწვერვალზე”.
ლიპარტელიანმა “დიდ სლემზე” ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე დამაჯერებლად მოიგო და ოქროსთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა და საერთო საპრიზო ფონდიდან 5 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა საჩემპიონო სვლა მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო - რუს ვიქტორ სემენოვს ულამაზესი გდებით მოუმთავრა საქმე. თბილისური საერთაშორისო ტურნირის ფინალისტი, აზერბაიჯანელი შაჰინ გაჰრამანოვი ორჯერ იუკოზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა. იპონითვე ჩამოიშორა ტრიბუნების მხურვალე ქომაგობით შეგულიანებული მასპინძელი, ლუდოვიკ გობერიც.
ნახევარფინალში ლიპარტელიანმა საწადელს ილეთის გარეშე, მაგრამ მაინც უპრობლემოდ მიაღწია - უზბეკ დილშოდ ჩორიევს განძრევის საშუალება არ მისცა და სამი გაფრთხილებით მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში კი კუბელ ეშლი გონზალესს პირველსავე წუთზე აუღო მომგებიანი იუკო და უპირატესობა ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა.
ოქროს მედლით გახარება ვარლამ ლიპარტელიანის გაჩემპიონებამდე ოციოდ წუთით ადრე ავთანდილ ჭრიკიშვილსაც (81 კგ) შეეძლო, მაგრამ მიზნამდე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაღა დააკლდა – ფინალში უზბეკმა იახიო იმამოვმა კონტრ-ილეთით ბეჭებზე დასცა. გადამწყვეტ შეხვედრამდე ჭრიკიშვილმა ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ტურნირში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, სადაც სერბი ალექსეი ნეფედოვი დააიპონა. ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოს ბოლო წუთზე შესრულებული ვაზარით სძლია, რომელიც მსაჯმა თავიდან იპონად შეუფასა და შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ვაზარითვე გაუსწორდა ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერსაც. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი იაპონელ კეიტა ნაგაშიმას შიდოთი აჯობა. პარიზული ვერცხლით ავთანდილ ჭრიკიშვილი პირად რეიტინგს 300 ქულას შემატებს.
დღესვე კიმონო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ ოთხმა წევრმა მოირგო და მათგან, შედარებით შედეგიანად დავით ლორიაშვილმა (100 კგ) იჭიდავა - შეჯიბრება ებრაელი ორ სასონის იუკოთი ძლევით გახსნა, რითაც გასულ უქმეებზე თბილისში ჩატარებული “ევროპის ღია ტურნირის” ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის აიღო რევანში. მერვედფინალში, ფრანგ ტიერი ფაბრესთან პირველსავე წამებზე იუკო გაუშვა და შეხვედრა სათავისოდ მეოთხე წუთზე, ვაზარით შეატრიალა. უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა ბეწვის ხიდზე კი გაიარა. ბოლო ნახევარ წუთში მსაჯისგან პასიურობისთვის 3 შიდო მიიღო.
ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დავით ლორიაშვილმა შვედ მარტინ პაცეკთან წაგებით დაკარგა. ცნობისთვის, ამ ძიუდოისტმა ჩვენებურთან დაჭიდებამდე ტურნირს უმთავრესი ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი უზბეკი, რამზიდინ საიდოვი გამოთიშა “დიდ სლემს. დამამშვიდებელ ეტაპზე ლორიაშვილმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა - იაპონელ იუსუკე კუმაშიროსთან ვერაფერს გახდა და ტურნირი მე-7 ადგილით დაასრულა.
ლაშა გურული (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ) ტატამზე ერთადერთხელ გავიდნენ. გურულმა ალჟირელ ლიეს ბუიაკუბთან წმინდად წააგო. ზაქარიაძემ ყაზახი რუსლან აბდრაზაკოვისგან ყველა ილეთი გაუშვა - ვაზარ-იუკოს შემდეგ, შეხვედრის ბოლო წამებზე მტკივნეულით წააგო. თბილისური ტურნირის ჩემპიონ ადამ ოქრუაშვილისთვის კი დაუძლეველი ბარიერი მონღოლი სუგარიარგალ ბოლდპურევი აღმოჩნდა.
მამაკაცთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მხოლოდ საფრანგეთს და მონღოლეთს ჩამორჩა. შეგახსენებთ, ლიპარტელიანისა და ჭრიკიშვილის გარდა პარიზულ კვარცხლბეკზე 60 კილოგრამში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი ავიდა – მესამე საფეხურზე.
“დიდ სლემს” ტრადიციულად, პარიზის ერთობლივი შეკრება მოჰყვება და მასში ქართველი ძიუდოისტებიც ჩაერთვებიან. ტურნირზე ნაჭიდავები 12 სპორტსმენის გარდა, წვრთნებში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც ჩაერთვება.

ძიუდო
დიდი სლემი
პარიზი
9-10 თებერვალი


60 კგ
1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2 ჯინ მინ იანგი (სამხრეთ კორეა)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
7 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)

66 კგ
1 დავიდ ლაროშე (საფრანგეთი)
2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)
3 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)
3 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)

73 კგ
1 ცაგაანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი)
2 ბრუნო მენდონსა (ბრაზილია)
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)
3 შოჰეი ონო (იაპონია)
7 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

81 კგ
1 იახიო იმამოვი (უზბეკეთი)
2 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
3 კეიტა ნაგაშიმა (იაპონია)
3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)

90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 ეშლი გონზალესი (კუბა)
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
3 ჰიროტაკა კატო (იაპონია)

100 კგ
1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)
3 კილირ მარე (საფრანგეთი)
7 დავით ლორიაშვილი (საქართველო)

+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა)
3 რიუ შიშინოე (იაპონია)

გუნდური ჩათვლა. კაცები
                            ო    ვ    ბ    V    VII

1 საფრანგეთი     2    0    1    4    3
2 მონღოლეთი    1    2    0    0    1
3 საქართველო   1    1    1    0    3
4 იაპონია              1    0    5    1    0
5 უზბეკეთი         1    0    1    1    2
6 ჩეხეთი               1    0    0    0    0
7 სამხრეთ კორეა 0    2    2    0    1
8 ბრაზილია         0    1    1    2    0
9 კუბა                    0    1    0    1    0
10 ჰოლანდია       0    0    2    0    0

ოთარ მაღლაკელიძე
 

ვიდეო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097374