20-21 მარტს, ანთალიაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე – “ევროპის თასზე” საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თურქულ ტატამზე 3 ქართველი გოგონაც გავიდა და ბევრისთვის მოულოდნელად, ერთი მათგანი ჩემპიონი გახდა.
ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ჩოჩიშვილმა ანთალიაში 19 შეგირდი ჩაიყვანა. საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტების გარდა, 3 ძიუდოისტი ტურნირზე საკუთარი ხარჯით გაემგზავრა. ევროპის თასი წაუგებლად მიხეილ მეზურნიშვილმა (60 კგ), თამაზ ონიანმა (73 კგ), ლაშა ტაველურმა (81 კგ) და უშანგი გასიტაშვილმა (+90 კგ) ჩაამთავრეს. ომარ ნიაზაშვილი (55 კგ) მეორე ადგილზე გავიდა. ბრინჯაოს პრიზიორები კი გახდნენ – მიშიკო იმერლიშვილი (50 კგ), ზაზა როსტომაშვილი (55 კგ), თომა თავზარაშვილი, პავლე ქავთარაძე (ორივე 66 კგ), ზაურ მამარდაშვილი (73 კგ), ილია ოტიაშვილი (81 კგ) და კარლო ნემსიწვერიძე (+90 კგ).
ქალთა ნაკრების თავკაცმა გია თენაძემ კი მონაწილე გოგონებს ევროპის თასამდე უცხოური შეკრება გაატარა და მშვენიერი შედეგიც მოიმკა - +70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელენე ქებაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
2010 წლის სეზონზე ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი არ გაიმართება. ევროპირველობას 25-27 ივნისს, პრაღა უმასპინძლებს. ანთალიური ტურნირი საქართველოს ნაკრებისა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა მიერ შედგენილი წინასაევროპო მოსამზადებელი გეგმის პირველი ნაწილია. რამაზ ჩოჩიშვილის ამასწინანდელი განაცხადის თანახმად, თურქული ტურნირის დასრულების შემდეგ დუშეთის შეკრება ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები მიიღებენ. შეკრებას 24-26 აპრილს, ტეპლიცეში გასამართი ევროპის თასი მოჰყვება. ნატურნირევს კი კიდევ ერთი დუშური შეკრებაა დაგეგმილი.
ოთარ მაღლაკელიძე







