მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკის ნორვეგიელი მაგნუს კარლსენის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯობავას ჟურნალისტთა ნამდვილი შეტევის მოგერიება მოუხდა, ოლიმპიადის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტი კი ბაადურს მის მწვრთნელ თამაზ გიორგაძესთან ერთად გაესაუბრა.
- თამაზ, თუ ელოდით, რომ ბაადური კარლსენის დამარცხებას მოახერხებდა?
გიორგაძე: ბაადურს ნებისმიერ მეტოქის ძლევა შეუძლია, თუკი, იგი შესაბამის ფორმასა და განყობაზე იმყოფება. შეხვედრის წინ, ვთხოვე, რომ მშვიდად ემოქმედა. სხვა თუ არაფერი, კარლსენის წინააღმდეგ თამაშობდა და მანამდე პარტიაც წაგებული ჰქონდა. თუმცა, ჯობავას გადარწმუნება ძნელია – საყაიმო სიტუაციაშიც კი, იგი შეტევისთვის შანსს ეძებს. მაგნუსთან დაპირისპირების დროსაც, მან დაახლოებით თანაბარ სიტუაციაში რამდენიმე ძლიერი სვლა განახორციელა და მეტოქე ჩიხში მოაქცია. ამის შემდეგ კი, ჩვენი ნაკრების ლიდერს ნერვიულობის მიზეზი აღარ მოუცია – ფრე გარანტირებული გვქონდა და მოგებაზე ფიქრიც შეგვეძლო.
- ბაადურ თავად გქონდათ იმედი, რომ კარლსენის ძლევას შეძლებდით? იგი ხომ წელიწადში ერთ-ორ პარტიას აგებს...
ჯობავა: წინა ტურში მექსიკელთან მარცხის შემდეგ, საკმაოდ აგრესიულად ვიყავი განწყობილი, თუმცა, ვცდილობდი, ჩემს თანაგუნდელებს ეს არ შეემჩნიათ. გადავწყვიტე, საკუთარი სიამოვნებისთვის მეთამაშა, ამასთან ვცდილობდი, ისეთი სიტუაცია შემექმნა, რომელშიც ყაიმის გაფორმება აღარ გამიჭირდებოდა. სწორედ ამ მომენტში კარლსენმა საკუთარი შანსები გადამეტებულად შეაფასა და გამარჯვებაზე თამაში დაიწყო. მაგნუსმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სვლა ვერ შეამჩნია, რის შემდეგაც ჩემს მიერ დაგებული ხაფანგიდან თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა. საერთო ჯამში, ბედნიერი ვარ. ხშირად ხომ არ მეძლევა საშუალება მსოფლიოს პირველ ნომერს დავუპირისპირდე და მითუმეტეს, მისი დამარცხება შევძლო.
- კარლსენს საერთოდ არ უფრთხოდით თუ უბრალოდ, მისი სუსტი მხარები იცოდით?
ჯობავა: უნდა აღვნიშნო, რომ აქამდე მაგნუსთან საყაიმო ანგარიში მქონდა. ორჯერ ფრე გავაფორმეთ, ერთხელ მან მაჯობა, ერთხელაც კი გამარჯვება მე დამრჩა. სხვა საქმეა, რომ ბოლო დაპირისპირება შორეულ 2005 წელს გვქონდა. ცხადია, რომ მას შემდეგ კარლსენმა საგრძნობლად მოუმატა. რაც შეეხება სუსტ მხარეებს, ისინი ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, კომპიუტერსაც გააჩნია. მეორეს მხრივ, ამ სისუსტეების მოძებნა ისეთი უნივერსალისთვის, როგორიც მაგნუსია, ძალიან ძნელია. თანაც, როდესაც ამისთვის სრული ერთი დღეც კი არა გაქვს. ამიტომაც, მე მას უბრალოდ ჭადრაკი ვეთამაშე.
- ოლიმპიადა გადამწყვეტ ფაზაში შედის, თქვენ კი ფავორიტებთან გაჯიბრება მოგიწევთ...
ჯობავა: ყველასთან თამაშისთვის მზად ვარ და არაფრის მეშინია. გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, გამარჯვება კი უძლიერესს დარჩება.
- პირველ დაფაზე თამაში უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. კრამნიკთან, ივანჩუკთან და სხვებთან ჭიდილი იოლი არ უნდა იყოს...
ჯობავა: უფრო ძლიერ და გამოცდილ მოჭადრაკეებთან თამაშის ბავშვობიდან არ მეშინოდა. შესაძლებელია, პროფესიონალად ქცევაში ეს ფაქტორიც დამეხმარა. თანაც, სადღეისოდ, აღიარებულ გრანდებთან ჭიდილის საკმაოდ გამოცდილება მაქვს, ამდენად, საშიში არაფერია.
- ხანტი-მანსიისკში ბოლო ვიზიტის შემდეგ, თქვენს პირად ცხოვრებაში რა შეიცვალა?
ჯობავა: ერთი წლის განმავლობაში, მსოფლმხედველობა საკმაოდ შემეცვალა. ჩემს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა მოხდა – უკრაინელი გოგონა გავიცანი, რომელიც უკვე ჩემი მეუღლეა. ის ერთ-ერთ საჭადრაკო ტურნირზე ვნახე, სადაც გულშემატკივრის რანგში იყო ჩამოსული. ახლა, შვილს ველოდებით. იმის გააზრება, რომ ოჯახი მყავს, დამატებით ძალებს მმატებს.







