საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის დიდი პრიზი ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა გერმანიაში ნაკრების 13 კანდიდატით დაკომპლექტებული გუნდი იახლა და მათგან კვარცხლბეკზე მხოლოდ მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი ავიდა.
ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს, ხანჯალიაშვილი ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონთან, ეგვიპტელ ისლამ ელ შეჰაბისთან წუთნახევარში დავარდა იპონზე და დებულების თანახმად, პირდაპირ მე-3 ადგილი დაიკავა. იქამდე, ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელი მატიას შმუნკი 3 წუთსა და 21 წამში გააკრა ტატამს, რუს რენატ საიდოვს კი სულ რაღაც 25 წამი აკმარა.
იმავე ელ შეჰაბიმ, მეოთხედფინალში, ლაშა გუჯეჯიანი დააიპონა და ამისთვის კიდევ უფრო ნაკლები დრო, სულ რაღაც 41 წამი იკმარა. გუჯეჯიანი წლეულს საერთაშორისო არენაზე პირველად გამოჩნდა, შარშან დეკემბერში, ქუთაისურ საქართველოს პირველობაზე მიღებული ტრავმის შემდეგ. გერმანული დიდი პრიზი მან ყაზახ იერჟან შინკეიევის წმინდად ძლევით გახსნა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მეოთხედფინალშივე გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას დავით ლორიაშვილიც (100 კგ) და მანაც მომავალ ჩემპიონთან დაკარგა სამეულის შანსი. მონღოლი ტემუულენ ბატულგასა და რუმინელი დანიელ ბრატას ვაზარებით ძლევის შემდეგ, ტაკამასა ანაის მხოლოდ წუთნახევარი გაუძალიანდა.
100 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ზურაბ ზვიადაურმაც იჭიდავა და უნგრელი დანიელ ჰადფი მეოთხე წუთზე იპონით ჩამოიცილა, მერვედფინალში კი ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელთან, ელკო ფან დერ ხესტთან 26 წამში თავად დავარდა ბეჭებზე.
ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ლატვიელ აიგარს მილენბერგსს წმინდა გამარჯვებით გასცდა, მაგრამ მეორე წრეში ერთი კვირის წინანდელი ავსტრიის მსოფლიოს თასის ჩემპიონ დაიკი ნიშიამასთან დაძაბულ ბრძოლაში იუკოთი წააგო. ნიშიამა დიუსელდორფშიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამავე წონაში, საბა გავაშელიშვილმა პირველსავე წრეში წაიფორხილა, ბელგიელ კრისტოფ ვან დიკთან.
81 კილოგრამში, იოსებ წელაურმა, ლუქსემბურგელი დენის ლეიდერი 2 წუთში გააკრა ტატამს, მაგრამ მერე თავისზე ბევრად გამოცდილ მეტოქესთან, ბრიტანელ იან ბარტონთან თანაბარ შეხვედრაში იუკოთი დამარცხდა.
ბოლო-ოთხი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები დიუსელდორფის დიდ პრიზში მეორე დღეს – 21 თებერვალს ჩაერთნენ. 20-ში კი მედლები პირველ-სამ წონაში გათამაშდა და ექვსმა ქართველმა ისე ჩაიჭიდავა, ვერც ერთმა მათგანმა მეოთხედფინალშიც კი ვერ გააღწია.
ამირან ტოტიკაშვილის გუნდიდან შეჯიბრს პირველი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამბაკო ავალიანი გამოეთიშა. იგი პირველ წრეში გერმანიის სახელით მოჭიდავე იაპონელთან, სოშინ კაცუმისთან, ოქროს დროში, იუკოთი დამარცხდა. ამავე წონაში კიმონო თენგიზ პაპოშვილმაც მოირგო და დიდი პრიზი ყაზახი იერჟან აბდულაევის ვაზარითა და 2 იუკოთი ძლევით გახსნა. კენჭისყრამ პაპოშვილი მეორე წრეში დაასვენა, მერვედფინალში კი მომავალ ჩემპიონს, მონღოლ საინიარგალ ნიამ-ოჩირს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.
უმსუბუქეს წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ნესტორ ხერგიანმა და ბეთქილ შუკვანმა იჭიდავეს. ტურნირში ორივე პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო. ხერგიანმა ებრაელი იდო ელკაიამი ადვილად დაჩაგრა და ბოლო წამებზე იპონიც შეუსრულა. მერვედფინალში კი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან იუკოზე წამოეგო და რადგან თავად შეხვედრა უილეთოდ ჩაამთავრა, დიდ სლემს დაემშვიდობა. მერვედფინალშივე გადაეკეტა მედლის გზა შუკვანსაც. მან კანადელ ფრეზერ ვილთან ძირითად დროში 2-იუკოიანი უპირატესობა გაანიავა, ოქროს დროში კი სულაც, ბეჭებზე დავარდა. ვილის მომგებიანი ილეთი მთელი დღის განმავლობაში სილამაზით ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამ შეხვედრამდე შუკვანმა ყაზახი იერკებულან კოსაიევი 38 წამში ჩამოიცილა.
66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებისთვისაც მერვედფინალური ეტაპი გახდა გადაულახავი ბარიერი. თბილისის მსოფლიოს თასის მომგები შალვა ქარდავა ჰოლანდიელ ჯეისონ გავკეს ორწუთნახევარში, 2 ვაზარით გაუსწორდა, მაგრამ სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან ბრძოლაში, სულ რაღაც 1 წუთში, პარტერში ჭიდაობისას უწყინარ ეპიზოდში შებოჭვაზე წამოეგო. მიხეილ ხომიზურმა ეგვიპტელი აჰმედ ავადი სამწუთნახევარში ჩამოიცილა. რუმინელ დან ფასიესთან კი 2 იუკოთი წააგო.
მამაკაცების პარალელურად, დიუსელდორფში დიდი პრიზი ქალებმაც გაითამაშეს. საქართველოს ქალთა ნაკრებს ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია. ამირან ტოტიკაშვილის გუნდმა კი საბოლოო გუნდურ ჩათვლაში პოლონეთთან და ბრაზილიასთან ერთად მე-19 ადგილი დაიკავა. მხოლოდ მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში ქართველებმა გერმანელებთან და პოლონელებთან მე-10 ადგილი გაინაწილეს.
ძიუდო
დიდი პრიზი. დიუსელდორფი. 20-21 თებერვალი
კაცები
60 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
3 გვან-იუნ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღ.)
9 ნესტორ ხერგიანი (საქართველო)
9 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
66 კგ
1 ჰაშბაატარ ცაგაანბაატარი (მონღ.)
2 იუნ-ჰვან ანი (სამხრეთ კორეა)
3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
3 ლუის კორვალი (საფრანგეთი)
9 შალვა ქარდავა (საქართველო)
9 მიხეილ ხომიზური (საქართველო)
73 კგ
1 საინიარგალ ნიამ-ოჩირი (მონღ.)
2 ულან გურტუევი (რუსეთი)
3 ნავრუზ იურაკობილოვი (უზბეკეთი)
3 ჟოაო პინა (პორტუგალია)
9 თენგიზ პაპოშვილი (საქართველო)
27 ამბაკო ავალიანი (საქართველო)
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 იან ბარტონი (ბრიტანეთი)
3 რობერტ კრავჩუკი (პოლონეთი)
3 დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა)
17 იოსებ წელაური (საქართველო)
90 კგ
1 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
2 ხურშიდ ნაბიევი (უზბეკეთი)
3 ტიმურ ბოლატი (ყაზახეთი)
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
9 ვარლამ ლიპარტელიანი (საქ.)
17 საბა გავაშელიშვილი (საქ.)
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია)
2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
3 ლუჩიანო კორეა (ბრაზილია)
3 ელკო ფან დერ ხესტი (ჰოლანდია)
5 დავით ლორიაშვილი (საქ.)
9 ზურაბ ზვიადაური (საქართველო)
+100 კგ
1 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)
2 კეიჯი სუძუკი (იაპონია)
3 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქ.)
3 რობერტ ციმერმანი (გერმანია)
5 ლაშა გუჯეჯიანი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 ტომოკი ფუკუმი (იაპონია)
2 ჰარუნა ასამი (იაპონია)
3 ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)
3 პაულა პარეტო (არგენტინა)
52 კგ
1 სორაია ჰადადი (ალჟირი)
2 ჟოანა რამოში (პორტუგალია)
3 ილსე ჰეილენი (ბელგია)
3 მარენ კრაე (გერმანია)
57 კგ
1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3 ჰიტომი ტოკუჰისა (იაპონია)
63 კგ
1 კლაუდია მალზანი (გერმანია)
2 ანიჩკა ემდენი (ჰოლანდია)
3 ანი-ლორ პოლი (საფრანგეთი)
3 მარტა ლაბაზინა (რუსეთი)
70 კგ
1 მინა ვატანაბე (იაპონია)
2 იორიკო კუნიჰარა (იაპონია)
3 რასა სრაკა (სლოვენია)
3 კელიტა ზუპანჩიჩი (კანადა)
78 კგ
1 ჰეიდე ვიოლერი (გერმანია)
2 რუიკა სატო (იაპონია)
3 კაილა ჰარისონი (აშშ)
3 ნატალია კაზანცევა (რუსეთი)
+78 კგ
1 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)
2 ევა ბისენი (საფრანგეთი)
3 ფრანცისკა კონიტსი (გერმანია)
3 ლუსია პოლავდერი (სლოვენია)
გუნდური ჩათვლა
კაცები
1 იაპონია 2 2 0 2 0
2 მონღოლეთი 2 0 1 2 0
3 სამხ. კორეა 1 1 2 3 0
4 ეგვიპტე 1 0 0 1 0
5 უკრაინა 1 0 0 0 0
6 უზბეკეთი 0 1 2 1 0
7 რუსეთი 0 1 0 2 0
8 ბრიტანეთი 0 1 0 0 0
8 ჩეხეთი 0 1 0 0 0
10 საქართველო 0 0 1 2 0
10 გერმანია 0 0 1 2 0
10 პოლონეთი 0 0 1 2 0
13 საფრანგეთი 0 0 1 1 0
14 ბრაზილია 0 0 1 0 0
14 ბელგია 0 0 1 0 0
14 ყაზახეთი 0 0 1 0 0
14 პორტუგალია 0 0 1 0 0
14 სლოვენია 0 0 1 0 0
ოთარ მაღლაკელიძე







