ინდოეთის ორისას შტატში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილმა (2629) თერთმეტ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და მეცხრე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი ბელორუსი ალეკსეი ალეკსანდროვი (2628) გახდა, რომელმაც თავი 9.0 ქულას მოუყარა.
დასკვნით, მეთერთმეტე ტურში მჭედლიშვილმა შავი ფიგურებით ინდოელ ვენკატეშს (2463) სძლია და ეს, მისთვის მეექვსე გამარჯვება გახლდათ. მიხეილმა ოთხი პარტია ყაიმით დაასრულა, გადამწყვეტი კი, მეცხრე ტურში ინდოელ გროვერთან (2485) მარცხი გამოდგა. ამ წარუმატებლობამ მჭედლიშვილს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დააკარგვინა.
ცნობისთვის, მჭედლიშვილს ორისაში მეორე განთესვა ჰქონდა, პირველი რეიტინგით მოთამაშე სომეხმა ტიგრან პეტროსიანმა (2634) კი, 8.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.







