ფეხბურთი

13:15 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე და კაშია ჯერ არ გამოჯანმრთელებულან

იტალიის საფეხბურთო სერია A-ს მე-4 ტურში, “ემპოლიმ”, რომელშიც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირიცხებიან, სახლში “მილანთან” 2:2 ითამაშა.

მჭედლიძემ ვარჯიშზე მიღებული მარჯვენა წვივის ორთავა კუნთის ტრავმის გამო, სამატჩო განაცხადში არ იყო. მის მსგავსად შეყილაძეც განაცხადს მიღმა დარჩა. მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში ემპოლელმა ლორენცო ტონელიმ გახსნა, ხოლო 21-ეზე მანუელ პუკიარელიმ მეტოქის კარი მეორედ აიღო. 43-ე წუთზე, ფერნანდო ტორესმა საპასუხო გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე კეისუკე ჰონდამ დააფიქსირა. “ემპოლის” 2 ქულა აქვს და 20 გუნდში მეჩვიდმეტეა.

ჰოლანდიის თასის მე-2 რაუნდში “ვიტესმა” გასვლაზე ქვედალიგელ ვვსბ-ს 2:1 სძლია.  არნემელთა კაპიტან გურამ კაშია, რომელმაც ფეხის თითი მოიტეხა კვლავ არ უთამაშია.  ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა. “ვიტესმა” ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე რენატო იბარას გოლის წყალობით გაიმარჯვა.

დანიის ლიგის თასის მეორე რაუნდში, “ორჰუსმა” შინ “ჰობროს” დამატებით დროში 2:1 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ფორვარდი დავით სხირტლაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 77-ე წუთზე მათე ვაწაძემ შეცვალა. ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და “ორჰუსმა” გამარჯვების გოლი 98-ე წუთზე გაიტანა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-6 ტურში ბაქოს “ინტერის” ფორვარდმა ბაჩანა ცხადაძემ დუბლი შეასრულა. ბაქოელებმა სახლში თანაქალაქელ “ბაქის” 7:0 მოუგო და ცხადაძე თავი 44-ე (4:0) და 49-ე (5:0) წუთებზე გამოიჩინა. ის 64-ე წუთზე შეცვალეს. მცველებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად იასპარეზეს. მეკარე გიორგი ლომაია სათადარიგოებს შორის იჯდა. კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი “ინტერი” 10-გუნდიან ჩემპიონატს 13 ქულით ლიდერობს.

ბაქოს აზალ-ი “სუმგაითს” ესტუმრა და 1:0 აჯობა. მცველმა ლაშა კასრაძემ გამარჯვებულებში სრულად ითამაშა. აზალ-ი 7 ქულით მე-7 ადგილზეა.

ზაქათალის “სიმურგი”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის სტუმრად აგდამის “ყარაბაღთან” 0:1 დამარცხდა. ზაქათალელები 6 ქულით მე-8 პოზიციაზე არიან.

ბელარუსის ზედა ექვსეულის მე-2 ტურში, სოლიგორსკის “შახტიორმა” “ნაფტანს” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. განაპირა ნახევარმცველმა სანდრო გურულმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “შახტიორი” 38 ქულით მეოთხეა.

“გომელი” ჟოდინოში ადგილობრივ “ტორპედოსთან” 1:2 დამარცხდა. მცველი ზაზა ჭელიძე სტუმართა სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. “გომელი” 32 ქულით მეექვსეა.

ქვედა ექვსეულში, “ბელშინამ” “სლუცკს” უმასპინძლა და 2:1 აჯობა. ნახევარმცველი გიორგი მაღალდაძე მასპინძელთა შემადგენლობაში 85-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ფორვარდი უჩა გოგოლაძე თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. “სლუცკი” 28 ქულით ქვედა ექვსეულში მეორეა, ხოლო “ბელშინა” 22 ქულით მეოთხე.

მოგილიოვის “დნეპრმა” საკუთარ კედლებში ბრესტის “დინამოს” 1:0 მოუგო. მცველმა ნიკა მნათობიშვილმა გამარჯვებულებში ორი ტაიმი იასპარეზა. “დნეპრი” 16 ქულით ბოლოა.

ლატვიის ვირშლიგაში (უმაღლესი ლიგა) თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, რიგელები იურმალაში “სპარტაკსთან” 0:1 დამარცხდნენ. მცველი ლაშა დვალმა “სკონტოში” პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი განაცხადში არ იყო. ფორვარდი მიხეილ როსტიაშვილი “სპარტაკსში” 83-ე წუთზე გამოჩნდა.  “სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 67 ქულით ლიდერობს, ხოლო იურმალელები 44 ქულით მე-6 პოზიციაზე არიან.

“ვენტსპილსმა” შინ “მეტტას” 2:1 სძლია. ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი მასპინძელთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ვენტსპილსი” 64 ქულით მეორეა.

“იურმალა” გასვლაზე რიგის “დაუგავასთან” 1:3 დამარცხდა. ნახევარმცველმა გიორგი დიაკვნიშვილმა იურმალელებში ორი ტაიმი იასპარეზა. “იურმალა” 9 ქულით ბოლოა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 29-ე ტურში, ტურკუს “ინტერმა” სახლში “ჰონკას” ვერ მოუგო – 2:2. თავდამსხმელმა ირაკლი სირბილაძემ ტურკუელებში შეუცვლელად ითამაშა. “ინტერი” 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში ლუცკის “ვოლინი” კიევში “დინამოსთან” 1:4 დამარცხდა. ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ლუცკელებში ორი ტაიმი ჩაატარა. “ვოლინი” 9 ქულით 14 გუნდში მეშვიდეა.  

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში ფამაგუსტას “ანორთოსისი” სტუმრად “ერმისთან” 0:2 დამარცხდა. ნახევარმცველებმა გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ ფამაგუსტელებში თავიდან ბოლომდე იასპარეზეს. “ანორთოსისი” 3 ქულით 12 გუნდში მეათეა.

“ოთელოსმა” თავის მოედანზე “დოქსას” 2:0 აჯობა. მეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე გაისარჯნენ. ელგუჯა გრიგალაშვილს დისკვალიფიკაციის მიზეზით არ უთამაშია. “ოთელოსი” 4 ქულით მერვეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში, ბიალისტოკის “იაგიელონია” სტუმრად “ლეჩნას” დაუზავდა – 0:0. ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. “იაგიელონია” 14 ქულით 16 გუნდში მეექვსეა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში “საქსანმა” შინაურ კელდებში “ტირასპოლს” 2:0 სძლია. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილი გამარჯვებულებში სრულად გაისარჯა. “საქსანი” 16 ქულით 11 გუნდში მეორეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116356