ტაშკენტის “ფახთაქორის” კაპიტანმა კახა მახარაძემ უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში გაიტანა. მე-16 ტურში, ტაშკენტელებმა სტუმრად “ქიზილქუმი” 4:1 დაამარცხეს. ქართველმა ნახევარმცველმა 71-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:1 გახდა. მან შეუცვლელად იასპარეზა. გიორგი კვესიეშვილმა სტუმრებში 90 წუთი დაჰყო. “ფახთაქორი” 42 ქულით 14 გუნდში მეორეა, ხოლო “ქიზილქუმი” 17 ქულით – მეათე.
უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურში, დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” სტუმრად ზაპოროჟიეს “მეტალურგი” 1:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა. თუმცა, წინა ტურისგან განსხვავებით, მოედანზე გასვლის შანსი მაინც მისცეს და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. “დნიპროს” 12 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
დონეცკის “ოლიმპიკმა” თანაქალაქელ “შახტართან” შინ 0:5 წააგო. “ოლიმპიკი” პირობითი მასპინძელი იყო, რადგან თამაში კიევში ჩატარდა. უკრაინის მოქალაქე მეკარე ზაურ მახარაძე დამარცხებულთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. არადა, განვლილ სეზონში, როდესაც “ოლიმპიკი” პირველ ლიგაში თამაშობდა, წარმოშობით ქართველი მეკარე სტაბილურად ასპარეზობდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ხვდებოდა. “ოლიმპიკი” 4 ქულით მეშვიდეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში ბიალისტოკის “იაგიელონია” შინ ვარშავის “ლეგიასთან” 0:3 დამარცხდა. შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე მასპინძელთა სასტარტოში არ იმყოფებოდა და თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. ლადო დვალიშვილმა ვარშავული კლუბი დატოვა და კარიერას დანიის “ოდენსეში” აგრძელებს.
ბელარუსის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურში, სოლიგორსკის “შახტიორი” გასვლაზე “ბელშინასთან” უქულოდ დარჩა – 1:2. განაპირა ნახევარმცველმა სანდრო გურულმა სოლიგორსკელებში მეორე ტაიმი ითამაშა. “შახტიორი” 32 ქულით 12 გუნდში მეოთხეა.
ლიტვის A ლიგის 23-ე ტურში, “თრაკაიმ” შინ “შიაულიაის” 3:1 აჯობა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ნიკა აფაქიძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. “თრაკაის” 43 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა.
კლაიპედას “გრანიტასი” სტუმრად “დაინავას” დაუზავდა – 0:0. გიორგი ალავერდაშვილი კლაიპედელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო, ხოლო თამაზ ჩარგეიშვილმა გუნდი დატოვა. “გრანიტასი” 26 ქულით მეშვიდეა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, იოხვის “ლოკომოტივმა” სახლში ტალინის “კალევს” 1:0 აჯობა. ლაშა ნავერიანი გამარჯვებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და 61-ე წუთზე შეცვალეს. უკრაინის მოქალაქე კოტე ალანიამ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. მან 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ლოკომოტივი” 8 ქულით ბოლო ადგილზეა.







