ინტერვიუები

10:19 | 27.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

მათიას ზამერი: "მუნდიალზე წარმატებით გამოსვლაზე ფიქრი თამამად შეგვიძლია"

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ გერმანიას ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდა, თუმცა, ისიც რეალობაა, ბოლოხანს ქვეყანაში ტალანტების სიმცირე რომ შეიმჩნევა. ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული გეგმა ოთხიოდე წლის წინ შეიმუშავა, როცა 2006-ის პირველ აპრილს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ტექნიკურ დირექტორად ახლო წარსულის ცნობილი და წარმატებული მოთამაშე და მწვრთნელი მათიას ზამერი დანიშნა. ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაბადებულ-აღზრდილ ფეხბურთელს 12-დან 21 წლამდე მოთამაშეთა ნაკრებებისა და გუნდების კურირება დაევალა. ზამერმა სამწვრთნელო თეორიის კიდევ უფრო წინ წასასვლელად მუშაობაში სამეცნიერო მიდგომა დანერგა და შედეგსაც არ დაუხანებია –გერმანიის 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს. ეს ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელებმა დამაჯერებლად გააკეთეს და რაც მთავარია, ამ ასაკობრივ ნაკრებებში ბევრმა ისეთმა მოთამაშემ იასპარეზა, რომელთა იმედი გერმანული ბუნდესლიგის წამყვან გუნდებსა და ეროვნული ნაკრების დამრიგებლებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ. პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა “შპორტბილდმა” წარსულში ცნობილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს გაწეული სამუშაოს შეჯამება სთხოვა, ზამერმა კი გულწრფელად აღიარა, რომ გერმანული ფეხბურთის ძველებურ სიმაღლეზე ასაყვანად კიდევ საკმაო დროა საჭირო და ტიტანური მოცულობის სამუშაოა გასაწევი. ჰერ მათიასის აღიარებით, მასსა და მისი თაობის ფუნქციონერებს  მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ, რაც ათწლეულის განმავლობაში სათანადო რეზერვის მომზადების საქმეში დაშვებული უხეში შეცდომების პირდაპირი შედეგია.
- მოღვაწეობის 4 წლის თავზე თქვენს მიერ გაწეულ სამუშაოს რა შეფასებას მისცემდით?
- საფეხბურთო ცვლის მომზადების პროცესი კარდინალურად შევცვალეთ და იგი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ. შეიკრა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებით ნიჭიერი, დამწყები მოთამაშეების შესაძლებლობათა სრულად გამოვლენაზე ზრუნვა ევალებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გერმანიის ნაკრების ყველა ასაკობრივ ჯგუფში “ერთი და იმავე ფილოსოფიის” მიმდევარი ფეხბურთელები უნდა მოხვდნენ. ახალგაზრდა მოთამაშეების ეგრეთ წოდებული საფეხბურთო მაჩვენებლის ანალიზი ხდება და კვლევის შედეგი სპეციალისტთა დიდი წრის მსჯელობის საგანია. ამასთან, იუნიორთა და ახალგაზრდულ ნაკრებთა ყველა მატჩი ვიდეოფირზე იწერება და თავად ფეხბურთელთა დასწრებით მიმდინარეობს ნებისმიერი ნიუანსის გარჩევა. ეს ერთადერთი მიზნით კეთდება – მოთამაშემ უნდა იცოდეს, როდის და რა სახის შეცდომა დაუშვა და რას ითხოვს მისგან მწვრთნელი. თანაც, ჩვენი მოღვაწეობის ორიენტირად გერმანულ ნაკრებებში შემტევი ფეხბურთის სამარადჟამოდ დამკვიდრება განვიზრახეთ. ვფიქრობ, საერთო მცდელობით დასახულ მიზანს მივაღწევთ.
- “საფეხბურთო პიროვნებების” ნაკლებობაზე ამახვილებდით ყურადღებას. ამ პრობლემის გადაწყვეტას რა მეთოდით აპირებთ?
- 15-16 წლის ბიჭებს ლიდერის თვისებები უნდა ჩამოვუყალიბოთ და გავუღრმავოთ. უპირველესად პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას ვგულისხმობ. თუკი ლიდერად ადრეულ ასაკში არ ჩამოყალიბდი, შემდეგ ყველა მცდელობა ფუჭი იქნება. ნებისმიერ გუნდში უნდა იყოს 4-5 ფეხბურთელისგან შემდგარი ღერძი, გნებავთ, ხერხემალი დაარქვით. ყოველ რგოლს თავისი წინამძღოლი სჭირდება.
- იურგენ კლინსმანისა და იოაჰიომ ლიოვის მეთაურობით ბუნდესნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის პირველობების პრიზიორობა მოიპოვა. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტურნირის ჩაგდების შემდეგ, ეს შედეგი ყველამ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა...
- ბოლოხანს მიღწეულმა წარმატებებმა ნაკლოვანებებზე თვალი არ უნდა აგვიხვიოს. ჩვენ ხომ პრაქტიკულად მთელი თაობა “ჩავაგდეთ”. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შედარებით ასაკოვანთა შორის ავტორიტეტული ადამიანები ნაკლებად არიან, გუნდში ვითარება იძაბება.
- რამდენად პრიორიტეტულია მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა?
- ჩემი ღრმა რწმენით, გერმანიის ნაკრები იმ სიმაღლეზეა, თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ სამხრეთ აფრიკაში წარმატებით გამოსვლაზე. თუკი ეს მოხდა, ჩვენს ფეხბურთში ძლიერი პიროვნებების ჩამოყალიბების პროცესი ერთიორად დაჩქარდება.
- ქუჩის ფეხბურთის განვითარება განიზრახეთ. ამას როგორ მოახერხებთ?
- 10-11 წლის ბიჭუნებს ლაღი თამაშის საშუალება უნდა მივცეთ. ჩემი ღრმა რწმენით, მათ ძალიან ადრე ჩავჩიჩინებთ კოლექტიური ასპარეზობის პრინციპებს, ზედმეტად ვტვირთავთ ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების შესწავლით. ფიზიკური მომზადების პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა კი, შესაძლოა, ჭაბუკებს ფეხბურთზე გული აუცრუოს. ყოვლად დაუშვებელია, 10 წლის მოზარდი დიდ მინდორზე “შევაგდოთ” და ხისტი ტაქტიკური სქემების მარწუხებში მოვაქციოთ. ყოველივე ამის შემდეგ კი გვიკვირს, რომ პროფესიულ კლუბებში მისულ მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა მინდორზე შეზღუდულად, სწორხაზოვნად აზროვნებს და მათ თამაშში ახალგაზრდული სილაღე არაა. ქუჩის ფეხბურთის უპირველესი პლუსი კი სწორედ სწრაფი აზროვნებისა და ტექნიკის განვითარებაა. ამ დროს ხომ ბიჭები ერთმანეთს ხშირად სამი-სამზე ან ოთხი-ოთხზე მცირე გაბარიტების მოედანზე უპირისპირდებიან, რაც ფეხბურთისთვის აუცილებელი კომპონენტების სრულად ათვისებას უწყობს ხელს.
- ბავშვთა ფეხბურთის განვითარება კარგად მომზადებული მწვრთნელების გარეშე შეუძლებელია...
- ყოველ კუთხეში გაიძახიან, სათანადო რეზერვის აღსაზრდელად ბავშვთა ფეხბურთში საუკეთესო ძალები უნდა გადავისროლოთო, მაგრამ ამ მიმართულებით უკანასკნელ პერიოდამდე თითს თითზე არ აკარებდნენ. უპირველესად საბავშვო დამრიგებელთათვის კარგი სამუშაო პირობების შექმნას ვგულისხმობ. კავშირში სპორტულ დირექტორად დანიშვნის დღიდანვე ვცდილობ, ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებში მომუშავე მწვრთნელებს მაღალი ანაზღაურება დაენიშნოთ. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა, ჯამაგირის გაზრდის პროგრამა ეტაპობრივია და დამრიგებლებს პირობები ყოველწლიურად გაუუმჯობესდებათ. პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბებს სარეკომენდაციო წერილებით მივმართეთ და შტატში ახალგაზრდა მოთამაშეთა მწვრთნელის აყვანა ვურჩიეთ. რამდენიმე კლუბმა ჩვენი თხოვნა ყურად იღო, რამდენიმეს კი ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტი ისედაც ჰყავდათ.
- როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ყველაზე მეტად რა გადარდებთ?
- ბევრი რამ. მაგალითად, პოლიტიკოსთა სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ისინი ფეხბურთზე ფიქრით იძინებენ და იღვიძებენ. სამწუხაროდ ასე არაა. რაღაც ვერ ვამჩნევ, რომ პოლიტიკოსები გერმანულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებით ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი და მისი განვითარების პასუხისმგებლობასაც გრძნობდნენ. ვერაფრით მივაღწიეთ, რომ სკოლებში დაწყებითი ფიზიკური მომზადების მოცულობა გაიზარდოს და რაც მთავარია, ხარისხი გაუმჯობესდეს. საყვედური ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსაც ეკუთვნით. მსხვილი კონცერნები შედარებით ნაკლები მნიშვნელობის პროექტებს აფინანსებენ. უმთავრესი კი ისაა, რომ მათ “საფეხბურთო საქმიანობის” კოორდინაციას არავინ უწევს და უმეტესწილად ბიზნესმენთა კაპიტალი წვრილმანი საქმეების მოგვარებას ხმარდება.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091368