გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტი აიღო BNP Paribas Masters-მა, რომლის საპრიზო ფონდიც 2427925 ევროა, ტურნირის გამარჯვებული კი 1000 სარეიტინგო ქულასთან ერთად 479000 ევროთიც გაამდიდრებს საკუთარ ბიუჯეტს.
წარმატებული გამოდგა გუშინდელი დღე ფრანგ ჩოგბურთელთათვის. პირველი ასპარეზობაში 30 წლის ჟულიენ ბენეტო ჩაერთო, რომლის მოწინააღმდეგეც სერბი ვიქტორ ტროიცკი გახლდათ. კარიერის განმავლობაში ტრავმებით გატანჯულმა ფრანგმა ჩოგბურთელმა ოთხჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, მისმა მეტოქემ - მხოლოდ ორჯერ და სწორედ ამ კომპონენტის ხარჯზე მოახერხა ჟულიენმა შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება - 6:4, 7:5.
კორტების კიდევ ერთ მასპინძელ ჟილ სიმონს გაცილებით უფრო სერიოზული მეტოქე ყავდა კვიპროსელი მარკოს ბაგდატისის სახით. მატჩის პირველი სეტი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა პარტიის ბოლოსკენ ბაგდატისს მცირე ჩავარდნა დაეწყო, ვინც ბოლო გათამაშებული 21 ქულიდან მხოლოდ 4-ის მოგება შეძლო. შესაბამისად, ფრანგმა ბრეიკი შეასრულა და სეტიც სათავისოდ დაიტოვა - 7:5. მეორე პარტიაც სიმონის უპირატესობით დაიწყო, ვინც საწყის გეიმშივე გაახერხა ბრეიკი - 3:0. შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა მომენტი, როდესაც 1:3-ზე ბაგდატისმა მეტოქის ჩაწოდებაზე 2 ბრეიკპოინტი მიიღო, თუმცა ვერ გამოიყენა ბოძებული შანსი და შემდეგ უბრძოლველად დათმო მატჩიც - 5:7, 1:6.
პირველი სათამაშო დღის უკანასკნელ შეხვედრაში ერთმანეთს ახალგაზრდა ფრანგი ბენუა პერი და ესპანელი პაბლო ანდუხარი დაუპირისპირდნენ. მატჩი პერის უპირატესობით წარიმართა და ძალიან დიდი რაოდენობის ბრეიკპოინტების ფონზე, ფრანგმა პირველ სეტში მხოლოდ ორჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და პარტია 6:3 მოიგო. მეორე სეტიც მისი უპირატესობით დაიწყო: 5:1 დაწინაურდა, თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ ერთ-ერთ გათამაშებაში ბენუამ დამცინავი დარტყმით მოიგო ქულა, რაზეც ძალიან გაბრაზდა ანდუხარი. ესპანელმა კონცენტრაცია მოახერხა და ზედიზედ სამი გეიმი აიღო, თუმცა მეტზე ძალა აღარ ეყო, საბოლოოდ კორტების მასპინძელმა მაინც შეძლო გამარჯვება - 6:3, 6:4.
გიორგი ბარბაქაძე







